ჯანსაღად კვება არა მხოლოდ წონის გასაკონტროლებლად, არამედ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტული პროდუქტები დღის რომელ მონაკვეთში მივირთვათ, თუმცა გარდა ამისა, ჯანსაღი და სწორი კვების უამრავი გასათვალისწინებელი პირობა არსებობს.
აუცილებლად მიირთვით საუზმე, რადგან როგორც კვლევებმა აჩვენა, საუზმის მიღება ხელს გვიწყობს წონის დაკლებასა და შენარჩუნებაში. როცა მთელი ღამის შიმშილს ჯანსაღი საუზმით იკმაყოფილებთ, იკლებს შანსი, რომ შემდეგ არაჯანსაღი საკვები მოგინდეთ. საუზმეზე მიირთვით საკვების ორი სახეობა მაინც. მაგალითად, მარცვლეული და პროტეინი, რძის ნაწარმი, ხილი ან ბოსტნეული.
დალიეთ წყალი, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ადამიანის მასის 60% წყალია, რომელიც ყველა ორგანოს სჭირდება სწორად ფუნქციონირებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა წყურვილის გრძნობა შიმშილში აგვერიოს. ეს რომ არ მოხდეს, სანამ საჭმლის მირთმევას გადაწყვეტთ, დალიეთ ჭიქა წყალი. ამან შესაძლოა თავიდან აგარიდოთ არასაჭირო კალორიების მიღება.
მიირთვით საკვები, რომელიც შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომელთა ამოცნობა მარტივად შეგიძლიათ. შეეცადეთ თავი აარიდოთ დამუშავებულ ან გაყინულ საკვებს. საჭმლის შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულსა და პროტეინს. ამ საკვებში ჭარბადაა ნუტრიენტები. თუმცა, ამავდროულად, საჭიროა ვაკონტროლოთ ულუფები ისეთ საჭმელებზე, რომლებიც შეიცავს პროტეინსა და ცხიმს.
აღსანიშნავია, რომ ტვინს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება იმისათვის, რათა აღიქვას თქვენი დანაყრების დონე. შესაბამისად, თუ ნელა მიირთმევთ, მიხვდებით, რომ ბევრი საჭმელი სულაც არ არის საჭირო. პერიოდულად შეისვენეთ და ცოტა საკვებიც საკმარისი იქნება შიმშილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად.
ძალიან გავრცელებულია ვეგეტარიანული კვება. ადამიანები ვეგეტარიანელები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებიან: ჯანმრთელი ცხოვრება, დიდხანს სიცოცხლე, გარემოს დაბინძურების შემცირება, დედამიწის გადარჩენა, ცხოველებისადმი სიბრალული ან შესაძლოა, ყველა ეს მიზეზი ერთდროულად არსებობდეს.
ვეგეტარიანული კვება გულისხმობს ცხოველურ საკვებზე უარის თქმას და ორგანიზმი იღებს მხოლოდ იმ საკვებ ნივთიერებებს, რომელიც მას სჭირდება.
ვეგეტარიანული კვება, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანი ადვილად ინარჩუნებს კარგ ფიზიკურ ფორმას. ვეგეტარიანული საკვები შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას და ხელს უწყობს დეზინტოქსიკაციას, თუმცა აუცილებელია ასეთი კვება იყოს დაბალანსებული, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმმა მიიღოს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები.
ვეგეტარიანული კვების შემთხვევაში, ორგანიზმს არ ემუქრება ცილოვანი შიმშილი. არის ბევრი პროდუქტი, საიდანაც შეიძლება ყველა ამინომჟავის მიღება.
ჯანსაღ კვებაზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ პალეოლითის დიეტა. ასე ეწოდება იმ საკვებთა ჩამონათვალს, რომელიც საკმაოდ სასარგებლოა და ნაკლებკალორიულიც.
რა არის კარგი პალეოდიეტაში? − ცხოველური ცილები ყველაზე მეტად ეხმარება ორგანიზმს მეტაბოლიზმში, რაც თავისთავად, წონის კლებას უწყობს ხელს. ამასთან, ის ბევრად ნოყიერია და მცირე ულუფებიც კი ანაყრებს ადამიანს. ცხოველური ცხიმი მარტივად მოსანელებელია და ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს.
„პალეოდიეტაში“ შემავალი პროდუქტებია:
მჭლე ხორცი − ყოველგვარი ბეკონისა და ღორის ქონის გარეშე, არავითარი ლორი და ძეხვი. ეს უნდა იყოს უბრალოდ ხორცი, თევზი და ზოგადად, ზღვის პროდუქტები. კვერცხი − დღეში არა უმეტეს ორისა; სოკო, მოუხალავი თხილი, კენკრა, ხილი და ბოსტნეული − დაუკონსერვებელი; მცენარეული ზეთი − ქოქოსის, ზეთისხილის, ავოკადოს, ზეითუნის და ა.შ.
ჯანსაღი კვების კიდევ ერთი მიმართულება კეტო-დიეტაა. თავდაპირველად, იგი ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოჩნდა, თუმცა შემდეგ მისი პოპულარობა გაიზარდა და თავისი ადგილი იპოვა დიეტოლოგიაში. საკვებიდან მთლიანად ამოღებულია ნახშირწყლები, რაც ნიშნავს, რომ არაა დაშვებული: ტკბილეული, ბურღულეული, ხილი, ცომეული, სახამებლიანი ან ტკბილი ბოსტნეული (მაგ: ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი). შეიძლება მხოლოდ მწვანე ბოსტნეული და მათი მიღებაც არ უნდა ამატებდეს დღეში 20-50 გრამს.
დაშვებული პროდუქტებია: მცენარეული ზეთი და ნაღების კარაქი (სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ქოქოსის ზეთს); თხილეული; კვერცხი; ნებისმიერი ხორცი, მათ შორის − ღორის, ფრინველის, თევზის, ასევე ზღვის პროდუქტები; სოკო, მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას; პომიდორი მცირე რაოდენობით; რძის პროდუქტები ცხიმის შემცველობით, გარდა რძისა.