ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის, რისთვის ვაკეთებ ყველაფერს, და განსაკუთრებით ბოლო დროს ვხვდები, რომ ბედნიერებისთვის ვშრომობ და ეს შრომა სიყვარულით იწყება. უპირველესად კი შენი თავი უნდა შეიყვარო, რადგან სწორედაც რომ საკუთარი თავის პატივისცემითა და დაფასებით უნდა დავიწყოთ. თუ გვინდა გარშემო ადამიანები გავაბედნიეროთ, თავად უნდა ვიყოთ ბედნიერნი. რაც შვილები გავაჩინე, მას შემდეგ ვცდილობ ათჯერ უფრო კარგად გამოვიყურებოდე, უფრო ლამაზი ვიყო, უფრო საინტერესო საქმეს ვაკეთებდე, უფრო ხშირად გავიღიმო... მოკლედ, მინდა უფრო კარგი ვიყო, ვიდრე გუშინ, იმიტომ, რომ ჩემი შვილები სიყვარულით და ბედნიერებით სავსემ გავზარდო... ისინი თავიანთ შვილებს გაზრდიან ასე და მსოფლიო თუ არა, ჩემი საქართველო ხომ მაინც გახდება ცოტათი იმაზე კარგი და ფერადი, ვიდრე გუშინ იყო...
მოკლედ, მწამს, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. მთავარია საკუთარი თავის რწმენა, რომელსაც მივყავართ შედეგებამდე ყველაფერში, და თუკი შენს სხეულში თავს გრძნობ კომფორტულად, თუკი საკუთარი თავი მოგწონს, გაცილებით მეტი ხალისით იწყებ სხვა დანარჩენი საქმის კეთებას... არ ვიცი ამგვარი შესავლისკენ იმან მიბიძგა, რომ ეს ინტერვიუ ქალების ჯგუფს − Workout Goals-ს ეხება თუ, უბრალოდ, მუდამ მინდოდა ეს მეთქვა და სასურველი დრო მხოლოდ ახლა გამოვძებნე, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ჯანსაღი სხეული ჯანსაღი სულის გარანტი არ არის, მაგრამ საწყისი შეიძლება გახდეს... და თუკი შენი თავი გიყვარს, ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა, გაქვს სუპერძალა, აკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ სხვებიც გააბედნიერო. მთავარია, მიზნები სწორად დავისახოთ.
ამჯერად კი, სხეულის ფორმებსა და ქალურ ბედნიერებაზე რუსუდან ლუტიძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც თავისი შედეგით, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს მოტივაციას. ვარჯიშით და ჯანსაღი ცხოვრებით თქვენ მიაღწევთ შედეგს, რომელიც გაგაბედნიერებთ და ეს ბედნიერება სიყვარულს კიდევ უფრო გაგიღრმავებთ ან პირიქით, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, თუკი შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი მაინც არ იცვლება და როცა ბედნიერება=სიყვარულს ან პირიქით.
მოგვიყევით თქვენ შესახებ...
პროფესიით ისტორიკოსი ვარ, თუმცა ცოტა ხნის წინ სერტიფიცირებული ფიტნესინსტრუქტორი გავხდი და ამჟამად ჩემი საყვარელი საქმიანობით ვარ დაკავებული − ფიტნესკლუბ „სნეპფიტნესში“ ვმუშაობ და ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
დიდი ხანია, რაც ვარჯიშობთ?
პირველად სამი წლის წინ მივედი დარბაზში და სულ მალე ვარჯიში ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ექვს თვეში, სწორი კვებისა და ვარჯიშის საშუალებით, 25 კგ დავიკელი. შეიძლება ითქვას, რომ ფიტნესმა სრულიად შეცვალა როგორც ჩემი სხეული, ასევე თვითშეფასება და დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ცხოვრების მიმართ იმდენად, რომ პროფესიაც კი შევიცვალე.
ფიზიკურ აქტივობებზე რადგან ვსაუბრობთ, საინტერესოა სპორტის რომელი სახეობა გიზიდავთ ყველაზე მეტად?
რაგბი, და ეს ჩემი ძმის − ზურა ლუტიძის დამსახურებაა. ზურა საქართველოს რაგბის 18 წლამდელთა ნაკრების წევრია და მისი წყალობით მეც დიდი სარაგბო ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს.
თქვენი აზრით, გარდა ფიზიკური ფორმებისა, რას უწყობს ხელს აქტიური ვარჯიში?
რეგულარული ფიზიკური აქტივობა გვიცავს ქრონიკული დაავადებებისგან, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას. გარდა სამედიცინო კუთხისა, ვარჯიში გვეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, გვმატებს ენერგიასა და თავდაჯერებულობას. სულ მცირედი შედეგიც კი, გვაძლევს საკუთარ თავზე გამარჯვების შეგრძნებას, დამატებით მოტივაციას და ვხდებით უფრო ბედნიერნი.
სასურველი შედეგის მისაღწევად, ფიზიკური აქტივობის გარდა, რაიმე დანამატები ხომ არ არის საჭირო ვიტამინების სახით?
შედეგის მისაღწევად, ფიზიკური აქტივობის გარდა, აუცილებელია სწორი კვების რეჟიმის დაცვა და ძილის მოწესრიგება. საკვები დანამატის მიღება ზოგჯერ საჭიროა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მიზანი გვაქვს. თუმცა, დანამატები შედეგს მხოლოდ საკვებზე დამატებით გვაძლევს და მისი მიღება კვების დარეგულირების გარეშე შედეგიანი ვერ იქნება.
როგორ გახდით ჯგუფის წევრი?
ჯგუფს ჩვენი დარბაზის ერთგული წევრის რეკომენდაციით შემოვუერთდი.
რას ეტყოდით გოგონებს, რომლებიც ამ ჯგუფის წევრები არიან?
არასოდეს არის გვიან, დაიწყო შრომა ოცნების სხეულის მისაღებად. დაისახეთ მიზანი და ყველაფერი გააკეთეთ ამ მიზნის მისაღწევად. ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი და მიღწეული შედეგი ამ მიზნისკენ, მოგცემთ დამატებით ძალას, მოტივაციას და ბოლოს, მიზანი აუცილებლად გაამართლებს საშუალებას.
„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“?
ჯანსაღი სხეული ვერ იქნება გარანტი ჯანსაღი სულის, თუმცა მე მწამს, რომ ჯანსაღი − ფიტნესადამიანები უფრო ბედნიერები, ლაღები, ღიმილიანები არიან და ლამაზი ფორმების გარდა, ამითაც გამოირჩევიან სხვა ადამიანებისგან.
P.S.: და რა სურთ ქალებს ბედნიერებისთვის?
სიყვარული. ჩემი აზრით, გულწრფელი სიყვარული სჭირდებათ ქალებს ბედნიერებისთვის. უსიყვარულოდ, ყველა მიღწევა, გამარჯვება, ფასს კარგავს.