53 წლის სინდი კროუფროდის გულშემატკივრები თვლიან, რომ სუპერმოდელი დღეს არანაკლებ ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე კარიერის დასაწყისში. საიდუმლო მარტივია: ორი შვილის დედა და დიზაინერების საკულტო მუზა წლების მანძილზე კონკრეტული ცხოვრების სტილის ერთგულია. დისციპლინირებული კვება, სპორტი და საკუთარი თავის სიყვარული ყოველთვის განაპირობებს სილამაზესა და შინაგან ბალანსს. სინდის ციტატებით წარმოგიდგენთ 20 წლიანი სამოდელო კარიერის გამოცდილებას.
1. საყვარელი სმუზის და პიცის რეცეპტი
"ყოველ დილას სასარგებლო სმუზით ვიწყებ. ვურევ 1 ჭიქა ნუშის რძეს, ნახევარ გაყინულ ბანანს, 1 ჭიქა ისპანახს, 1/4 ჭიქა პიტნას და კაკაოს ჩიპსებს. კაია ამ სასმელზე გიჟდება. სადილზე, როგორც წესი, ქათმის სალათას მივირთმევ. ვცდილობ მთელი დღის მანძილზე სწორად ვიკვებო. ყოველ კვირა საღამოს პიცას მივირთმევთ. ჩემთვის განსაკუთრებულს ვაკეთებ: ტომატპასტის მაგივრად თხილის სოუსით, ბოსტნეულითა და ნაკლები ყველით."
2. ორსულობა და სხეული
ორსულობის დროს 13 კილოგრამი მოვიმატე. პრესლის გაჩენის შემდეგ, მუცელზე უამრავი ნაკეცი მქონდა. მაშინ ჩემი მხრიდან ყველაზე გონივრული გადააწყვეტილება იყო, რომ ვიდეოგაკვეთილები ჩამეწერა სავარჯიშოებით, რომლებიც ახალბედა დედებს დაეხმარებოდათ ფორმაში მოსავლელად. ეს მეც მოტივაციას მაძლევდა ფიტნესს დავბრუნებოდი.
3. კისრის და სახის ოვალის მოვლა
20 წლის წინ, გავიცანი ქალი, რომელიც რეგულარულად იკეთებდა კისრის მასაჟს. მან ამიხსნა, რომ თუ ამ კუნთებს ტონუსში მოვიყვანდი, ასაკში სახის ნორმალურ ოვალს შევინარჩუნებდი. მეც ეს მარტივი სავარჯიშოები ჩემს პროგრამაში შევიტანე. უნდა დაწვეთ ზურგზე, ნიკაპით მაღლა. აწიეთ ოდნავ თავი და ნიკაპი მკერდისკენ მიზიდეთ, შემდეგ თავი საწყის მდგომარეობაში დააბრუნეთ, მაგრამ იატაკზე არ დადოთ, ჰაერში გეჭიროთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.
4. სწორი აღზრდა
ორი შვილის დედა ვარ და თუ მათ ნაყინი სურთ, მეც მათთან ერთად შევჭამ. არ მინდა ჩემი ქალიშვილი ფიქრობდეს, რომ ლამაზი ქალი მუდმივად თავს იზღუდავს. ის ხედავს ჩემს ვარჯიშებს, მაგრამ ხედავს იმასაც, რომ საკუთარ ცხოვრების წესს ვირჩევ. მინდა მისთვის კარგი მაგალითი ვიყო.
5. იდეალური ვარცხნილობა
ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ვიბან თავს, ამიტომაც ვარჯიშის დაწყებამდე თმებზე დამატენიანებელ საშუალებას ვისმევ და მაღლა ვიკრავ. რა თქმა უნდა, სამოდელო ბიზნესში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ისინი ისეთივე მოცულობითი არაა, როგორც ადრე. თმა სჯობს ბუნებრივად გააშროთ. ასევე, შევამჩნიე, რომ თუ კოსით ვიძინებ, დილით, გაშლისას ლამაზ ფორმას იღებს.
6. ქმართან ურთიერთობა
ვფიქრობ, რენდისთან ქორწინებაზე და ჩემს კარიერაზეც დადებითად იმოქმედა ფაქტმა, რომ თავიდან უბრალოდ მეგობრები ვიყავით. ჩვენს სიყვარულს მყარი მეგობრობა უძღოდა წინ. ზოგადად, რენდი საოცრად მსუბუქი და კომფორტული ადამიანია, მასთავ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. დავუჯერე, როცა მითხრა, რომ სურდა ბედნიერი გავეხადე.
7. პიროვნულობა
ვფიქრობ, შეუძლებელია ისწავლო მოდელობა, ეს შიგნიდან უნდა მოდიოდეს. ერთადერთი პრაქტიკული რჩევა, რომელიც კაიას დეფილეს წინ მივეცი, შემდეგნარია: "არ მინდა პოდიუმზე დავინახო გოგონა მკვდარი თვალებით და არაფრისმთქმელი სახით". ჩემი აზრით, ეს საინტერესო არ იქნება და ვიცი, რომ ახლა მსგავსი მიდგომა მოდურია. კაიას ვეუბნებოდი, რომ ადამიანებს პიროვნულობის დანახვა სურთ, ვფიქრობ მან გამიგო.
8. კანის სილამაზე
არ მეზარება წავისვა მზისგან დამცავი კრემი. ეს აუცილებელი პუნქტია. ცოტაოდენ პუდრს ვამატებ, ცოტა ტუჩსაცხს და ტუშს. ამ 4 პროდუქტით შემიძლია გავიდე გარეთ. ხშირად მესმის ფოტოგრაფებისგან: "შენი კანი ძალიან კარგ მდგომარეობაშია", მიხარია და მეც მომწონს. დარწმუნებული ვარ, კვების, ფიზიკური სავარჯიშოების და ნორმალური ძილის გარეშე, უარესი იერი ექნებოდა.
9. ხალი ტუჩთან
ცნობილია, რომ ხალი მარჯვნივ სილამაზის ნიშანია, მაგრამ მე ის მარცხნივ მაქვს. ჩემს ბავშვობაში ეს სიმახინჯედ ითვლებოდა. ბევრჯერ ვფიქრობდი ხერხებს, როგორ მომეშორებინა, მაგრამ დედამ ერთხელ მითხრა: "შენ არ იცი, როგორი იქნება შენი ხალი გარკვეული დროის შემდეგ და რას მოგცემს ის" და მართალიც იყო. ის ჩემი ინდივიდუალური ნიშანი გახდა, სავიზიტო ბარათი.