დღეს ახალგაზრდა და იშვიათად საინტერესო ადამიანს, გიორგი დიასამიძეს გაგაცნობთ. ის უდიდესი ქართველის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას შვილიშვილია და ღირსეულად უძღვება საამაყო ბაბუის დაწყებულ საქმეს.
გიორგი, როგორ წარგადგინოთ მკითხველთან? რა არის თქვენი ოფიციალური რეგალია?
არ მიყვარს რეგალიები და ხმამაღალი ტიტულები... ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს მაღიზიანებს. მე ვარ მენეჯერი, რომელსაც ძალიან კარგი ადამიანის მიერ კარგად დაწყებული და ორგანიზებული, უზარმაზარი საქმის ხელმძღვანელობა დამეკისრა და მინდა გითხრათ, რომ უზომოდ მიყვარს ჩემი სამუშაო.
ალბათ ხშირად გეკითხებიან, როგორ აიღეთ ამხელა პასუხისმგებლობა ასეთ ახალგაზრდა ასაკში?
ჩემი თავი ამ ინსტიტუტის გარეშე არ მახსოვს. ბავშვობიდან მოყოლებული, თავისუფალ დროს თითქმის სულ აქ ვატარებდი. მომწონდა აქაური გარემო, ბაბუასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. ყველა თანამშრომელს ჩემთვის ახლობელ ადამიანად მივიჩნევდი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ გარემოში გავიზარდე.
ახლა ვხვდები, რომ ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, შიგნიდან გავეცანი პროცესებს. ბაბუაჩემი ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი გახლდათ. მისი გაზრდილი ვარ. ძალიან ბევრს ვსაუბრობდით, ბაბუას ხშირად დავყავდი შეხვედრებზე, მუდამ რაღაცას მავალებდა. მისთვის არ არსებობდა სიტყვა „ვერ“ და უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მისი ყველა დავალებისადმი. დღესაც კი, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებ, ყოველთვის ვფიქრობ, რამდენად მოიწონებდა.
საზღვარგარეთ ვსწავლობდი, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა. დაუფიქრებლად დავბრუნდი და სწავლა აქ გავაგრძელე. ჩემი სპეციალობა სამედიცინო მენეჯმენტია, რომელიც ახალი სპეციალობაა. პრაქტიკა დიდი მაქვს და მას თეორიული ცოდნით ვამყარებ.
შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი სამუშაო დღე?
მაგას რა დამავიწყებს... რთული აღმოჩნდა, მიმემართა მათთვის, ვისაც ბავშვობიდან ვიცნობდი.
იოლი არ იყო მისი დაკრძალვიდან მეორე დღესვე აქ მოსვლა და მუშაობის დაწყება, მაგრამ როგორც კი ფეხი შემოვდგი, ისეთი ძალა და მხარდაჭერა ვიგრძენი ჩვენი თითოეული თანამშრომლისგან, რომ მივხვდი − ზუსტად იმ ხალხთან ვარ, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით ჩემი.
ამ ორი წლის განმავლობაში იმდენად ბევრი სხვადასხვა სირთულისა და პრობლემის გადაჭრა მომიწია, მივხვდი, რომ ჯანმრთელობის გარდა მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. რაც აქ მოვედი, მუდმივად ახალ-ახალი გამოწვევები ენაცვლება ერთმანეთს.
გამიჭირდება ჩვენი თანამშრომლების ერთგულებისა და საქმისადმი თავდადების სიტყვებით გადმოცემა. ეს არის გამორჩეული გუნდი, რომელმაც ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი დამაძლევინა. ჩვენ ყველამ ერთობლივი ძალისხმევით არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ის დონე, რომელიც ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრს ჰქონდა, არამედ გავაუმჯობესეთ, გავაფართოვეთ მომსახურების არეალი, დავამატეთ ბევრი ახალი განყოფილება, ექიმები, აპარატურა, და ძალიან ბევრი მიმართულებით განვვითარდით. ტექნიკური თვალსაზრისითაც ძალიან მდიდრები ვართ.
როგორ ახერხებთ სწავლისა და საქმის შეთავსებას?
როდესაც მიზანი გაქვს, შეუძლებელი არაფერია. მუშაობას დილის 9 საათზე ვიწყებ. ჩემი კაბინეტის კარი ყველასთვის ღიაა − თანამშრომლებიდან დაწყებული, პაციენტებით დამთავრებული შეუჩერებლად შემოდიან სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ. ლექციები საღამოს მაქვს. პრეზენტაციების დროს ყველამ იცის, რომ პირველად მე უნდა გამოვიდე. როგორც კი დავასრულებ, კლინიკაში ვბრუნდები.
საოცრად შეყვარებული ხართ თქვენს საქმეზე...
როდესაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხედავ, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, ზოგი მათგანი სიკვდილსაც კი ებრძვის, მაშინ ყველაზე კარგად ხედავ, რომ ყოფითი პრობლემები არაფერს ნიშნავს. თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე უზარმაზარი გამარჯვებაა. წარმოუდგენლად ემოციური საქმეა. სიცოცხლე ჩვენი უფლებაა და კიბო განაჩენი არ არის. სწორი და დროული მკურნალობა კი აუცილებლად წარმატებული დასასრულია.
უსაყვარლეს ადამიანებზე გამოვცადე ონკოლოგიური დაავადების ვერაგობა და მინდა ძალიან სწრაფად განვითარდეს მედიცინა, რათა ადამიანებს ავაცილოთ ეს ტკივილი. მინდა ვიმუშავო ისეთ მედიცინაში, სადაც არა დაავადების მკურნალობაზე ვიქნებით ორიენტირებული, არამედ გვექნება შესაძლებობა, თავიდან ავიცილოთ ისინი, პრევენციულ მედიცინაზე გადავიდეთ და ჩვენს მოსახლეობას ბევრად გამარტივებული ჰქონდეს სამედიცინო სერვისებზე წვდომა.
ეს ისაა, რისი კეთებაც ბავშვობიდან გინდოდათ?
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ექიმობა იყო. უბრალოდ, ძალიან დიდი ფუფუნება აღმოჩნდა ის დრო, რომელიც მედიცინის სწავლას სჭირდებოდა. სამედიცინო მენეჯმენტი ძალიან ახალი და საჭირო პროფესიაა. ის უზარმაზარ შემოქმედებით უნარს საჭიროებს. ამ საქმეში ყოველდღე იზრდები. ტექნოლოგიების განვითარება მუდმივად მოვლენების საქმის კურსში ყოფნის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში.
ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ექიმები და გვაქვს ულტრათანამედროვე აპარატურა. ბაბუამ უზარმაზარი შრომა ჩადო იმაში, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ყველა აუცილებელი სერვისის საქართველოში მიღება, რათა პაციენტებს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრება არ დასჭირვებოდათ. ვიბრძვით იმ ნდობის მოსაპოვებლად, რომელსაც სამართლიანად ვიმსახურებთ და გამოგვდის. განკურნებული და კმაყოფილი პაციენტი ყველაზე დიდი რეკლამაა. ასეთები კი, საბედნიეროდ, ბევრი გვყავს.
ჩვენ თავს არ ვიზოგავთ სიცოცხლის უფლების შესანარჩუნებლად. ჩვენთვის, ისევე, როგორც ფრიდონ თოდუასთვის იყო, არ არსებობს „ვერ“. ახალი გამოწვევა გვაქვს − დავაჯეროთ ადამიანები პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობაში.
მუშაობას ვიწყებთ Check up-ის პროგრამაზე, რომელიც ადამიანის მთლიანი ორგანიზმის შემოწმებას გულისხმობს, ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი აწუხებთ, ძალიან მალე შესაძლებლობა ექნებათ, ჩაიტარონ Check up-გამოკვლევა დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით. ეს არის ერთდღიანი პროცედურა, რომელიც გამორიცხავს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელ ორმოცდაათამდე დაავადებას.
და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: დროული დიაგნოსტიკა გამარჯვების საწინდარია, სიცოცხლე ჩვენი უფლებაა და ის უნდა დავიცვათ.
პასუხისმგებლობა დიდია, მაგრამ უზარმაზარი სიამოვნებაა აკეთო საყვარელი საქმე, ყველა გამოწვევა დაძლიო და ახალი გამოწვევა მიიღო.