90-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა, კარიერა მრავალი წლის წინ დაასრულა, თუმცა დროთა განმავლობაში პოდიუმზე მაინც ჩნდება, გარდა ამისა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობს და ამ ყველაფერთან ერთად იდეალურ ფორმაშია. 53 წლის ასაკში სინდი გამომწვევ ფოტოსესიებში კვლავ მონაწილეობს და სარეკლამო რგოლებისთვის ჯინსის მოკლე "შორტებსაც" იხდენს. ყოფილი მოდელი არაერთი თაობისთვის ყოფილა სილამაზის ეტალონი და ამ სტატუსს ის დღემდე ინარჩუნებს. ალბათ ყველასთვის საინტერესოა როგორ შეიძლება 53 წლის ასაკში ისევ 30 წლის გოგონასავით გამოიყურებოდე, სწორედ ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ მოდელის საიდუმლოს კანის მოვლაზე, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, რომელიც გამოცემა The Cut-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პირადად გაგვიზიარა.
"მალიბუში სანაპიროსთან ვცხოვრობ, ამიტომ პირველი რასაც გაღვიძებისთანავე ვაკეთებ გარეთ გასვლაა. ყოველ დილით ვუყურებ ოკეანეს და მზის ამოსვლას. ეს არის სწორედ ის დრო, როდესაც არავინ მაწუხებს და შემიძლია შევიქმნა კარგი განწყობა ახალი დღისთვის. კვირის განმავლობაში აუცილებლად ვიმზადებ და ვსვამ "სმუზს", მოგზაურობის შემთხვევაში კი, სადაც არ უნდა ვიყო აუცილებლად ვუკვეთავ. ჩემი რეცეპტი შეიცავს ნუშის რძეს, ბანანის პატარა ნაჭერს, ერთ ჭიქა ისპანახს, ცოტაოდენ პიტნას, კაკაოს, ძალიან ცოტა იაპონური ჩაის ფხვნილს და მცირე რაოდენობით პროტეინს."
"ჩემი ვარჯიში 20 წუთი გრძელდება და "კარდიოსა" და წონით ვარჯიშს მოიცავს. კარდიოში, რომელიც ფიზიკური აქტივობიდან ჩემი საყვარელი ნაწილია, ბატუტზე ხტომა, სარბენ ბილიკზე სირბილი, ელიფსის მოწყობილობაზე ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სწრაფი სიარული შედის. ჩემი სახლიდან სანაპირომდე კიბეა, ვრთავ აუდიო წიგნს ან მუსიკას და დავრბივარ ამ კიბეზე დაახლოებით 20 წუთის მანძილზე. კვირაში კარდიო ვარჯიშებს მინიმუმ 3 საათს ვუთმობ. კარდიო ვარჯიშის შემდეგ, ნახევარი საათის განმავლობაში ჩვეულებრივ ვარჯიშებს ვასრულებ, რომლებიც სკოლიდან მახსოვს. გარდა ამ ყველაფრისა, კვირაში ერთხელ ჩემს მეგობართან ერთად ფეხით ვმოგზაურობ."
"ჩემთვის ჯანმრთელი ცხოვრების წესი "ბალანსია". არ მინდა ვიყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც ამბობენ: "ვაიმე, ვარჯიში გავაცდინე და ახლა ამაზე ვღელავ". ეს უკვე ჯანმრთელობა არაა. ჩემს ცხოვრებაში "ბალანსს" ვაღწევ მაშინ, როდესაც მაქვს დრო მეგობრებისთვის, ოჯახისთვის, ქველმოქმედებისთვის, საქმისა და საკუთარი თავისთვის. როდესაც ვგრძნობ, რომ დროს სწორად ვანაწილებ, ზუსტად მაშინ ვგრძნობ თავს კარგად".
"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი წონა ძალიან მაღელვებდა, საკუთარ თავს ხშირად ვეუბნებოდი; "თუ ჩავეტევი ვიწყო ჯინსის შარვალში, ესეიგი კარგად გამოვიყურები". ახლა სპორტით კვირაში ხუთჯერ მაინც ვკავდები, რაც სიგიჟეა, თუმცა ჩემი მეგობარი თვლის, რომ ჩვენს ასაკში აუცილებელია ხშირად ვარჯიში სილამაზისა და ფორმის შესანარჩუნებლად. როდესაც კალიფორნიაში ვარ სწორედ ასეთი განრიგი მაქვს, თუმცა როდესაც ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ბოლო დროს ხშირად მონაწილეობს ჩვენებებში, ევროპაში ვმოგზაურობ, უბრალოდ ვტკბები ხანგრძლივი გასეირნებით."
"მიხარია, რომ ჩემი შვილი ჩემგან იღებს მაგალითს და ხედავს როგორ ვუვლი თავს. კაიას არასდროს ვუკითხავ ლექციებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იცხოვროს. ის ხედავს, რომ ადრე ვიძინებ და ადრე ვიღვიძებ რათა ვივარჯიშო. შეიძლება ეს მხოლოდ ჩემს ოჯახში ხდება, მაგრამ ბავშვები ყოველთვის ისე იქცევიან თითქოს არ ითვალისიწინებენ ჩემს რჩევებს, თუმცა სინამდვილეში მე ვხედავ, რომ ისინი ჩემგან იღებენ მაგალითს. როდესაც კაიას კვირეულზე გავყევი, ერთ-ერთ დღეს მარტივი რჩევა მივეცი: 5-6 საათი ძილი მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეიძლება კვირაში, კვირის დანარჩენი დღეების მანძილზე კი აუცილებლად გამოიძინე. მიყვარს მოდის სამყარო და ის ძვირფასი გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში მივიღე, თუმცა მახსოვს ის გრძნობა, როდესაც შენს გარშემო მუდმივად გაწამაწიაა. სწორედ ამიტომ აუცილებელია დრო დაუთმო საკუთარ თავს და დაისვენო: მოიშორო მაკიაჟი, ჩაიცვა სპორტული შარვალი და ცოტა ხნით მაინც დაივიწყო სამსახური".
"სამოდელო ბიზნესში არავის აინტერესებს მოდელის პიროვნება, ის ან გამოდგება ამ საქმისთვის ან არა. თუმცა ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, სწორედ ამ დროს იწყებ მუშაობას შენს ტანზე , მე ამ პერიოდში 20 წლის ვიყავი. როდესაც მივხვდი, რომ კანი სულ 20 წლის გოგონასავით არ მექნებოდა 28 წლის ვიყავი და სერიოზულად დავიწყე მისი მოვლა. გარდა ამისა დავკავდი სპორტით, ავიყვანე მწვრთნელი, დავიწყე კვირაში ერთხელ კოსმეტოლოგთან სიარული და მას შემდეგ, ეს ყველაფერი ჩემი სამსახურის ნაწილი გახდა".
"ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანი მთლიანად იცვლება, კანი, თმა, ტანი - ყველაფერი სხვანაირია. მე მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, თუმცა ვაცნობიერებ რამდენი წლისაც ვარ. ამ ასაკში ფორმის შენარჩუნეაბ უფრო რთულია. მაგრამ ვხედავ ჩემს მეგობრებს და ვხვდები, რომ ისინი არაჩვეულებრივები არიან და არ ვგულისხმობ მხოლოდ გარეგნობას. ასეთ მომენტებში ვხვდები, რომ ქალები ნაკლებად კრიტიკულად უნდა მოეკიდონ საკუთარ თავებს".
"ჩემი კვების მთავარი წესია, რომ 80% იყოს ჯანმრთელი საჭმელი. ჩემთვის ეს სავსებით მარტივია. როდესაც პირველად ვიყავი ნიუ-იორკში, ვიღაცამ მითხრა, რომ პასტა არ შეიცავდა ბევრ ცხიმს. არაფერი გამხარებია მაშინ ისე, როგორც ამ ამბის გაგონება. ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა ჩემი სხეული თეთრი პურისა და პასტის გარეშე ბევრად უკეთ გამოიყურება. ვცდილობ ვჭამო ცხიმიანი თევზი, ბოსტნეული და ისეთი პროდუქტები, რომლებიც ცილებს შეიცავს. თუმცა ხანდახან აუცილებლად ვაძლევს თავს პიცის ჭამის უფლებას".
"მიენდეთ თქვენს ინტუიციას. ყველაფერი რაც უხდება თქვენს მეგობარს, არ მოგიხდებათ თქვენ. თუკი არ მოგწონთ ველოსიპედით სეირნობა, სცადეთ ცურვა. არ მოგწონთ ცურვა? სცადეთ სპორტდარბაზში ვარჯიში. იპოვეთ რაღაც, რაც თქვენია. როდესაც მეკითხებიან რა არის ჩემი სილამაზის საიდუმლო, ვპასუხობ, რომ საიდუმლო არ მაქვს. ჩვენ ხომ ისედაც ვიცით, რომ უნდა გვეძინოს საკმარისად, უნდა ვსვათ წყალი და არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი. ეს ყველაფერი ისედაც გასაგებია ყოველი ჩვენგანისთვის".