ცნობილი მსახიობები, მოდელები და მომღერლები მუდმივად ბრწყინავენ წითელ ხალიჩაზე, სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე თუ სარეკლამო ფოტოებში, თუმცა არის ერთი რამ რისი დამალვაც თითქმის შეუძლებელია - მათი კანიც, როგორც ყოველი ჩვენგანის, კარგავს ელასტიურობას და წლებთან ერთად ნაოჭებს იჩენს. რა თქმა უნდა არსებობს საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურებიც, რომელთა დახმარებით ვარსკვლავები ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებენ, თუმცაღა ყოველი მათგანი თავისებურ ხერხს მიმართავს. მაგალითად, 37 წლის ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა, კანის სახლის პირობებში მოვლის მოყვარულია, რომელიც არამხოლოდ პრინცესებისთვის, არამედ "უბრალო მოკვდავებისთვისაცაა" ხელმისაწვდომი. ჰერცოგინიის პირადმა დერმატოლოგმა, ნიკოლა ჯოსმა სწორედ ერთ-ერთი სახლში მოსამზადებელი ნიღაბის რეცეპტი გაგვიზიარა - შესაბამისად სამეფო საიდუმლო რეცეპტის გამოყენებას უკვე ყოველი ჩვენგანი შეძლებს!
ნიკოლა ჯოსი მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი სახის მასაჟებით, რომელიც კანს ახალგაზრდულ იერსა და სილამაზეს ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე უბრუნებს. მეგანის კოსმეტოლოგი არაერთი ცნობილი ვარსვკლავის სილამაზეზე ზრუნავს, მათ შორის არიან გვინეთ პელტროუ, ქეით მოსი და პრიანკა ჩოპრა. შესაბამისად მისი ნდობა ნამდვილად შესაძლებელია და მის მიერ გაზიარებული "მეგანის საყვარელი" ნიღაბიც ეფექტურია - ამას კი ჰერცოგინიის სახეზეც ვხედავთ!
იმისთვის, რომ დავამზადოთ მეგანის საყვარელი ნიღაბი, რომელიც ასეთი ეფექტურია ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: ნახევარი სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქი, ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა და ერთი სუფრის კოვზი ნატურალური "იოგურტი" ან "კეფირი". ჩამოთვლილი პროდუქტები ფრთხილად უნდა შევურიოთ ერთმანეთს, რათა მივიღოთ სახის "კრემის" მსგავსი მასა, რომელიც გაწმენდილ სახესა და კისერზე სქელ ფენად უნდა წავისვათ და გავიჩეროთ 15-დან 20 წუთამდე. დროის ამოწურვის შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა მოვიშოროთ და წავისვათ დამატენიანებელი საშუალება. ნიკოლა ჯოსის თქმით ჰერცოგინია შედეგით ყოველთვის კმაყოფილია რადგან სწორედ ესაა ის ნიღაბი, რომელიც არბილებს კანს, აუმჯობესებს მის ფერს და ებრძვის ნაოჭების გაჩენას.
გარდა მეგანის საყვარელი ნიღაბის რეცეპტისა, ჰოლივუდის ვარსკვლავების კანის ექიმი 5 პროდუქტს გვიზიარებს, რომლებიც კანის მსუბუქი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ სახლიდან გაუსვლელად. ეს პროდუქტებია:
ქოქოსის კარაქი
ქოქოსის კარაქი საუეკთესოა ნატურალური კანის მოვლის საშუალებებს შორის. მისი გამოყენება შეიძლება ნიღაბის დასამზადებლად, ისევე როგორც, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ქოქოსის კარაქი არაჩვეულებრივად ატენიანებს და კვებავს კანს.
კურკუმა
ნიკოლა ჯოსი ყველა კლიენტს ურჩევს სუნელების გამოყენებას, კურკუმა კი კოსმეტოლოგების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფას პროდუქტადაა მიჩნეული, რომელიც კანის მგრძნობელობას ამცირებს და ჰმატებს სირბილეს.
შვრია
შვრიის მარცვლეული არამხოლოდ სასარგებლო საუზმის შემადგენელი ნაწილია, არამედ სახის კანის მოვლის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საშუალებაცაა. უმ მდგომარეობაში შვრიის მარცვლებს იდეალური "სკრაბის" მაგივრობის გაწევა შეუძლიათ, რადგან ისინი ასუფთავებენ კანს და უბრუნებენ ბზინვარებას. როგორც ნიკოლასგან ცნობილია სახის მოსაწესრიგებლად მეგანი ამ პროდუქტსაც ხშირად იყენებს.
კვერცხის ცილა
კვერცხის ცილა სახლის პირობებში ნიღაბის მომზადებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია: მისი ხშირი გამოყენების შემდეგ თქვენ იგრძნობთ თუ რამდენად ჯანსაღი, ცოცხალი და მოვლილი გახდება თქვენი კანი. ხოლო ნაოჭები სულ უფრო და უფრო რთულად შესამჩნევი. შეიძლება ითქვას, რომ კანის გაჯანსაღებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო მეთოდია.
თაფლი
თაფლი კანის ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი და დამამშვიდებელი საშუალებაა, ნიკოლა ჯოსი ვარსკვლავებს ურჩევს შეურიონ თაფლის კოვზი დიდი რაოდენობით ნატურალურ "იოგურტთან" და წაისვან მიღებული მასა გაწმენდილ სახეზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დამშვიდდება და მიიღებს გაუმჯობესებულ იერს.