მეგან მარკლი პრინცი ჰარის გაცნობის შემდეგ, ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ამ მიზეზით 36 წლის მსახიობი გარეგნობას დაკვირვებით უვლის, რათა პრესას მის ნაკლებზე საუბრის თემა არ მისცეს. პრინცის მომავალი მეუღლე საზოგადოებაში იდეალური ვარცხნილობით, მოკრძალებული მაკიაჟით და ფართო ღიმილით ჩნდება.
ერთ-ერთ ინტერვიუში მარკლმა საყვარელ სილამაზის პროდუქტებზე ისაუბრა. მსახიობი გამოტყდა, რომ NARS-ის პუდრის გარეშე არ შეუძლია. მის კოსმეტიკის ჩანთაში კიდევ ერთი აუცილებელი ნივთი Yves Saint Laurent Touche Éclat-ის კორექტორია. ის გადაღებების დროს ხშირად შველის, მაშინ როცა სამუშაო დღე 17 საათი გრძელდება. ამასთან, მეგანს არასდროს ავიწყდება დამატენიანებელი კრემისა და ტუჩის ბალზამის გამოყენება.
მეგანს კიდევ ერთი ხერხი ახასიათებს: „თვალის გარშემო მბრწყინავ ჩრდილებს ვიმატებ და ლაინერს ვისვამ. ეს გამოხედვას გაცილებით ნათელს ხდის.“
მეგანის კიდევ ერთი საიდუმლო სახის ვარჯიშია: „გარწმუნებთ, რომ ეს მუშაობს. როცა სახის ვარჯიშებს რეგულარულად ვაკეთებ, ლოყები და ნიკაპი უკეთ გამოიყურება, სახის კონტური კი უფრო მკვეთრი ხდება“