ქართული სამზარეულო რომ ყველასგან გამოირჩევა, ამაზე არ ვდაობთ. გამორჩეული კერძები რომ ბევრი გვაქვს, არც ამაზე. თუმცა, ხანდახან მაინც გვიზიდავს სხვა ქვეყნის სამზარეულო და ვცდილობთ დავაგემოვნოთ ხან სპეციალურ რესტორანში, ხანაც საკუთარ სამზარეულოში ვცადოთ მისი გაკეთება. „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებმა – მარიშკა ჯავახაძემ და ნანუკა გულუამ კი თავიანთი საყვარელი კერძები მოგვიმზადეს და ისიც გაგვიმხილეს, თუ რა ადგილი უჭირავს სამზარეულოს მათ ცხოვრებაში.
რა ადგილი უჭირავს სამზარეულოს თქვენს ცხოვრებაში?
(მარიშკა): ვინაიდან ვგიჟდები ჭამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩემი კომფორტის ერთადერთი პირობა არის ის, რომ მაცივარი სავსე უნდა იყოს.
(ნანუკა): ძალიან დიდი ხანია სამზარეულოს დავემშვიდობე. გემრიელი ჭამა რას ჰქვია, უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს მოვამზადო გემრიელი კერძები.
რა სიხშირით ამზადებთ კერძებს?
(მარიშკა): ხშირად. თუ ცუდ გუნებაზე ვარ, ორი გამოსავალია – ან უნდა გავიდე და ვივარჯიშო, ან კერძი უნდა გავაკეთო.
(ნანუკა): ჩემი მომზადებული კერძები ძალიან უყვართ ოჯახის წევრებსაც და მეგობრებსაც, ამიტომ ხშირად მიწევს მათთვის მომზადება. მომზადების პროცესიც ძალიან მსიამოვნებს და შედეგიც – როდესაც მოსწონთ.
ყველაზე გემრიელად რომელი კერძს ამზადებთ და რომელი გიყვართ?
(ნანუკა): გემრიელად გამომდის მეგრული კერძები. უცხო, ევროპულ კერძებს ვერ ვამზადებ. ხარჩო, ღომი, მჟავეული – არაჩვეულებრივად გამომდის.
(მარიშკა): სამწუხაროდ, ქართული კერძები არ გამომდის. არ მიყვარს თევზეული. არაჩვეულებრივად ვამზადებ მექსიკურ კერძს.
რომელი ქვეყნის სამზარეულო გიზიდავთ, და რატომ?
(ნანუკა): ყველა კურორტიდან მშიერი ჩამოვდივარ. არ ვაღიარებ არც იტალიურ, არც ჩინურ, არც სხვა სამზარეულოს. ქართულ სამზარეულოზე სიგიჟე მჭირს.
(მარიშკა): ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვარ. თუ უცხოეთში ვიმყოფები, იმ მომენტში ჩემი საყვარელი სამზარეულო ქართულია, მაგრამ თუ საქართველოში ვარ, მენატრება იმ ხარისხის სამზარეულო, რომელიც არის ევროპაში, აშშ-ში. ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. პასტა ჩემთვის ნომერ პირველია და რა თქმა უნდა, ვაღიარებ ამერიკულ ჯანქ-ფუდს, რომელიც ერთ-ერთი პირველია.
ნანუკა გულუას მომზადებული კერძი „ბადრიჯანი ხორცით“
ვიღებთ ბადრიჯანს და ვთუშავთ. ცალკე ვთუშავთ ბულგარულ წიწაკას და ხახვს. ცალკე შევბრაწავთ ფარშს. შემდეგ გადავურევთ ამ მიქსს ერთმანეთში, ვუმატებთ მარილს და წიწაკას გემოვნებით.
მარიშკა ჯავახაძის მომზადებული კერძი „ხამანწკები ნაღების სოუსით“
ვხარშავთ ბრინჯს, ვიღებთ ხამანწკებს, რომლებსაც ზეითუნის ზეთიან ტაფაზე მოვათავსებთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამ კერძში მთავარია ნაღების სოუსი, რომელიც კეთდება ნაღებით, ნივრით, ორი წვეთი ბალზამიკოთი, მარილით, პილპილით, და რომ წამოდუღდება, საჭიროა ცოტაოდენი ქონდარი. შებრაწულ ხამანწკებს მოვასხამთ ნაღების სოუსს, გვერდით მოვათავსებთ ბრინჯს და კერძი მზად არის.