მარგარიტა მუნტიანოვას რჩევები ქალბატონებს
თავის მოვლა ქალბატონებისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებული პოპულარობით წამწამების დაგრძელება და წარბების კორექცია სარგებლობს. უამრავი სალონი გაიხსნა თბილისში, რომლებიც ამ მიმართულებებზე მუშაობს, ერთ-ერთი მათგანი კი WOW lash&brow studio-ა, სადაც პროფესიონალები ზრუნავენ ქალბატონების სილამაზეზე.
სალონის დამაარსებელი მარგარიტა მუნტიანოვა-დოღონაძეა, რომელსაც ამ სფეროში 14-წლიანი გამოცდილება აქვს, საქართველოში 4 წლის წინ ჩამოვიდა და ძალიან მალე მოიპოვა ცნობადობა საზოგადოებაში. მარგოს სილამაზის სფეროში 13 სერტიფიკატი აქვს და მოსკოვის საერთაშორისო სილამაზის აკადემიამ სერტიფიცირებული მასწავლებლის წოდებაც მიანიჭა.
როგორც მარგომ OK!-სთან საუბრისას აღნიშნა, წარბების კორექცია და წამწამების დაგრძელება უზომოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისში, მაგრამ ამ მიმართულებით საოცრად ცოტა პროფესიონალია, ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ძალიან ბევრი პერმანენტულ მაკიაჟსა და ტატუაჟს ერთმანეთში ურევს.
რა განსხვავებაა პერმანენტულ მაკიაჟსა და ტატუაჟს შორის?
საქართველოში ძალიან ბევრი ერთმანეთში ურევს პერმანენტულ მაკიაჟსა და ტატუაჟს. პრინციპი ერთია, მაგრამ სრულიად განსხვავებული პროცედურებია და შედეგიც შესაბამისად განსხვავებულია. პერმანენტული მაკიაჟი საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ტუჩისა და წარბის ფორმა ისე, რომ ბუნებრივი იერსახე არ დაიკარგოს. შედეგად, ვიღებთ ტუჩისა და წარბის ნატურალურ ფორმას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მარტივი გამოსავალი იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც დილით არ აქვთ იმის დრო, ჩაიტარონ სხვადასხვა პროცედურა სამსახურში წასვლამდე.
ხოლო ტატუაჟს აკეთებენ ტატუს მასალებით და განსხვავება მაშინვე შესამჩნევია, რადგან ერთი შეხედვითაც კი მოგხვდებათ თვალში მწვანე ან ლურჯი ფერის წარბი. გარდა ამისა, სტილისტები წარბებს იმავე საღებავით უღებავენ მომხმარებლებს, რითაც თმას. ეს კი ყოვლად დაუშვებელია, რადგანაც ამ პროცედურებისთვის სრულიად სხვადასხვა საღებავები გამოიყენება. ჩვენს სალონში უმაღლესი ხარისხის Brow Henna-ს Lux-მასალებს ვიყენებთ. ბრენდს ბევრი პრივილეგია აქვს: ნატურალურია, არაქიმიურია და მხოლოდ წარბებზეა სპეციალიზებული.
როდის და რატომ გაგიჩნდათ იდეა, ამ სფეროში დაგეწყოთ მუშაობა?
ვიდრე ამ სფეროთი დავინტერესდებოდი, ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც ფრჩხილის ლაქის კურსებზე შევედი და ძალიან მომეწონა. ზოგადად, სხვების გალამაზების პროცესი ბავშვობიდან მიტაცებდა.
ზოგადად, რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
წამწამების დაგრძელება, წარბების კორექცია, ტატუაჟი, სოლარიუმი, თმის დაგრძელება და შეღებვა, მამაკაცების წარბების კორექცია. ასევე ვატარებ სასწავლო კურსებს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თმის დაგრძელების პროცედურა − მიკროდაგრძელება. განსხვავება კი ისაა, რომ სრულიად შეუმჩნეველია დაგრძელებული თმა. ფაქტობრივად, ბუნებრივი იერსახე აქვს. თმა იძენს მოცულობას, სიგრძეს და რაც მთავარია, ნებისმიერი სახის ვარცხნილობის გაკეთება თავისუფლადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება წამწამების დაგრძელებას, ბევრი უპირატესობა აქვს და რაც ყველაზე მთავარია, ყოველ დილით ტუშის წასმა არ გიწევთ. შეგიძლიათ წამწამებს ფერი შეუცვალოთ და ყოველთვიურად განაახლოთ საკუთარი იმიჯი. ეს საშუალება ასევე ჰიპოალერგიულია და გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს.