Quicherie Degustarium პირველი კიშერიაა საქართველოში. იგი ორი თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და ცდილობს პროფესიულად მოემსახუროს თავის მომხმარებელს. ამ სტარტაპის მიზანია, ხელი შეუწყოს ფრანგული კიშ ლორანის პოპულარიზებას ჩვენს ქვეყანაში. Quicherie Degustarium მომხმარებელს ანებივრებს მოსახერხებელი მომსახურების სერვისითაც. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Quicherie Degustarium-ის დამფუძნებლებს − სოფო მეშვილდიშვილსა და გელა მანაშეროვს.
გვესაუბრეთ კიშის შესახებ.
(სოფო): კიში დასაბამს იღებს საფრანგეთის რეგიონ ლოთარინგიაში XV-XVI საუკუნეებიდან. იგი არის ფრანგული ნაციონალური ღვეზელი. კიში საფრანგეთში ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც ხაჭაპური საქართველოში. იგი ფართოდ არის გავრცელებული სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. რაც შეეხება კიშისადმი ცნობადობის საკითხს საქართველოში, უმეტესად მისი არსებობის შესახებ იციან მათ, ვისაც იგი ევროპაში აქვთ დაგემოვნებული. მიუხედავად იმისა, რომ კიშის რეცეპტები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია, იგი ჯერ ისეთივე ნაცნობი კერძი არაა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც სხვა ნაციონალური თუ არანაციონალური პროდუქტები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ არაუმეტეს 4-5 კაფე-რესტორანშია აღნიშნული ღვეზელის რამდენიმე სახეობა წარმოდგენილი. ჩვენი კიშერია კი ერთადერთია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კიშის ფართო არჩევანს შიგთავსის მიხედვით.
გვიამბეთ „კიშერია დეგუსტარიუმის“ შექმნის შესახებ.
(გელა): „კიშერია დეგუსტარიუმი“ გაიხსნა პირველ დეკემბერს. მიუხედავად იმისა, რომ იგი სიახლეა ქართულ ბაზარზე, მოკლე დროში შეძლო საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი გამხდარიყო. გაყიდვები დავიწყეთ ონლაინ. იქამდე კი, იმისათვის, რომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გვქონოდა, გარკვეული დრო დავუთმეთ ჩვენი მომსახურების სფეროს დახვეწას, რათა შეკვეთა მომხმარებლამდე თბილი და უვნებელი მისულიყო. აგრეთვე, საწყის ეტაპზე ჩვენი კერძები სხვადასხვა გურმანმაც დააგემოვნა. თავდაპირველად, ჩვენვე ვაფორმებდით შეკვეთას, ვინიშნავდით დროს, ამა თუ იმ კიშის მომზადებასა და ტრანსპორტირებას რამდენ ხანს მოვანდომებდით, ვსინჯავდით, ყველანაირი სახის ლოკაციაზე პროდუქტის მისატანად რა ტიპის შეფუთვა იქნებოდა უკეთესი და ა.შ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრი მომხმარებელი ხშირად აღნიშნავს თავის დადებით დამოკიდებულებას ჩვენი კერძებისა და მომსახურებისადმი. შესაბამისად, მათ, ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ჩვენი კიში, კვლავაც შეუკვეთავს. აქედან გამომდინარე, დეკემბრისა და იანვრის თვეში საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიღებდით შეკვეთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი მას სხვისთვის საჩუქრის სახითაც უკვეთავს.
გვესაუბრეთ კიშის იმ სახეობებზე, რომლებიც თქვენთან არის წარმოდგენილი.
(სოფო): უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ კიშის მოსამზადებლად ავარჩიეთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლები, რათა ჩვენი კერძები მაღალ სტანდარტს მორგებოდა. თავდაპირველად, შიგთავსის მიხედვით ჩვენ გვქონდა 10 სახის კიში, ესენი იყო: ლორით, ქათმის ხორცით, ფარშირებული ხბოს ხორცით, სოკოთი, ბოსტნეულით, ორაგულით, ისპანახით, პომიდვრითა და ყველით იტალიურად; ბადრიჯნით, ბეკონითა და კარტოფილით. შემდეგ კი დაგვემატა კიში ღორის ხორცით, ხახვით, გოგრით, ვეგანური (სამარხვო), კარბონარა, კიშ ბურგერი. ნელ-ნელა კიდევ დაგვემატება ამ ღვეზელის სხვა სახეობებიც − ისევე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია.
გვიამბეთ „კიშერია დეგუსტარიუმის“ შეფმზარეულის შესახებ.
(სოფო): „კიშერია დეგუსტარიუმისთვის“ სპეციალურად მოვიწვიეთ შეფი იურგენ თეოდორ მაიერი. მას აქვს 24-წლიანი გამოცდილება კვების სფეროში. ბოლო წლებია იურგენი საფრანგეთში საქმიანობს და სხვადასხვა ეროვნების ადამიანს აცნობს ქართულ სამზარეულოს პარიზში. სწორედ ეს გახდა ინსპირაციის წყაროც იმისა, რომ ფრანგული არომატი წარმოდგენილი ყოფილიყო თბილისში. როდესაც იგი თბილისში იმყოფებოდა, მოვიწვიეთ, რათა განგვეხორციელებინა გეგმა და შეგვექმნა „კიშერია დეგუსტარიუმი“. აღსანიშნავია, რომ იგი მუდამ სიახლის ძიებაშია და ყოველთვის თამამი ექსპერიმენტებით ქმნის იმ უნიკალურ გემოებს, რომლებსაც დიდი სიყვარულითა და საოცარი ენერგიით ამზადებს პირადად ჩვენი მომხმარებლისთვის. ვინაიდან მას ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ზუსტად იცის, თუ რომელი ინგრედიენტები და რეცეპტურა სჭირდება კიშს ნამდვილი ფრანგული გემოს მისაღებად.
გვესაუბრეთ შეკვეთის გაფორმებასა და ადგილზე მიტანის სერვისთან დაკავშირებით.
(სოფო): მომხმარებელი გვიკავშირდება ჩვენი Facebook და Instagram-გვერდების საშუალებით, აგრეთვე მითითებულ ნომერზე გვირეკავენ და გვაძლევენ შეკვეთას. პირველი ერთი თვე ადგილზე მიტანის სერვისი უფასო გვქონდა, რათა მომხმარებლისთვის დაგემოვნება უფრო მეტად ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ჩვენ გვაქვს საკუთარი საკურიერო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს შეკვეთის უმოკლეს დროში მიტანას დამკვეთის მიერ მითითებულ ლოკაციაზე. ჩვენს მოპედებს აქვს სპეციალური სათავსო, ამიტომ პროდუქტი მომხმარებლამდე თბილი და უვნებელი მიდის.
„კიშერია დეგუსტარიუმის“ სამომავლო გეგმები.
(გელა): ვინაიდან ჩვენ პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების დროს გავიხსენით, ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის შეთავაზება შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლისთვის. თუმცა ყოველივე ამის დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ, გავხსნათ ფილიალი, სადაც საკუთარ მომხმარებლებს ადგილზე გავუმასპინძლდებით. აგრეთვე, კიშთან ერთად, ვაპირებთ ჩვენი სტუმრებისთვის სხვა ფრანგული კერძების შეთავაზებას.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: მაკა მეგრელიძე