მენტალური პრობლემები თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანის აწუხებს და გამონაკლისს არც ცნობილი ვარსკვლავები წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარი რთული გამოცდილების შესახებ, როგორც წესი, გულახდილად საუბრობენ.
სიაში ერთ-ერთი ცნობილი მომღერალი - მერაია ქერიც აღმოჩნდა, რომელიც ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა, რომელიც ცნობილია როგორც მანიაკალური დეპრესია. აღსანიშნავია, რომ ეს დაავადება ყოველი 100 ადამინიდან 1-ს აღენიშნება და მისი ყველაზე აშკარა სიმპტომი განწყობის ცვალებადობაა. „ბოლო დრომდე ვცდილობდი ყველასგან მოშორებით მეცხოვრა, ჩემი მდგომარეობის ატანა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ სათანადო მკურნალობითა და საყვარელი ადამიანების წყალობით დავუბრუნდი მუსიკის წერას, საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს“ -აღნიშნავს მომღერალი.
დეპრესიაზე საუბრობს გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრე - პრინცი ჰარიც, რომელიც 12 წლის ასაკში დედის დაკარგვის შემდეგ ემოციურად ჩაიკეტა და ამ ყველაფერმა მის პირად ცხოვრებასა თუ კარიერას დიდი დაღი დაასვა. „ტკივილისგან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი დედაზე ფიქრის საერთოდ შეწყვეტა მეგონა, მაგრამ ეს რეალური გამოსავალი ნამდვილად ვერ იქნებოდა მანამ, სანამ სერიოზულად შევუდგებოდი მოვალეობის შესრულებას და მთელს ენთუზიაზმს იმ საქმეს მოვახმარდი, რომელსაც მართლა შეუძლია ცვლილებების მოტანა“ - აღნიშნა მან „The Telegraph-თან“ ინტერვიუში.
ცნობილი მოდელი - ბელა ჰადიდი, როგორც აღმოჩნდა, სოციოფობიით იტანჯებოდა. მან გულახდილად აღნიშნა რომ ყოველთვის, როცა წითელ ხალიჩაზე ინტერვიუს ჩაწერა უწევდა, ნერვიული ტირილი ან კანკალი შეიძლებოდა დაწყებოდა, მაგრამ დაბრკოლება მას შემდეგ გადალახა, რაც ამ ყველაფერმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო.
პრობლემაზე საუბრობს ჯეიმზ ფრანკოც, რომელმაც 17 წლის ასაკში დაიწყო სამსახიობო კარიერა. ახალგაზრდა კარიერულმა ენთუზიაზმი ასოციალურ მდგომარეობამდე მიიყვანა, „საკუთარი თავი და დრო მთლიანად ჩემს საქმიანობას მივუძღვენი, მაგრამ ათწლიანი გამოცდილების შემდეგ, 27 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ საშინელ დეპრესიაში ვიყავი. გავიაზრე, რომ მიუხედავად წარმატებული კარიერისა, თავს იზოლირებულად და მარტოსულად ვგრძნობდი“ - აღნიშნა მსახიობმა.
უპატრონო ბავშვთა სახლში ემოციური სტუმრობისას პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შესახებ ისაუბრა პოპვარსკვლავმა ლეიდი გაგამაც - „მე ვიტანჯები ამ დაავადებით და ამაზე ღიად აქამდე არასდროს მისაუბრია, მაგრამ კომპეტენტური ექიმების, ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერამ, შეიძლება ითქვას, ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. ეს ბავშვები არა მხოლოდ უსახლკაროები ან გარკვეული საჭიროებების ქვეშ მყოფები არიან, არამედ მათი უმრავლესობა გადატანილი ტრავმის მსხვერპლია და ჩემი პირადი გამოცდილება დამეხმარა მათი გასაჭირის უკეთ გაზიარებაში“.