ქალები ბედნიერებას მცირე დეტალებშიც პოულობენ, ხიბლავთ სასურველად ყოფნის განცდა და ხშირი ქათინაურები. არავინ იცის, სხვადასხვა ეპოქის გარდასვლასთან ერთად, რა ცვლის ქალის ესთეტიკური მშვენიერების აღქმის სტანდარტს. ზოგი მიმზიდველად თვალის ფერს ან მოცულობით ტუჩებს მიიჩნევს, ზოგიც მეცნიერების აზრს ქვეცნობიერად ემხრობა და ფიქრობს, რომ სილამაზის ეტალონი მეტად სიმეტრიული სახეა.
ფაქტია, რომ ის, რაც ჩვენს საუკუნეში ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს, სახის გამორჩეული ნაწილი – ცხვირია. სწორედ ამიტომ, პლასტიკურ ქირურგიაში რინოპლასტიკისადმი მიმართვიანობა ხშირი არჩევანია. სწორი, აპრეხილი, მცირე ზომის ცხვირი სილამაზის იმ სტანდარტად მიიჩნევა, რომელიც უამრავ ქალს სურს. ზურაბ ხუციძე კლინიკაში „წოპე“ რინოპლასტიკის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას სათავეში უდგას და საკუთარ გამოცდილებასა და მუდმივად განახლებად ხედვას ყველაზე ხშირად სწორედ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას ახმარს.
რამდენად საინტერესო ხელოვნებაა რინოპლასტიკა?
საქმე გვაქვს ადამიანის რომანტიკულ შეგრძნებებთან, მის წარმოდგენებსა და ფანტაზიასთან, რომელიც რინოპლასტიკის ოპერაციის შემდგომ ტრანსფორმაციას უკავშირდება. უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, შეძლო და პაციენტის მოლოდინს ადეკვატურად გამოეხმაურო. სწორედ ეს ხდის სფეროს საინტერესოს.
მამრობით სქესთან შედარებით, რამდენად მეტია სფეროს მსგავსად საინტერესო ადამიანების, ქალბატონების რიცხვი, რომლებიც რინოპლასტიკისთვის მოგმართავენ? რა ხდება მათთვის ამის მიზეზი?
ჩემი პაციენტები უმეტესად სწორედ ქალბატონები არიან. ისინი რინოპლასტიკის ოპერაციას მაშინ ირჩევენ, როცა მიაჩნიათ, რომ მათ ცნობიერებასა და გარეგნობაში არსებობს დეტალი, რომელიც შეცვლას საჭიროებს. მიაჩნიათ, რომ ამ სიახლის შემოტანა მათ ცხოვრებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის და რაც მთავარია, თავდაჯერებას შემატებთ. მართლაც ასე ხდება – წარმატებით ჩატარებული ოპერაციით მიღწეული ტრანსფორმაცია ყოველ ჯერზე მათთვის დიდი სტიმული ხდება.
რითი განასხვავებდით ქალ პაციენტებს მამაკაცებისგან?
ალბათ იმ ფაქტით, რომ მდედრობითი სქესი, რომელსაც სუსტ სქესსაც უწოდებდნენ, ოპერაციის თანმდევი ღელვისადმი მეტი გამძლეობით, მტკიცე ხასიათით გამოირჩევა. ისინი ძლიერი ადამიანები არიან.
რამდენად ხშირად იმალება ამ საკმაოდ ძლიერი სქესის მიღმა ის კომპლექსები, რომლებიც ზოგჯერ რეალური საჭიროების გარეშე აიძულებს მათ რინოპლასტიკის აუცილებლობაზე იფიქრონ?
როცა ქალბატონი ჩემთან კონსულტაციაზე მოდის, მე, როგორც უამრავ პაციენტთან მუშაობის გამოცდილების მქონე ქირურგს, ჩამოყალიბებული მაქვს უტყუარი ხედვა, რომელიც მკარნახობს, საჭიროა თუ არა ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა, ნამდვილად არსებობს თუ არა მათი მხრიდან ამ ტრანსფორმაციისთვის მზადყოფნა. ზოგჯერ რინოპლასტიკის გაკეთების სურვილი მართლაც მხოლოდ სიახლისკენ სწრაფვას უკავშირდება და მათთვის პიროვნულად არაფერს ცვლის. არიან ადამიანებიც, რომელთათვისაც ეს რეალურად ცხოვრების ახალი კარია, ახალი ძალა და მეტი ბედნიერებაა. ასეთ დროს ოპერაცია ნამდვილად გამართლებულია.
რას ურჩევდით ამ ორივე მხარეს მდგარ ქალბატონებს?
პირველ მხარეს მყოფთ ვურჩევდი, რომ საკუთარი თავის ირწმუნონ და შეიყვარონ. მეორე მხარისთვის კი ჩემს იმ პრივილეგიას გამოვიყენებდი, რომელსაც პლასტიკურ ქირურგად ყოფნის სტატუსი მანიჭებს. ქირურგად ყოფნა ჩემთვის მათი ბედნიერების გასაღებია. სწორედ ეს არის საქმიანობის მთავარი მოტივაციაც.
როგორ ხედავთ თითოეული პაციენტის გარეგნობაში განსახორციელებელ ცვლილებას?
როგორც ყველა ქირურგისთვის, ჩემთვისაც ალბათ თანმდევი სენია, ვხედავდე სრულიად უცხო ადამიანებსაც კი და საკუთარ გონებაში მათ სახეს ვაანალიზებდე, ვარგებდე სხვადასხვაგვარ ნაკვთს. მით უფრო, ეს რა თქმა უნდა ხდება ჩემს პაციენტებთან.
ხშირად საუბრობენ იმ მუდმივი, სრულყოფილად პასუხგაუცემელი შეკითხვის გარშემო, თუ „რა სურთ ქალებს“? თქვენი გადმოსახედიდან, რა სურთ რინოპლასტიკის პაციენტ ქალებს?
როგორც აღვნიშნე, ამაში ისინი ხშირად ექიმთან კონსულტაციაზე მოსვლისას ერკვევიან – მას შემდეგ, რაც საკუთარ გადაწყვეტილებას ვერდიქტს გამოუტანენ.
უამრავ პაციენტთან მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, რომლებიც თქვენ მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კიდევ უფრო ლამაზდებიან, თქვენთვის როგორია ლამაზი ქალი?
ლამაზი ქალი, უპირველესად, საკუთარ თავთან ჰარმონიაშია. თუ ამ კონდიციაში მას რინოპლასტიკა გადაიყვანს, გადადგამს შესაბამის ნაბიჯს. მთავარია, ქირურგმა ინდივიდუალიზმი არ დაუკარგოს, რაც სტანდარტული შტრიხების შეტანისას ხდება ხოლმე. ჩემი, როგორ პლასტიკური ქირურგის, მთავარი ამოცანა სწორედ ესაა.