თავის მოვლა ქალბატონებისთვის ყოველთვის წინა პლანზე იდგა და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოხშირდა სახის კანზე სხვადასხვა პროცედურის ჩატარება. ალბათ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ კანს, გარდა ზედაპირული გაახალგაზრდავებისა, აუცილებლად ესაჭიროება მასაჟი, რომელიც სახის კანის კუნთებს აპარატურული მეთოდებისა და ინიექციების ჩარევის გარეშეც დაუბრუნებს და შეუნარჩუნებს ბავშვურ სახეს. OK! ბრენდ Ane Rosh-ის დამფუძნებელს, შორენა ალიბეგაშვილს ესაუბრა, რომელიც ბუნებრივობასა და ბუკალურ მასაჟზე გვიამბობს.
გვიამბეთ, როდის და რატომ გაგიჩნდათ იდეა, დაგეარსებინათ თქვენი ბრენდი Ane Rosh?
Ane Rosh არის ჩემი შინაგანი „მე“. შევისწავლე ის ტკივილი და პრობლემები, რომლებიც ქალბატონებს აწუხებდათ და შევქმენი სივრცე, სადაც მათ შეეძლებოდათ საკუთარი თავისთვის ეჩუქებინათ ბედნიერება, რომელიც ყველა მათგანს სჭირდება.
25 წელია, რაც კოსმეტოლოგიაში ვარ და აქედან 23 წელი მასაჟის მიმართულებით ვმუშაობ. თავდაპირველად, ჩინელმა პროფესიონალმა მომცა ცოდნა ამ სფეროში, რომელმაც სრულიად შემთხვევით აღმომაჩინა და მიიჩნია, რომ განსაკუთრებული უნარი ჰქონდა ჩემს ხელებს.
გარდა იმისა, რომ შევქმენი ბიზნესი და შევიმუშავე საკუთარი, საავტორო ტექნიკა სკულპტურინგის მიმართულებით, ყოველთვის მქონდა ინოვაციებისკენ სწრაფვა. ამიტომ გადავწყვიტე გადამზადების მიმართულებით წავიყვანო ტრენინგები უკვე არსებული სპეციალისტებისთვის ან იმ გოგონებისთვის, რომლებსაც სურთ შეისწავლონ საკუთარი თავი. ჩემი დევიზიც სწორედ ეს არის: „იყავი საკუთარი თავის კოსმეტოლოგი და იყავი ნატურალური“.
გვესაუბრეთ ბუკალური მასაჟის შესახებ.
ბუკალური მასაჟის მიზანია, ზედმეტი ჩარევების გარეშე შეინარჩუნოს ნატურალური და ბუნებრივი სახის სტრუქტურა, რადგან აპარატურულმა კოსმეტოლოგიამ და ნემსების თერაპიამ დაახშო კლასიკური მიმართულება, რომელიც კუნთის გაჯანსაღებასა და გამოცოცხლებაზეა ორიენტირებული. ბუკალური მასაჟი ხდება პირის ღრუში შესვლით, თუმცა ამის გაკეთება აუცილებელია პროფესიონალის ხელით, რათა არ დავაზიანოთ კუნთის სტრუქტურა.
ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცდილობს, სხვადასხვა კოქტეილი გამოიყენოს სახის ზედაპირზე და ამასობაში ყველას ავიწყდება, რომ არსებობს ფასციები და კუნთი, რომელიც აუცილებლად უნდა მარაგდებოდეს სისხლით და ჟანგბადით. მე უშუისტი ვარ და ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. ადამიანის სიცოცხლე იწყება სუნთქვით და მთავრდება ამოსუნთქვით. ეს არის ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მთელი ორგანიზმი და სათითაოდ ყველა ორგანო საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას და სისხლით მომარაგებას. სწორედ ამას ემსახურება ბუკალური მასაჟი.
უკეთესია, თუ მასაჟის გაკეთებამდე პაციენტს არ ექნება ჩატარებული სხვადასხვა პროცედურა, რადგან ამას შესაძლოა უკუჩვენება მოყვეს. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვასწავლი სახის ვარჯიშებს, რომლებიც ძალიან ცოტა დროს მოითხოვს და სახის სტრუქტურის შესანარჩუნებლადაა საჭირო.
რა შედეგებს ვიღებთ ბუკალური მასაჟით?
შედეგი არის ის, რომ მასაჟით ვაჩერებთ ასაკს. სტანდარტული მასაჟი კვირაში ორჯერ კეთდება, თუმცა სკულპტურული მასაჟი გაცილებით მტკივნეულია და თვეში სამჯერ კეთდება. შედეგი ის არის, რომ საგრძნობლად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ჟანგბადის მიწოდება, და შედეგად ვიღებთ სახის ჯანსაღ სტრუქტურას. ეს ზუსტად სხეულის ვარჯიშების ანალოგია, ხოლო შედეგი იდენტურადაა შესამჩნევი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მთელ ამ პროცესში სხეულის ნაცვლად სახე მონაწილეობს.
რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული სახის მასაჟის გაკეთება?
არ არის განსაზღვრული ასაკი. მასაჟების გაკეთება იმ მომენტიდან შეიძლება, როცა პაციენტი ამის საჭიროებას დაინახავს. არ არის აუცილებელი, იყო ზრდასრული იმისათვის, რომ დაიწყო ამის გაკეთება. რაც პატარა ასაკიდან გადაწყვეტ მასაჟის გაკეთებას, მით უფრო დიდხანს შეგინარჩუნდება ბავშვური სახე.
კინეზიოს მიმართულებასაც შევეხოთ.
არსებობს კიდევ ერთი მიმდევრობა − კინეზიო, რომელიც მთელ ევროპაში ძალიან პოპულარულია. ეს მეთოდი მუშაობს ორგანიზმიდან ტოქსინების განდევნაზე. ხშირად, დილით შეშუპებული სახით ვიღვიძებთ, რაც არის უძილობის, არასწორი კვების, ზედმეტი სასმელის ან პრემენსტრუალური პერიოდის შედეგი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სხეულზე მისაწეპებელ ლენტებს ვიყენებთ, რომლებიც 3 დღის განმავლობაში რჩება ტანზე, აფიქსირებს კონკრეტულ მდგომარეობას, სხეული ეჩვევა ყოველივე ამას და ლიმფა განიდევნება.
რას ურჩევდით ქალბატონებს?
ქალბატონებს ვურჩევ იყვნენ ბუნებრივები და შეინარჩუნონ სახის ნატურალური სტრუქტურა − არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პატარა გოგონა თუ უკვე ზრდასრული ქალი, რადგან სახის კანზე ზრუნვა ყველა ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია. თითოეულმა ქალბატონმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარი თავის კოსმეტოლოგი თავადვეა.