ირინკა ბადურაშვილი მაკიაჟის ახალგაზრდა არტისტია, რომელსაც ასაკის მიუხედავად, უკვე მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება დაუგროვდა. ათვლა კი მაშინ დაიწყო, როცა წლების წინ, დანიშნულების გარეშე შეგროვილი თანხით ექსპრომტად გადაწყვიტა საკუთარი კარიერა ვიზაჟის სფეროში მოეწყო. ხელი იმასაც კი არ შეუშლია, რომ იქამდე მაკიაჟის ხელოვნებასთან შეხება არ ჰქონია, არც ჰყავდა ის, ვინც რჩევებით გაანებივრებდა, თუმცა ამოძრავებდა დიდი სურვილი. სჯეროდა, რომ თავი საყვარელ საქმიანობაში უკვე იპოვა.
ასეც მოხდა, რადგან უმაღლეს სასწავლებელში საჯარო მმართველობაზე ჩარიცხვისას არ ჰქონია განცდა, რომ პროფესიულ გზას დაადგა; მხოლოდ მაშინ, როცა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მიხვდა, რომ მაკიაჟის ხელოვნება მისი სწორი მიმართულება აღმოჩნდა.
ირინკას ვიზაჟი ხელოვნების ერთ-ერთი განშტოებაა. იმდენად შთამბეჭდავი, რომ სხეულზე მხატვრულ ტილოებს აცოცხლებს. ხშირად ის ცნობილ რეპროდუქციებსაც „ბოდი არტის“ გზით ქმნის და ერთგულ მომხმარებლებს ყოველ ჯერზე აძლევს სასიამოვნოდ გაოცების საშუალებას.
არ იყო რთული, ფაქტობრივად ნულიდან დაგეწყოთ კარიერა პროფესიაში, რომელშიც პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა ჯერ მიღებული არ გქონდათ? თუმცა ყველაფერი გვერდით გადადეთ და დრო ახალ გამოწვევას დაუთმეთ.
მთავარი ძალა მიზნისკენ სწრაფვა აღმოჩნდა. მთელი გულით მინდოდა ჩანაფიქრები რეალობად მექცია. ღამეებს სასწავლო ვიდეოების ნახვაში ვათენებდი. მართალია, შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდი, მაგრამ დილის 5 საათიდან დაწყებული სამუშაო პროცესი შედეგიანი აღმოჩნდა. სულ მალე შევძელი, რომ შედეგი დამდგარიყო და ჩემი წარმოსახვა ხელშესახები გამხდარიყო.
დღესაც ამაზე ვმუშაობ, თუმცა გაათმაგებული ემოციებით, რადგან დღეს ჩემთვის ვიზაჟი არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების თანმდევია, რომელიც ყოველ წუთს მაბედნიერებს, მიხალისებს ყოველდღიურობას, ხოლო ნამუშევრების კადრებად შენახვაში ჩემი მეუღლე მეხმარება, რომელიც პროფესიით ფოტოგრაფია.
რას მიიჩნევთ მაკიაჟის არტისტისთვის უმთავრესად საჭირო ნიშანთვისებად?
ვფიქრობ, ყველას სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს, თუმცა ჩემი აზრით, სილამაზის სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა, იქნები ვიზაჟისტი, მანიკიურის სპეციალისტი თუ თმის სტილისტი, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ მომხმარებლებს იმდენად მაქსიმალური შედეგი უნდა ვაჩვენოთ, როგორსაც ჩვენსავე თავისთვის ვისურვებდით.
განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა მუშაობა მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის გვირჩევენ და გვენდობიან. პასუხისმგებლობის გრძნობა უმთავრესია, რადგან ის არ მოგცემს მოდუნებისა და დამარცხების საშუალებას.
როგორია თქვენთვის საინტერესო სტუმარი? რით არის სხვადასხვა ინდივიდთან მუშაობა გამორჩეული?
ჩემთვის იდეალური სტუმარი არის ის, რომელიც მეტყვის: „ირინკა, გამიკეთე ის, რასაც შენ ფიქრობ, რომ მომიხდება“. არ შემზღუდავს ფერებსა და სტილში. ვფიქრობ, ასეთ დროს იქმნება განსაკუთრებული Look-ები, რომელთა მსგავსსაც ვეღარ გავიმეორებ. მხოლოდ ამ დროს მოდის ზღვა ემოციები და განსაკუთრებული მუზა.
საინტერესოა ყველა სტუმარი, რადგან ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში სახასიათო შტრიხების გამოკვეთა რთული, თუმცა აზარტული საქმეა.
ცნობილ ვარსკვლავებს პირადი არტისტები ჰყავთ. არსებობს თუ არა ცნობილი სახე, ვისი მაკიაჟითაც ყოველთვის მოხიბლული რჩებით?
ვერავის გამოვარჩევდი. თითოეულ ვიზაჟისტს ასე თუ ისე მაინც აქვს საკუთარი სტილი. ზუსტად ამიტომ, ჩემთვის, როგორც ვიზაჟისტისთვის, მუდმივად მსგავსზე დაკვირვება საინტერესო არ არის.
ხშირად ცნობილი სახეების მაკიაჟის Look-ების გამეორებას ითხოვენ. რამდენად აქტუალურია ეს თქვენს სტუმრებს შორის? თქვენთვის რამდენად არის ეს საინტერესო გამოწვევა და ხერხდება თუ არა, რომ კონკრეტული სტუმრის გარეგნობიდან გამომდინარე, სასურველი მაკიაჟის „მოდელი“ მას ინდივიდუალურად მოარგოთ?
რა თქმა უნდა, აქტუალურია. სურთ, რომ წინასწარ წარმოდგენა ჰქონდეთ, როგორი მაკიაჟი ექნებათ მაგალითად ქორწილის ან დაბადების დღისთვის. ეს მეხმარება კიდეც იმაში, რომ გავიგო, როგორი გემოვნება და სტილი აქვს ჩემს სტუმარს, თუმცა ნაკვთებიდან გამომდინარე, უმეტესად შეუძლებელია ანალოგის გამეორება. ამიტომ ყოველთვის ვეუბნები, რომ გავუკეთებ ასეთი სტილის Look-ს, თუმცა მის სახეზე სწორად მორგებულს.
როგორ ეცნობით ტრენდებს პროფესიაში? არის თუ არა ეს ფაქტობრივად მთავარი Make up-არტისტის საქმიანობაში?
ტენდენციებს ყოველდღიურად ვადევნებ თვალს − დაუღალავ შრომასთან ერთად, მხოლოდ ეს არის საკუთარი თავის განვითარების დიდი შანსი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს მსგავსად თვითნასწავლი ხარ.
ხშირად ახერხებთ მაკიაჟის კოლექციის განახლებას?
დაწყების დღიდან მუდმივად ვაახლებ პროდუქციას. გარდა იმისა, რომ ზედმეტად საინტერესოა თითოეულის დატესტვა, მუდმივად ვცდილობ, ახალი და უკეთესი Look-ები შევქმნა.
როგორ ამზადებთ მაკიაჟის წინ კანს, რაც ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპია?
მნიშვნელოვანია, კანი იყოს სუფთა და დატენიანებული. დანარჩენი უკვე იმ ბაზაზე/პრაიმერზეა დამოკიდებული, რომელსაც მაკიაჟამდე ვისვამთ კანზე.
გაქვთ საყვარელი ფერები მაკიაჟში? რას ურჩევდით კანის, თმისა და თვალის ფერის მიხედვით მომხმარებელს? რა უნდა გაითვალისწინონ?
არ არსებობს ფერი, რომლის გამოყენებაც მაშინებს, პირიქით − ეს დიდი გამოწვევაა. მხოლოდ ნაცრისფერი არ მიყვარს, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაზე არაფრისმთქმელი ფერია. მომხმარებელს ვურჩევდი გაითვალისწინონ, რომ წესები მეორეხარისხოვანია. როგორ ფერებსა და სტილშიც თავს უფრო ლამაზად და თავდაჯერებულად გრძნობთ, ზუსტად ისეთივე Look-ები გაიკეთეთ.
შესაძლებელია, მინიმალისტური მაკიაჟით მაქსიმალური შედეგის მიღება? რა არის ამ დროს მთავარი ვიზაჟისტის მხრიდან?
შესაძლებელია! სახის ნაკვთები ყველაზე საინტერესოა, რადგან მისი შეცვლის პროცესი რეალურად უმარტივესია და უცხო თვალისთვის საოცარი სანახავი. ვიზაჟისტისთვის მთავარია, რომ უფრო მეტი ყურადღებით შეარჩიოს ტექნიკა. თუმცა, მაქსიმალური შედეგის მისაღებად, ყველა შემთხვევაში ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.
რამდენად შრომატევადია ყოველდღიური საქმიანობა? როგორ ახერხებთ განტვირთვას?
შრომატევადია, თუმცა ჩემთვის დამღლელი არ არის. მხოლოდ ერთხელ მახსოვს დაღლა, როდესაც 14 საათის განმავლობაში ფეხზე ვიდექი. დილის 5 საათიდან საღამოს 8-ის ნახევრამდე გაუჩერებლად ვიმუშავე, თუმცა იმავე დღეს ქორწილშიც მოვასწარი წასვლა.
თქვენი მთავარი მიმართულება Face art-ია. რამდენად გრჩებათ ამისთვის დრო?
Face art − ეს ის ნაწილია, როდესაც ზღვა ემოციების დაგროვების შემდეგ ვიწყებ ხატვას, თუმცა ვიზაჟის კუთხით, ამ განხრით არ ვმუშაობ. როგორც წესი, არასდროს მცალია, რადგან მეუღლე, ორი შვილი, მოსწავლეები და უამრავი გოგონა მყავს სიაში ჩაწერილი. მიუხედავად ამისა, ხანდახან გამომითავისუფლდება ხოლმე დრო Face art-ისთვის.
რა მიზნები და ოცნებები გაქვთ?
მიზნები ძალიან დიდი მაქვს, რომლის განხორციელებასაც მალე შევუდგები, ოცნებით კი, არასდროს ვოცნებობ.