ქართული კომპანიის „მეღვინეობა ხარებას“ მიერ წარმოებული ღვინო „მუკუზანი 2014“ ღვინის საერთაშორისო კონკურს Mundus Vini-ის 2017 წლის საზაფხულო შეჯიბრზე უმაღლესი ჯილდოს - ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
MUNDUS VINI-ის 21-ე ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე კომპანიებს 41 ქვეყნიდან მოწვეული 164 ღვინის ექსპერტი აფასებდა. თებერვალში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე კი ერთ-ერთი ჟიურის წევრი სწორედ კომპანია „მეღვინეობა ხარების“ მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი იყო.
კონკურსი MUNDUS VINI ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ - თებერვლის დასასრულსა და აგვისტოს მიწურულს გერმანიაში ტარდება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსად მიიჩნევა. მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ჟიური, რომელიც შედგება ღვინის მარკეტოლოგების, ღვინის პროფესიონალი მოვაჭრეების, სომელიეების, გემოს სპეციალისტების და ოენოლოგებისგან კონკურსის დროს „ბრმად“ სინჯავენ სხვადასხვა ღვინოს და საბოლოოდ განსხვავებულ კატეგორიებში საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებული 100 პუნქტიანი სქემის მიხედვით აფასებენ მათ.
მუკუზანი 2014 არის მშრალი წითელი ღვინო, რომელიც დამზადებულია კახეთის რეგიონში, კერძოდ მუკუზანის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა და გამოირჩევა დამახასიათებელი გემოთი და სასიამოვნო ხავერდოვანი არომატით. მისი დაგემოვნება რეკომენდირებულია +16-18°-ზე ცხვრის ხორცთან, ყველთან და ბოსტნეულთან ერთად.