თავის მოვლა როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. თუმცა ხშირად არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ვივარჯიშოთ ან ჩავიტართ სხვადასხვა პროცედურა. მუსიკალურმა პროდიუსერმა ირაკლი ნადარეიშვილმა გაგვიზიარა, თუ როგორ უვლის თავს და როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ მცირე ცვლილებებითაც კი საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში.
რა პრინციპებს ექვემდებარება თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება?
ჯანსაღი ცხოვრება ექვემდებარება ჯანსაღი ცხოვრების წესს, რომელიც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. მე ვეგეტარიანელი ვარ, ვიღებ ძალიან ბევრ წყალს. როცა შესაძლებლობა მაქვს, ვვარჯიშობ და რაც მთავარია, ვცდილობ დადებითი ემოციებით დავიტვირთო თავი.
თავის მოვლის რომელ საშუალებებს იყენებთ?
ვიყენებ როგორც წვერის მოვლის საშუალებებს, ასევე სახის ნიღბებს, დასაბან საშუალებებს, კრემებს. ფაქტობრივად ყველაფერს, რაც შეიძლება მამაკაცმა გამოიყენოს თავის მოვლისთვის.
სასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის თქვენეული საიდუმლო ან ხრიკი ხომ არ გაქვთ?
რაიმე განსაკუთრებული ხრიკი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, კვების რაციონიდან ხორცის ამოღება ხელს უწყობს ორგანიზმს უკეთეს ფორმაში იყოს. გარდა ამისა, როცა ვვარჯიშობ, აუცილებლაც ვიღებ საკვებ დანამატებს.
რა დროს უთმობთ ვარჯიშს და რას ურჩევდით მათ, ვისაც ამის დრო არ აქვს?
არსებობს ძალიან ბევრი ვარჯიში, რომლებიც საკმაოდ მცირე დროს მოითხოვს. ასეთი ტიპის ვარჯიშებია: ტიბეტური 5 ბრუნი, აზიოგას ვარჯიშები და კიდევ სხვა უამრავი. რაც შემეხება მე, ვცდილობ კვირაში სამჯერ მაინც აუცილებლად ვივარჯიშო.
რას ითვალისწინებს თქვენთვის ჯანსაღი კვება? გაგვიმხილეთ თქვენი რაციონი.
არ მივირთმევ არც სწრაფი კვების ობიექტების საკვებს და არც ცხიმიან კერძებს. მთავარია, იყოს ჯანსაღი და ახალი.
რა წარმოადგენს თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებას და როგორ იცვლება ცხოვრების რეჟიმი ასაკთან ერთად?
ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება მეგობრებთან ერთად დროის გატარებაა. დროსთან ერთად ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. ერთადერთი, რაც შეიცვალა, აქტიური დღის ფაზაა − უფრო ადრე ვიღვიძებ და უფრო ადრე ვიძინებ.
რომელ სუნამოს და სურნელს მიიჩნევთ თქვენს იდენტობასთან ყველაზე ახლოს?
რამდენიმე სუნამოს მოვიხმარ ერთდროულად, თუმცა ჩემს იდენტობასთან ყველაზე ახლოსაა vera wang.
გაგვიზიარეთ თავის მოვლის რუტინა...
კვირაში 2 ჯერ ვიკეთებ Sisley-ის შავი ვარდის ნიღაბს, ასევე ვიყენებ Shiseido-ს დამატენიანებელს.
როგორია თქვენთვის მოვლილი ქალი?
მოვლილი ქალი ჯანსაღად და თანამედროვედ უნდა გამოიყურებოდეს.