თუ კოსმეტიკაში სინთეტიკური კომპონენტების მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილნი და ეფექტურ მოვლის საშუალებას ეძებთ, გამოსავალი ერთია: მოამზადეთ სახის ნიღაბი სახლის პირობებში. შეგახსენებთ, რომ მარტივ პრობლემებს და ზოგიერთი სიმპტომის შემსუბუქებას საშინაო ნიღაბი სრულებით გაუმკლავდება, მაგრამ, სახის ღრმა ფენაში შეღწევას ნამდვილად ვერ შეძლებს. გახსოვდეთ, რომ რომელიმე ინგრედიენტმა შესაძლოა ალერგია ან გაღიზიანება გამოიწვიოს. გასინჯეთ ის ჯერ ფრჩხილთან. დაიდეთ და დაუცადეთ 30 წუთი. თუ კანი არ გაწითლდა, წაისვით სახეზე.
შვრიის ნიღაბი/სკრაბი: კანიდან მკვდარი უჯრედების გასასუფთავებლად, აურიეთ შვრია ცხელ წყალთან ფაფის მიღებამდე. გამოიყენეთ წვრილად დაფქული ფანტელები. ნუ წაისმევთ ამგვარ სკრაბს აქტიური ანთების დროს.
კიტრის ნიღაბი: თუ სეზონებს შორის სახეზე შეგემჩნევათ ქავილი, სიმშრალე, მუქი ელფერი, მოირგეთ ნიღაბი ქორფა კიტრისგან. რეცეპტი მარტივია: დაჭერით კიტრი ნაჭრებად და დაიდეთ სახეზე, მათ შორის თვალების ქვეშაც. მას შემდეგ, რაც ნიღაბს ჩამოიხსნით, ჯანსაღი ელფერი და დატენიანებული კანი დაგხვდებათ.
მკვებავი კრემი ბანანისგან: დაჭყლიტეთ ბანანის სირბილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაიდეთ სახეზე 30 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი.
ვიტამინირებული ნიღაბი გოგრისგან: თუ შემოდგომაზე ფიქრობთ, რომ თქვენს სახეს ვიტამინები აკლია, ეს ნიღაბი სცადეთ. გაასუფთავეთ გოგრა ქერქისგან, გახეხეთ, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და კვერცხის გული. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჯანსაღი იერი გარანტირებულია!
ანტიოქსიდანტური ნიღაბი ძახველით: გარეცხეთ 1 ჭიქა ძახველი ცხელი წყლით, დაჭყლიტეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 ს.კ. სახამებელი. მიღებული მასა დაიდეთ გასუფთავებულ კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ნიღაბი თქვენს კანს დაბერებისგან დაიცავს და გაათეთრებს.