21 წლის ამერიკელი სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი და ახლა უკვე წარმატებული ბიზნესლედი - კაილი ჯენერი პოპულარობის მოპოვებასთან ერთად, ხშირად ექცევა კრიტიკის ქარ-ცეცხლში, რაც უპირველეს ყოვლისა მის გარეგნობას უკავშირდება, საზოგადოება თვლის რომ მან უამრავ პლასტიკურ ოპერაციას მიმართა, რის დასაბუთებასაც მისი სილამაზის ტრანსფორმაციის ამსახველი კადრებით ცდილობენ.
ჭორები პლასტიკურ ოპერაციებზე უკვე წლებია ისმის, თუმცა კაილიმ მათზე კომენტარი სულ ცოტა ხნის წინ, ჟურნალ Paper-თან ინტერვიუში გააკეთა, რომლისთვის ჩატარებულ ფოტოსესიაშიც ის მოკლე თმითა და განსხვავებული იმიჯით ფიგურირებს.
"ადამიანები ფიქრობენ, რომ საოპერაციო მაგიდას მივმართე და სახის ნაკვთები მთლიანად შევიცვალე, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება"-აღნიშნა კაილიმ ინტერვიუში.
მოგვიანებით კი, იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ ვერ გარისკავდა ვერასდროს, როგორც აღმოჩნდა მას ნემსისაც კი ეშინია, თუმცა არ უარყოფს რომ ტუჩების დაბერვისთვის ხშირად მიუმართავს, რისთვისაც სწორედ ამ "იარაღის" გამოყენებაა საჭირო.
"მათ უბრალოდ არ ესმით რა შეუძლია კარგ მაკიაჟსა და ვარცხნილობას, ამ ყველაფერს ნამდვილად შეუძლია ცვლილებების მოტანა" - სწორედ ასე შეაფასა მან იმ ტრანსფორმაციის მიზეზები, რომელზეც უკვე წლებია ხალხი საუბრობს.