კიმ კარდაშიანი უკვე რამდენიმე წელია ფსორიაზს ებრძვის. ეს არის კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადება, რომელსაც ანთებითი პროცესები ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ კიმს კანის არასახარბიელო სტრუქტურის გამო ხშირად აკრიტიკებენ, ის თავად ცდილობს საკუთარ ჯანმრთელობას გაგებით მოეკიდოს და სხვებსაც იმავეს ურჩევს.
38 წლის ვარსკვლავმა გუშინ ფსორიაზიანი სახის ფოტოები გამოაქვეყნა, კადრებში ის მაკიაჟის გარეშე ფიგურირებს და მისმა ამ თამამმა ნაბიჯმა საზოგადოების ყურადღება იმთავითვე მიიქცია.
კიმი ყოველთვის გულახდილია, როცა საკუთარ დაავადებაზე საუბრობს, მან 2016 წელს გადაწყვიტა, რომ ამას აღარ დამალავდა და ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა კიდევაც აღნიშნულ გამოწვევაზე.
"ზოგჯერ მგონია ეს ჩემი დიდი ნაკლია და ყველამ იცის მის შესახებ, ამიტომაც რატომ დავმალო? მე რა თქმა უნდა ვცდილობ მისგან განკურნებას, მაგრამ იქამდე უბრალოდ ვსწავლობ რომ საკუთარი თავი ისეთი მივიღო როგორიც ვარ," - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ კიმმა რამდენიმე კვირის წინაც გაგვიზიარა ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ რა საშუალებებით ებრძვის ის კანის გართულებებს, "ფსორიაზი საშინელებაა,"-დაწერა მან.
ამასთანავე ის არ შეუშინდა ფსორიაზიანი ფეხის გამოჩენასაც და ინსტაგრამზე კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რაც აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებისთვის საკმაოდ დიდი მოტივაცია და შთამაგონებელი საქციელი აღმოჩნდა.