ჩვენი რუბრიკის სტუმარი ყველასთვის ცნობილი და პატივსაცემი ექიმი-პედიატრი სოფო სულავაა. ადამიანი, რომელსაც უამრავი ბავშვის ჯანმრთელობის ბედი აქვს მინდობილი და როგორც თავად აღნიშნავს, ცხოვრების 2/3 სწორედ მის საყვარელ საქმეს და უსაზღვროდ საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ მისიას უჭირავს. სოფოს, რომელიც საოცრად ენერგიულად და მომხიბლავად გამოიყურება, DINEHALL-ში ვესაუბრეთ. გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს, რომელიც მასთან მხოლოდ თქვენთვის, ქართული OK!-ის მკითხველებისთვის ჩავწერეთ.
რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ ექიმი?
იყო ექიმი – ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, შიში ჩემი პროფესიის მიმართ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცი და სასწავლი მაქვს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც სამომავლოდ პროფესიულად გამზრდის, სანამ შემეძლება მუშაობა.
ადამიანისგან ვერ დადგება ექიმი, თუ არ აქვს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების უნარი. ფაქტობრივად, არაფრისთვის და არავისთვის მცალია და ცხოვრების 2/3 ჩემს საქმიანობას და პროფესიას ხმარდება, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემი ოჯახი ანგარიშს მიწევს. როგორც ჭირვეულ ბავშვს, ისე მიწყობენ ხელს და იციან – როცა საქმით ვარ დაკავებული, არაფერი უნდა მკითხონ ან მომთხოვონ. პირიქით – თავად ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობასა და კომფორტზე.
გისმენთ და ვხვდები, რომ მიჯაჭვული ხართ თქვენს საქმეზე. მაინც რატომ გიყვართ თქვენი პროფესია, შეგიძლიათ ახსნათ?
მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან მუდამ ძიებაში ვარ და ხშირად ვიმარჯვებ. იცით, მეშინია ხოლმე, დამარცხებული არ აღმოვჩნდე, რომელიც ძალიან ძვირად დამიჯდება მეც და რასაკვირველია, ჩემს პაციენტსაც. მთელი ჩემი ცხოვრება, გამოცდილება, უნარები, ინფორმაციის მიღებისკენ ლტოლვა, ემსახურება უდიდეს სურვილსა და მიზანს, პედიატრია დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში თანამებრძოლად გავიხადო. ხანდახან მგონია, რომ რაღაცას მივაღწიე, მაგრამ შემდეგ გამოჩნდება ერთი-ორი შემთხვევა, რომელიც ცხადად მაგრძნობინებს, რომ ჯერ კიდევ შორს ვარ სრულყოფისგან და ესეც მომწონს. ჩემი საქმე მეცნიერებისა და ხელოვნების დიდი, რთული დარგია, ეს ის მოცემულობაა, რომელმაც ჩემი ფსიქიკა შეცვალა. არსებობს რიგი პათოლოგიები, რომლებიც თავად მემართება ხოლმე – ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, საერთო სისუსტე, და ამ ფსიქოსომატურ მდგომარეობებს იწვევს განცდა, რომ პაციენტი ცუდად მყავს, მე კი ჯერ ვერ გავერკვიე, გზას ვერ მივაგენი. როგორც კი დიაგნოზში და ავადმყოფობის დამარცხების გზებში გავერკვევი, გავიმარჯვებთ და გავიგებ, რომ ბავშვი კარგადაა, მაშინვე უჯანმრთელესი ვხდები და ენერგიით ვივსები! ყოველთვის ვცდილობ კარგად და დიდხანს გავსინჯო, გამოვკითხო პაციენტები. ხანდახან მედავებიან კიდეც ამაზე კოლეგები და ოჯახის წევრები, მაგრამ ჩემმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ დიდი დროის დათმობის გარეშე, ვერ მივიღებ იმ სრულყოფილ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია დიაგნოზის დასასმელად.
როგორ ფიქრობთ, რა აუცილებელი თვისებები უნდა ჰქონდეს ექიმს?
წარმატების ბევრი რეცეპტი არსებობს. ექიმისთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა და შრომისუნარიანობაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევს ის წარმატებას, რასაც საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი. მე არ ვარ წარმატებული ექიმი და ამას გულწრფელად ვამბობ. წარმატება იცით, რა იქნება? როცა არ იარსებებს განუკურნებელი ბავშვი და დაუსმელი დიაგნოზი. ჩემი შრომისთვის უდიდეს ჯილდოდ მიმაჩნია ის მხურვალე მადლობა, რომელსაც ვიღებ. ყოველ ასეთ მადლობას საკუთარ გამარჯვებად მივიჩნევ. უდიდესი წვლილი ჩემს საქმიანობაში და ცალკეულ წარმატებებში მიუძღვის კლინიკა medi club-ს, სადაც 19 წელია ვმუშაობ. ასევე არაჩვეულებრივ გუნდს, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს.
ქალბატონო სოფო, ოჯახზეც გვიამბეთ.
ვფიქრობ, რომ როგორც დედა, წარმატებული ვარ, რადგან არ მახსოვს შვილებთან ნათქვამი არც ერთი ხმამაღალი სიტყვა ან მათი საქციელი, რითაც ნაწყენი დავრჩენილვარ. 2 შვილი მყავს – ქალი-ვაჟი. მყავს ასევე შეძენილი შვილი – რძალი, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია; 2 არაჩვეულებრივი შვილიშვილი, რომლებსაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ პედიატრიული თვალსაზრისით. უფროსი შვილიშვილი – მაშო, 11 წლისაა და ბოლო დროს ხშირად მთხოვს ხოლმე, მოვუყვე პაციენტების შესახებ, აქტიურად აკონტროლებს ჩემს პროფილს სოციალურ ქსელში და ძალიან უხარია, როცა ბევრ მოწონებას დაინახავს. პატარა შვილიშვილი – გიორგი სულავა, 7 წლისაა. იცით, ეს დიდი ბედნიერებაა, როცა შვილები და შვილიშვილები კარგად არიან. ჩემი მეუღლე პროფესიით ინჟინერია, მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანია და განსაკუთრებულად ზრუნავს ჩემზე.
ბედნიერი ადამიანი ხართ?
უბედნიერესი ადამიანი ვარ. იცით, ჩემ გარშემო ყველაფერი საუკეთესო ხდება, რაც ერთი ადამიანისთვის საკმარისია იმის სათქმელად, რომ მან ღირსეული სიცოცხლე გაიარა. იმედი მაქვს, ძალიან ხმამაღალი არ იქნება ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე...
ოჯახური რიტუალები თუ გაქვთ ხოლმე: შეკრებები, საოჯახო სადილები?..
რასაკვირველია. ერთად ვიკრიბებით ხან მეგობრები, ხან ოჯახი – ჩემი შვილები, შვილიშვილები, დები, დისშვილები. აღვნიშნავთ ზამთრის, გაზაფხულის შემოსვლის დღეებს, თოვლის ბაბუის დღეს; ვარიგებთ საჩუქრებს, ვმხიარულობთ და გულს ვიჯერებთ ერთად ყოფნით. წავკისში გვაქვს დიდი სახლი და იქ ვიკრიბებით ხოლმე. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ წავკისში ამოსვლა. ჩვენ გვაქვს ტრადიციული ოჯახი, სადაც არასოდეს გვიღალატია ერთმანეთისთვის და არ არსებობს სოციალური პაექრობები – რძალ-დედამთილის და რძალ-მულის კლასიკური დაპირისპირებები. ყველანი ვმეგობრობთ.
ოჯახში საფუსფუსოდ გრჩებათ დრო?
წარმოიდგინეთ, როგორც წესი, შინ 10 საათზე ვბრუნდები ხოლმე. შესაბამისად, სახლის საქმეებისთვის არ მრჩება დიდი დრო, მაგრამ დები და ნათესავები მაგულიანებენ ხოლმე, კარგად გამოგდის კერძების მომზადებაო. როგორც ამბობენ, განსაკუთრებით გემრიელი გამომდის საცივი, რომელიც მეუღლის ბიცოლამ მასწავლა. ყველაზე მეტად საახალწლოდ მიყვარს შინ ფუსფუსი და მზადება.
არაჩვეულებრივად, საოცრად ენერგიულად გამოიყურებით. როგორ ახერხებთ ამას?
დიდი მადლობა. გაგიმხელთ ჩემი განწყობის საიდუმლოს: არავისი მშურს, ადამიანები მიყვარს; ჩემ გარშემო ყველაფერი – საკუთარი ქვეყანა, ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს. იშვიათად ვიფუჭებ განწყობას წვრილმანი მიზეზების გამო და ხშირად კარგ გუნებაზე ვარ.
თქვენი ყველაზე დიდი სურვილი გაგვიმხილეთ.
მინდა, კეთილგანწყობა იყოს ადამიანებს შორის და არ იმეტებდნენ ასე ძალიან ერთმანეთს. მეტად სცემდნენ პატივს შვილები მშობლებს და მშობლებსაც მეტი დრო ჰქონდეთ შვილებისთვის. მინდა, ჩემს ქვეყანას ეღირსოს აყვავება. ნოდარ დუმბაძეს აქვს ნათქვამი: „საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე“. საოცარი ნათქვამია.
რაც შეეხება სურვილებს, რომლებიც ჩემს სფეროს, მედიცინას უკავშირდება, იცით, ძალიან მაღალი ინტელექტი და ცოდნა აქვთ ჩვენს ექიმებს და მხოლოდ ხელშეწყობა, სათანადო გარემო სჭირდებათ მუშაობისთვის. ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმა და ვამაყობ, რომ ის გვყავს – გონიერი ადამიანი აკადემიური მიდგომებით, რომელმაც ჯანდაცვის მიმართულებით დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და რის გამო მას დიდ პატივს ვცემ.
ქალბატონო სოფო, ასეთი დატვირთული და რთული რეჟიმით ცხოვრობთ. როგორ განიტვირთებით? ენერგიას რა გაძლევთ?
თავისუფალი დრო მაქვს მხოლოდ ნახევარი შაბათი და კვირა. ჩემთვის მთავარი ბედნიერებაა, როცა ბავშვებთან ერთად ვარ. მოვამზადებთ მათ საყვარელ კერძებს, მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით და ვხარობთ ერთად ყოფნით. ეს ერთი სიამოვნებაა.