კოსმეტიკური ბიზნესი ოჯახებს ქმნის, აძლიერებს და ხანდახან ანადგურებს კიდეც.
დღეს, ელისეის მინდვრებზე, Guerlain-ის მაღაზიაში რაიმე ნივთის შეძენა რომანტიკული და მოდური საჩუქარის წინაპირობაა. თუმცა სახელწოდება Guerlain-ის უკან, არამხოლოდ იმ „ერთადერთი“ სუნამოს შერჩევა დგას, რომელიც გვაბედნიერებს, არამედ ლეგენდარული პარფიუმერული სახლის ისტორია.
ყველაფერი 1828 წელს დაიწყო, როცა სანელებლების კომპანიის მმართველის ვაჟიშვილმა პიერ-ფრანსუა პასკალ გერლენმა საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა. ინგლისში ქიმიის კურსის გავლის შემდეგ ის პარიზში დაბრუნდა და პატარა ქარხანა გახსნა, რომელიც კოსმეტიკურ პროდუქტს აწარმოებდა.
საქმე წარმატებული გამოდგა და სულ მალე, მდიდრული სასტუმროს Le Meurice-ის პირველ სართულზე პირველი მაღაზია გაიხსნა, სადაც სუნამოები, საპონი და სხვა მსგავსი ნაწარმი იყიდებოდა. გაყიდვების ლიდერები ტუჩის ბალზამი Liquid Bloom Rose და კანის გამაღიავებელი ლოსიონი Golwond გახდნენ.
თავად პიერ-ფრანსუა პარფიუმერული კომპოზიციებით გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებდა და 1830 წელს ოდეკოლონი Imperiale შექმნა, რომელიც პროვანსული ბალახებითა და ციტრუსების აკორდებით გააჯერა. ამის შემდეგ, ბიზნესმა მწვერვალების დაპყრობა დაიწყო.
XIX საუკუნის შუახანებში გერლენი პარიზის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პარფიუმერი გახდა. ევროპის თითქმის ყველა სამეფო ოჯახის წევრები Guerlain-ის მომხმარებლები იყვნენ: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია, ესპანეთის დედოფალი იზაბელა, რუმინეთის დედოფალი მარია.... სპეციალურად რომანოვებისთვის პარფიუმერმა Eau de Cologne Imperial Russe და Eau de Cologne Russe გამოუშვა. ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი კი პერსონალური სუნამოს პირველი დამკვეთი გახდა, რის შემდეგადაც ჩაეყარა საფუძველი მსგავს მომსახურეობას.
გამოჩენილი პარფიუმერის საუკეთესო პერიოდად 1853 წელი სახელდება - როცა კომპოზიცია L’Eau de Cologne Imperiale შექმნა და იმპერატორ ნაპოლეონ მესამეს ცოლს, ევგენიას მიუძღვნა. ახალგაზრდა ქალბატონს მშობლიური ესპანეთი ენატრებოდა და მიუჩვეველი კლიმატის გამო იწყენდა. მზრუნველმა ქმარმა მისთვის უჩვეულო საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა და პიერ-ფრანსუას ანდალუსიის მინდვრების არომატის სუნამოს დამზადება შეუკვეთა. ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, რომ პიერს წარმოდგენა არ ჰქონდა თუ როგორი იყო ესპანეთის სურნელი. დაუსრულებლად ატარებდა ექსპერიმენტებს ლაბორატორიაში და საბოლოოდ იდეალურ ფორმულას მიაგნო. კანზე დასხმისას, ტირიფის, ლავანდას და ფორთოხლის ყვავილის სურნელს შეიგრძნობდით, რომელსაც ბერგამოტისა და ლიმნის ნოტები ამშვენებდა.
სუნამოს მიღების შემდეგ, დედოფალი ჯადოსნური გზით განიკურნა სევდისგან. იმპერატორმა კი პიერ ფრანსუა სამეფო კარის პარფიუმერად დანიშნა. მალე L’Eau de Cologne Imperiale ფართო ბაზარზე გამოჩნდა და საკულტო სუნამოს ბოთლიც შეიქმნა - რელიეფზე გამოსახული ფუტკარი, რომელიც ბონაპარტების დინასტიის ჰერალდიკური ორნამენტის რეპლიკა იყო.
1864 წელს, პიერ-ფრანსუა პასკალ გერლენის სიკვდილის შემდეგ, კომპანიას სათავეში მისი ვაჟიშვილები გაბრიელი და ემე ჩაუდგნენ. მათ დიდი მისია ჰქონდათ შესასრულებელი - სამყაროსთვის უნდა დაემტკიცებინათ, რომ ისინიც ნამდვილი შემოქმედებითი პარფიუმერები იყვნენ.
საოჯახო კრებაზე გადაწყდა, რომ ძმებს მოვალეობები გადაენაწილებინათ. გაბრიელმა კომპანიის მართვა აიღო საკუთარ თავზე, ემე კი არომატების შექმნით დაკავდა. ძმების საქმიანობამ მოდის სახლი Guerlain ახალ მწვერვალზე აიყვანა. ემე ძალიან ნიჭიერი პარფიუმერი აღმოჩნდა, რომელიც არამხოლოდ შედევრებს ქმნიდა, არამედ თანამედროვე პარფიუმერიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეჰქონდა. პირველი „უნისექსი“ არომატის შექმნა სწორედ ემეს დამსახურებაა.
1910 წელს ემე გერლენი მემკვიდრეების გარეშე გარდაიცვალა და კომპანიას გაბრიელის ვაჟიშვილები ჟაკი და პიერი შეუერთდნენ. პირველმა კრეატიული საქმიანობა ჩაიბარა, მეორემ ბიზნესის განვითარება. შეიძლება ითქვას, რომ ჟაკ გერლენი სახლის მთავარი ვარსკვლავი გახდა. მას ისეთი პარფიუმერული ლეგენდები ეკუთვნის, როგორებიცაა L’heure Bleue (1912), Mitsouko (1919), Shalimar (1925)…
გამონათქვამი „ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერიაო“ ჟაკის შემთხვევაში გამართლდა: ის არამხოლოდ არომატების შექმნით გახდა წარმატებული, არამედ კოსმეტოლოგიური სიახლეებითაც. მან შექმნა სურნელოვანი ფხვნილი Le Poudre C’est Moi, თვალის ფანქარი Lynx ოთხ ტონალობაში, დამატენიანებელი ლიმნის კრემი Citron და ტუჩსაცხი Rouge Automatique. 1939 წელს ელისეის მინდვრებზე, Guerlain-ის მაღაზიის პირველ სართულზე სილამაზის სალონი გაიხსნა, რომელმაც პარიზის იმდროინდელ ცნობილ საზოგადოებას მოუყარა თავი.
ჟაკის შვილიშვილი ჟან-პოლი ბავშვობიდან სწავლობდა ბაბუის ხელოვნებას. ოჯახის ლეგენდა გვატყობინებს, რომ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში, მას 3000-მდე არომატის გარჩევა შეეძლო. მისი პროფესიული საქმიანობა 1955 წელს დაიწყო, როცა ყინვებმა ნარცისების ბოლქვები გაანადგურა და სასწრაფოდ დადგა დღის წესრიგში შემცვლელი პროდუქტის მოძიების საკითხი. ჟან-პოლმა დავალებას საუცხოოდ გაართვა თავი და მსოფლიოს აღოსავლური არომატები Сhamade, Nahema, Samsara, Vetiver და Habit Rouge აჩუქა. 1984 წელს, ჟან-პოლმა სილამაზის ბაზარი Terracota-ს ხაზით დაიპყრო, 1987 წელს კი ფხვნილით Meteorites.
მაგრამ, ყველაფერი ოდესღაც იცვლება. 1994 წელს, კორპორაცია Louis Vuitton Moet Hennessy-მ მოდის სახლი Guerlain-ის საკონტროლო აქციების პაკეტი შეიძინა. გარკვეული დროის განმავლობაში ჟან-პოლი ახალ კომპანიასთან თანამშრომლობას აგრძელებდა, მაგრამ 2002 წელს პენსიაზე გავიდა, 2008 წელს კი ბრენდის წამყვანი პარფიუმერი ტიერი ვასერი გახდა.
Guerlain-ის ყველაზე გამორჩეული სახე ანჯელინა ჯოლია. მსახიობი არეკლამებს ბრენდის პროდუქციას და თავადაც მისი მომხმარებელია, რადგანაც დედამისს Guerlain ძალიან უყვარდა.
ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები:
1. კოლექცია Meteorites
1987 წელს, გამოსვლის დღიდან Meteorites კოლექციონერთა ნადირობის საგანი გახდა. ფერადი ბურთულები იის სურნელით მიმზიდველ ყუთში შემთხვევით არ „შეიკრიბნენ“ - თითოეული ტონალობა ღრმა აზრს ატარებს: ვარდისფერი სახის ფერს განასახიერებს, მწვანე გაწითლებას მალავს, თეთრი აღიავებს, ოქროსფერი კი ბრწყინვალებას სძენს.
2. არომატი Shalima
1925 წელს ჟაკ გერლენის მიერ შექმნილი სუნამო მოდის სახლის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. აღმოსავლური კომპოზიცია იმპერატორ შაჰ ჯაჰანის პრინცესა მუმთაზ-მაჰალის მიმართ სიყვარულს მიეძღვნა. ეს საკულტო არომატი დღემდე არ კარგავს აქტუალობას, პირიქით დროსთან ერთად ახალ მწვერვალებს იპყრობს.
3. კოლექცია Terracotta
Guerlain-მა შეძლო დაემტკიცებინა რომ კანის ოქროსფერი ტონალობა, თითქოს სხეულს რუჯი ჰქონდეს მიღებული, მხოლოდ ტექნიკის ამბავია. 1984 წელს შექმნილი პროდუქცია ზაფხულის დასაწყისს ეძღვნება.