ნიკოლოზ ძაგნიძე
ექიმი ენდოსკოპისტი - ზოგადი ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მსოფლიო ენდოსკოპიური ორგანიზაციის (WEO), ქირურგიული ონკოლოგიის ევროპული ასოციაციის (ESSO), რუსეთის ქირურგიული და ენდოსკოპიური საზოგადოებებისწევრი, მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი, პორტუგალიურ-ენოვანი აფრიკული ქვეყნების (PALOP) პროფესიულისამედიცინო სერტიფიკატის მფლობელი; თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ქირურგი, ენდოსკოპიური მიმართულების ხელმძღვანელი.
ალბათ გაგიგიათ, რომ კუჭი კუნთოვანი ორგანოა და მისი გაწელვა-შეკუმშვა ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ეს საზიზღარი, მუდმივი შიმშილის გრძნობა არ გვასვენებს? ტექნოლოგიების განვითარება დიდ შესაძლებლობებს იძლევა და დღეს ამ პრობლემის გადაჭრა უკვე შესაძლებელია ყველანაირი ოპერაციის გარეშე.
კუჭის ბალონირება წონის კორექციის არაოპერაციული და ეფექტური მეთოდია, თან − დროში გამოცდილი. ამ დროს კუჭში გასაბერ ბალონს ენდოსკოპიურად აყენებენ. გასაბერი ბალონი თავსდება კუჭში დაჩუტულ მდგომარეობაში და იბერება პროცედურის დროს. შედეგად, პაციენტს აქვს ძღომის მუდმივი გრძნობა და ვერ იღებს დიდი რაოდენობით საკვებს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს კვების სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
სხვა მეთოდებთან შედარებით, მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის არაოპერაციული, მცირე ინვაზიური (შეიცავს ნაკლებ რისკს პაციენტისთვის), შექცევადი (შეიძლება ბალონის ამოღება) ჩარევა, რომლის არსია კუჭში სპეციალური გასაბერი ბალონის ჩაყენება ვიდეოგასტროსკოპის კონტროლით. პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიით (პაციენტს სძინავს), ყოველგვარი განაკვეთის გარეშე. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოიცავს მხოლოდ ერთ დღეს, პაციენტი აქტიურია ჩარევიდან რამდენიმე საათში, არ აქვს ოპერაციის შემდგომი ტკივილები და რთული რეაბილიტაცია, და რაც მთავარია − გართულებები, რაც ახასიათებს ქირურგიულ ჩარევებს.
ბალონის კუჭში დაყოვნება შესაძლებელია 6 თვით. შემდეგ კუჭის წვენი იწყებს ბალონის კედლის დაზიანებას და მისი გასკდომისა და გართულებების წარმოქმნის რისკი იზრდება, ამიტომ ბალონს ისევ ენდოსკოპიურად ამოიღებენ.
6-თვიან პერიოდში წონის კლება შეადგენს მაქსიმუმ 20-30% ამოსავალი წონიდან. რეკომენდებულია ამ პროცედურის ჩატარება პაციენტებისთვის სხეულის მასის ინდექსით BMI 30-დან 40-მდე. ჩვენი სხეულის ნორმალური მასის ინდექსის დასადგენად, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაბამისია ჩვენი წონა სიმაღლესთან, ასეთი ფორმულა არსებობს: წონა უნდა გავყოთ წილადებში, გადაყვანილი სიმაღლის კვადრატზე. მაგალითად, თუ 78 კილოგრამს ვიწონით და სიმაღლეში 180 სანტიმეტრი ვართ, 78 უნდა გავყოთ 1,8-ის კვადრატზე. თუ მიღებული ციფრი 18-ის ქვემოთაა, ეს წონის დეფიციტს ნიშნავს, 18-დან 25-მდე სხეულის მასის ნორმალური ინდექსია, ხოლო 25-დან 29-მდე მიღებული რიცხვი ჭარბ წონაზე მიუთითებს. თუ გამოთვლის შედეგად 30 და უფრო დიდი რიცხვი მიიღეთ, ესე იგი საქმე სიმსუქნესთან გვაქვს.
აგრეთვე, როგორც მოსამზადებელი მანიპულაცია ბარიატრიული ქირურგიული ოპერაციების წინ, წონის რედუქციისთვის და ოპერაციული რისკის შესამცირებლად: მნიშვნელოვანია, რომ პროცედურის შემდეგ, პაციენტმა უნდა დაიცვას კვების გარკვეული რეჟიმი და 6 თვის განმავლობაში რეგულარული კონსულტაციები ჰქონდეს ექიმ-დიეტოლოგთან.
როგორც ყველაფერს, ამ მეთოდსაც აქვს უკუჩვენება და რიგ შემთხვევებში დისკომფორტის შეგრძნება. კუჭის ბალონის ჩადგმის პირველ დღეებში პაციენტს აწუხებს გულისრევის შეგრძნება, პირველ საათებში პირღებინებაც, გულძმარვა, უმადობა. შემდეგ, მეორე, მესამე ან მეოთხე დღეს, პაციენტი ეჩვევა ბალონის არსებობას კუჭში და ჩივილები უქრება, გრძნობს, რომ იოლად ნაყრდება და იწყებს წონაში კლებას.
თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ მეთოდით მკურნალობის დიდი გამოცდილებაა. ყურადღებიანი პროფესიონალები პაციენტთან მუდმივ კავშირზე არიან. აქ Helioscopie-ის ფრანგული წარმოების პროგრესული Helioshpere-ის ჰაერით გაბერილი ბალონები გამოიყენება, რომელთა მოცულობა 600-სმ3-ია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სახის ბალონებს არ ახასიათებს სითხით გაბერილი ბალონებისთვის დამახასიათებელი გართულებები და იგი იოლად ასატანია პაციენტის მიერ.