გაინტერესებთ როგორ შევუხამოთ ნათელი ფერები, ბრჭყვიალები და გეომეტრიული სურათები, ისე რომ ფრჩხილის ლაქი მოსაწყენად არ გამოიყურებოდეს? თუ კლასიკური სტილისგან დაიღალეთ და დიზაინის თვალსაზრისით ექსპერიმენტების ჩატარება გსურთ, რამდენიმე ორიგინალურ იდეას უნდა მიმართოთ.
მაგალითად ორნამენტი, რომელიც ფრანგი მხატვრის, ანრი მატისის სურათებს მოგვაგონებს. თუ ძირითად ტონალობად თეთრს აირჩევთ, ლაქი რუჯს ეფექტურად წარმოაჩენს.
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ვარიანტი ნეიტრალური ხორცისფერი ფერია, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ლაქი ფრჩხილებზე საერთოდ არ გისვიათ. ამის შემდეგ შეგიძლიათ აბსტრაქტული ფიგურებით ან ოქროსფერი დეტალებით გააფორმოთ.
ბრჭყვიალები ნებისმიერ ლაქს უფრო საინტერესოს ხდის და მზეზეც ლამაზად ირეკლება.
უარს ვერ ამბობთ საყვარელ ღვინისფერზე? მაშინ გააფორმეთ ის ოქროსფერი წერტილებით ან პატარა კრისტალებით ან შეიღებეთ მხოლოდ ნახევარი ფრჩხილი. საზღვარი ჰორიზონტალური ოქროსფერი ხაზით გაავლეთ.
კლასიკურ წითელს ანიჭებთ უპირატესობას? მისი მეშვეობით წრეები ან ნახევარწრეები დაიხატეთ. ასეთი ლაქი ოვალური ფორმის ფრჩხილებს მოუხდება. შეგიძლიათ სხვა ტონალობებიც სცადოთ.