ზაფხულში თერმული წყლის ბოთლი ყველა ქალბატონის ჩანთაში უნდა ინახებოდეს. თერმულს უწოდებენ წყალს, რომელიც მინერალურ მარილებს შეიცავს. როგორც წესი, ასეთი წყლები ცხელია და არტეზიულზე უფრო სუფთად მოიაზრება. რაც უფრო ღრმად მდებარეობს თერმული წყლის წყარო, მინერალების მით უფრო მაღალ კონცენტრაციას შეიცავს.
მინერალურ წყალს თერმულისგან მინერალების ნაკლები რაოდენობის გარდა, გამოყენების მიზანიც განასხვავებს. მინერალურ წყალს შინაგანი ორგანოების პროფილაქტიკისთვის, თერმულს კი გარეგანი მოხმარებისთვის იყენებენ.
თერმული წყალი შეიძლება იყოს იზოტონური და ჰიპერტონული. იზოტონური ხსნარი სასარგებლოა მგრძობიარე და დაზიანებული კანისთვის, ამიტომაც ნორმალურ კანზე შესაძლოა ეფექტი ვერ მოახდინოს. ჰიპერტონული თერმული წყლები უფრო აქტიური მოხმარებისთვისაა, თითქმის ყველას უხდება, განსაკუთრებით კი ცხიმიანი კანის მფლობელებს. ხშირად ისინი შეშუპების მოხსნასაც ეფექტურად უმკლავდებიან.
პრაქტიკულად ყველა თერმულ წყალს ერთი საერთო თვისება აქვს - ისინი ამშვიდებენ და დაძაბულობას ხსნიან. ეფექტი მით უფრო შესამჩნევია, რაც უფრო დიდი რაოდენობის კალციუმს შეიცავს წყალი. მინერალები, რომლებიც თერმული წყლის შემადგენლობაში შედიან, კანის ჟანგბადით გაჯერება, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება და ბრწყინვალების შემატება შეუძლიათ. სელენით მდიდარი თერმული წყლები კარგი ანტიოქსიდანტებია.
არსებობს მოსაზრება, რომ თერმულ წყალს კანის დატენიანება შეუძლია, თუმცა ეს მთლად ასე არაა. თერმული წყალი გამომშრალ კანს კრემს ვერ ჩაუნაცვლებს. ამიტომაც, მსგავსი წყლის ბოთლი საჭიროა მაშინ, როცა კანი ტენიანობის ქვეშ ხვდება: თვითმფრინავსა და ოფისში კონდიციონერთან, სავარჯიშო დარბაზში ან თუნდაც სანაპიროზე. ის კანის დატენიანების ხარისხის გაუმჯობესებას ვერ მოახდენს, თუმცა კონკრეტულ მომენტში მხარდამჭერად მოგევლინებათ და მოსალოდნელი საფრთხის დაძლევაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
თერმული წყალი სახლში დაბანის ან ეპილაციის შემდეგ გამოგადგებათ: ის დაამშვიდებს კანს, მოხსნის გაღიზიანებასა და შეწითლებას. თერმული წყლის გამოყენება მრავალმხრივად შეგვიძლია და ყველა ხერხი ერთნაირად სასარგებლოა. მაქსიმალური ეფექტისთვის ის სუფთა კანზე კრემის ქვეშ წაისვით. ამგვარად მინერალები კანში ღრმად შეაღწევენ.
თერმული წყლის წასმა მაკიაჟის ზევიდანაც სასარგებლოა. მინერალების გარკვეული რაოდენობა ტონალური საშუალებების ფენებს გაარღვევს და კანში მოხვდება. ამიტომაც მსგავსი პროცედურის ჩატარებას ოფისში ყოფნის დროსაც შეძლებთ.
აღსანიშნავია, რომ ყვავილოვანი წყლები თერმულ წყლებს არ წარმოადგენენ. თერმული წყალი სპეციალური წყაროდან მოპოვებული სითხეა, რომელსაც ვაკუუმიან ბოთლში ხუფავენ და არანაირ კონსერვანტებს არ უმატებენ. ყვავილოვანი წყალი კი გარკვეული ნივთიერებებით შემდგარი ე.წ. „კომპოზიციაა.“