ჩვენს წარმოდგენაში ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თავის მოვლასთან, გემოვნებასთან, სილამაზესთან, თბილისთან და ვინ იცის, კიდევ რასთან აღარ... საოცარია და ამჯერად ისეთი რესპონდენტი მყავს, რომელიც ყველა ამ კომპონენტს აკმაყოფილებს. თეონა თავართქილაძე ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის იყო და არის გემოვნებიანი, მოვლილი, ლამაზი ქალი, რომელიც მუდამ კარგად გამოიყურება და რომელიც ყოველთვის მახსენდება მაშინ, როდესაც ვფიქრობ იმ თბილისელ გოგონებზე, რომლებიც ჩემთვის ჩემი ქალაქის სახეს წარმოადგენენ. თეონა დღეს ზუსტად იმ სფეროში საქმიანობს, სადაც უნდა იყოს და მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმლის დიზაინის კეთებას თავი დაანება, მერწმუნეთ, ახლა უფრო მეტს აკეთებს, როდესაც ჩვენ − გოგონებს გვიმზადებს პატარა ყუთებს, რომლებიც ჩვენს სილამაზეს კიდევ უფრო კაშკაშასა და ბრჭყვიალას გახდის... მაშ ასე, ყველასთვის კარგად ნაცნობი თეონა თავართქილაძე.
მოგვიყევით, რას აკეთებთ დღეს?
შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად გადავერთე ჩემს ახალ საქმიანობაზე − Beauty and the Box. თუმცა, უშუალოდ სფეროები არ არის ერთმანეთისგან შორს. რომ იცოდე ტენდენციები მაკიაჟში, აუცილებლად თვალს უნდა ადევნებდე მსოფლიო მოდის სამყაროს. შესაბამისად, გამოდის, რომ ამ სფეროს არ მოვწყვეტივარ, სამუშაო მიმართულება შევიცვალე ვიწრო პროფილით − სილამაზის პროდუქტების ინდუსტრია გახდა ახლა ჩემი საქმიანობა.
როდის მიხვდით, რომ ეს სფერო გაინტერესებდათ?
მაკიაჟი ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო, იმიტომ, რომ ჩვენებების გამართვის დროს მუდმივად მიწევდა ფიქრი იმაზე, თუ როგორი მაკიაჟი მოუხდებოდა ამა თუ იმ კოლექციას. როდესაც Beauty and the Box-ის შექმნის იდეა მომივიდა, აღმაფრთოვანა კონცეფციამ − როდესაც წინასწარ არ იცი რა ინახება ყუთში და დიდი მოლოდინი გაქვს იმისა, თუ რა იქნება. თავიდან არ მეგონა, რომ ამხელა შრომა და ძალისხმევა დასჭირდებოდა ამ პროდუქტის შექმნას, მაგრამ როდესაც მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ მთელ ჩემს დროსა და რესურსს ამას ვახარჯავ და კიდევ კარგი, ბავშვები დიდები არიან, რომ დიდი დოზებით აღარ მოითხოვენ ჩემ ჩართულობას.
როგორია სამუშაო პროცესი და რამდენად ბევრი ადამიანი დგას Beauty and the Box-ის მიღმა?
ამ პროდუქტზე ძალიან ბევრი რგოლი და ადამიანი მუშაობს, მაგრამ ერთმანეთთან მხოლოდ ხუთ მათგანს გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. ეს ადამიანები ახალი პერსონები არიან ჩემს ცხოვრებაში, რომელთა გარეშე ყოფნა დღეს ვეღარ წარმომიდგენია. რაც შეეხება სამუშაო პროცესს − თვის ბოლოს რომ გვგონია ხოლმე, ბოქსი მზად არის და ცოტა ხანი დავისვენებთ, გვახსენდება, რომ ახალი თვე მოდის და ახალ იდეებზე ფიქრია საჭირო. ძალიან დიდი ენერგია სჭირდება ბოქსის შექმნას, რადგან იქ არსებული პროდუქტი არცერთ ჯერზე არ უნდა გამეორდეს. დრო ფაქტობრივად აღარაფრისთვის მრჩება. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ადრე თუ სამი თვე არ გავიდოდა ისე, რომ არ მემოგზაურა, ახლა ისიც კი არ მახსოვს, ბოლოს სად ვიყავი.
დღეს კმაყოფილი ხართ შედეგით?
უკვე ვახსენეთ, რომ მაქსიმალისტი ვარ და ძალიან მინდა, ბევრად მრავალფეროვანი პროდუქტი და ბრენდი მოთავსდეს ბოქსში. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ მე ორიენტირებული ვარ იმ პროდუქტზე, რომელიც შემოდის საქართველოში, რადგან ჟურნალში მითითებულია მისამართი, სადაც შეიძლება პროდუქტის შეძენა, ასევე ფასი. მინდა ქართული მისამართები ეწეროს და არა რომელიღაც უცხოური საიტის.
ბოქსთან მიმართებაში სიახლეებს გეგმავთ?
ძალიან ბევრ ადამიანს სურს, შეიქმნას მამაკაცის ბოქსიც. დღეს უკვე თავის მოვლა უფრო ჰიგიენასთან მიახლოებული ამბავია, ვიდრე ფუფუნება. მოვლილი რომ გაქვს ფრჩხილი, თმა და სახის კანი, ეს ჰიგიენა უფროა, ვიდრე გაპრანჭვა. შესაბამისად, ვფიქრობ მამაკაცის Beauty and the Box-ის შექმნაზე და ალბათ გავაკეთებ სეზონურად − წელიწადში ოთხ ბოქსს.
ამ თვის OK!-ის დამატებითი ბუქის, Health and Beauty-ის მოწვეული რედაქტორი იყავით. აქამდე გქონიათ მსგავსი გამოცდილება? და თქვენთვის რამდენად საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა?
მსგავსი გამოცდილება არ მქონია, გარდა იმისა, რომ ბოქსს ყოველთვე მოყვება თავისი პატარა ზომის ჟურნალი. თუმცა, ამ ჟურნალზე მუშაობა, რასაკვირველია, განსხვავებული პასუხისმგებლობა იყო. Book-ი მე მგონი ცოტა სუბიექტური გამოვიდა, რადგან ყველა ჩემი ახლობელი, მეგობარი ან ოჯახის წევრია ამ თვის ნომერში. თუმცა, მგონია, რომ ამ თემებთან მიმართებაში საინტერესო ადამიანები შევარჩიე და მკითხველი ისეთ რაღაცებს გაიგებს, რაც აქამდე ამ ადამიანებზე არ იცოდნენ. მოკლედ, მკითხველი ჩემზე უკეთ შეაფასებს ჩემს ამ შრომას. თუმცა, ერთს გეტყვით, რომ ძალიან მკაცრად ნუ შემაფასებთ, რადგან ეს რედაქტორის ამპლუაში ყოფნის ჩემი პირველი გამოცდილებაა.
სატელევიზიო გამოცდილება...
მაქვს საკუთარი საავტორო Beauty-რუბრიკა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია პირდაპირ ეთერში ჯდომა. სულ სხვაა, როცა რესპონდენტი ხარ და სულ სხვა, როცა თავად ხარ წამყვანი და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თუმცა, მთავარია მთელი გულით გააკეთო საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებ და მაშინ ყველაფერი გამოგივა. მე იმდენად ვარ დღეს ამ სფეროში ჩაფლული, რომ ძალიან საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის ამ თემაზე გადაცემის მომზადება.
შეიძლება ითქვას, რომ თქვენი თავი ხელახლა აღმოაჩინეთ?
დიახ. როცა ამბობდნენ, 40 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება იწყებაო, ყოველთვის მეგონა, რომ ეს იყო თავის დამშვიდება. სინამდვილეში, მართლა ასე ყოფილა. ამაში ჩემმა მაგალითმა დამარწმუნა: 40 წლის შემდეგ დავიწყე ახალი საქმე ახალი ადამიანებით და ახალი სანაცნობო წრით, გავხდი ტელეწამყვანი, მაქვს საავტორო რუბრიკა სილამაზეზე, ვარ ჟურნალ OK!-ის ბუქის მოწვეული რედაქტორი.
ის, რომ თეონა თავართქილაძე დგას Beauty and the Box-ის უკან, ნიშნავს პროდუქტის წარმატებულობას?
მედალს ორი მხარე აქვს. მადლობა იმ ხალხს, ვინც თავიდანვე ენდო ჩემს ახალ წამოწყებას და პირველსავე დღიდან გახდა ჩვენი გამომწერი. მეორე მხრივ კი, ზოგიერთს უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ქართული სინამდვილიდან და პროდუქტებიდან გამომდინარე, ბოქსში, რომელიც 30 ლარი ღირს, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, შეუძლებელია მოთავსებული იყოს მუდამ მაღალი კლასის ბრენდები.
სილამაზე თქვენთვის...
სილამაზე ჩემთვის არის ის ესთეტიკური სიამოვნება, რომელსაც ყოველდღიურად იღებს ადამიანი. შექსპირის სიტყვებია, რომ ობიექტური სილამაზე არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანს სილამაზის შეფასების სხვადასხვაგვარი, სუბიექტური კრიტერიუმი აქვს. მთავარია მონდომება და სურვილი, რომ ყველაფერში დავინახოთ დადებითი დეტალი, და მთელი დღის განმავლობაში შევძლებთ ბევრი კარგი და ლამაზი რამის აღმოჩენას.
ლამაზი ქალი თქვენთვის უფრო ბუნებრივ სილამაზესთან ასოცირდება თუ მოვლილ ქალთან?
გულწრფელად მიმაჩნია, რომ ყველა ქალი ლამაზია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ქალისთვის აუცილებელია თავის მოვლა. არ ვამბობ, რომ მთელი დღე გადაყვეთ თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურას, მაგრამ დღეს იმდენად ბევრი საშუალება არსებობს, სწრაფად და საშუალო ბიუჯეტით მოუარო თავს, რომ მგონია ეს ნაკლებ დაბრკოლებას უნდა წარმოადგენდეს ქალებისთვის. პირადად მე მოვლილი ქალი მირჩევნია ბუნებრივად ძალიან ლამაზს. და თუ ეს ორივე ერთადაა, მაშინ საქმე გვაქვს სრულყოფილ სილამაზესთან.
თავის მოვლაში ვგულისხმობთ ვარჯიშსაც და კვებასაც? და თქვენ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ ამ ორ კომპონენტს?
რა თქმა უნდა, ვარჯიში და სწორი კვება თავის მოვლის განუყოფელი ნაწილია. მე რაც შემეხება, დიეტები არ მიყვარს. ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. ვარჯიშის სახეობიდან უპირატესობას პილატესს ვანიჭებ. ჩემთვის, ჯანსაღი კვება, ვარჯიში და თავის მოვლის პროდუქტები ერთიანობაში ლამაზ ქალს ნიშნავს.
ქართულ მოდაზე რას გვეტყოდით და თუ გამოარჩევთ საყვარელ ქართველ დიზაინერს?
ქართული მოდა ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩემი საყვარელი ქართველი დიზაინერი ჯაბა დიასამიძეა. მისი ჩვენებები მანიჭებს იმ ესთეტიკურ სიამოვნებას, რომელიც სილამაზემ უნდა გამოიწვიოს შენში. ჯაბა ქმნის ლამაზ ქალს. თვითონ მუდამ ამბობს ხოლმე, ასე გამოწყობილებმა უნდა იაროთ ქუჩაში ყოველდღეო... ისე, მართლა რომ წარმოვიდგენ, რა ლამაზი იქნებოდა თბილისის ქუჩები ჯაბას კოსტიუმებში გამოწყობილი ქალებით...
ოჯახი...
შვილები უკვე გაიზარდნენ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ერთი ფეხბურთს თამაშობს პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. მეორეც მუშაობს. ადრე ძალიან ხშირად ვიყავი მათთან, მაგრამ ახლა იმდენად ვერ ვახერხებ ხოლმე შვილებთან ჩასვლას, რომ უკვე თვითონ მეკითხებიან, როდის ჩავალ.
ოცნება, რომელიც ვერ ავიხდინე...
ძალიან მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ისე გამოვიდა, რომ არც მე მყავს გოგონა და ჩემ გარშემოც ყველას ბიჭები ჰყავთ. ამიტომ ამას უნდა დავარქვათ აუხდენელი ოცნება.
ბედნიერება თქვენთვის...
სიყვარულია. სიყვარულში ვგულისხმობ ყველანაირ სიყვარულს. შვილების მიმართ უპირობო სიყვარულიდან დაწყებული, ქალისა და მამაკაცის სიყვარულით დამთავრებული. როცა გრძნობ, რომ გიყვარს, ამ დროს ხარ ყველაზე ბედნიერი.