ალბათ იშვიათად შეხვდებით გარემოს, სადაც სასიამოვნო ატმოსფერო და განსაკუთრებული სიმყუდროვე სუფევს. სწორედ ასეთია აბაშიძის 22 ნომერში მდებარე კაფე blue velvet, რომელიც ახლგაზრდა გოგონას – ელენე გვეტაძეს ეკუთვნის. როგორც ელენემ აღნიშნა, კაფეს გახსნაში დიდი შრომა ჩადო, რამაც გაამართლა. ვრცლად კაფეს კონცეფციაზე ელენე OK!-ის ესაუბრა.
როდის და როგორ გაიხსნა ეს კაფე?
3 წლის წინ შროშის ქუჩაზე გავხსენი, ხოლო 1 წელია,
რაც აბაშიძეზე გადმოვედით. ყოველთვის მქონდა სურვილი საკუთარი კაფე მქონოდა. როდესაც ამის შანსი მომეცა, მაშინვე გამოვიყენე. შროშის ქუჩაზე ის სახლი რომ დავინახე, იმ წუთას მივხვდი – ეს „ბლუ ველვეტი“ იქნებოდა. მფლობელი მხოლოდ მე ვარ და მაშინ, როდესაც კაფე გავხსენი, 18 წლის ვიყავი. ფილმი არსებობს ასეთი – blue velvet, რომლის რეჟისორი დევიდ ლინჩია და როგორც კი ამ ფილმს ვუყურე, წარმოვიდგინე როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი კაფე. საბოლოოდ მთელი კაფე ლინჩის თემატიკაზე ავაწყე.
კაფეში ბევრი ნახატი გაქვთ. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
ძალიან მიყვარს ხელოვნება. განსაკუთრებით – მხატვრობა. ამ ნახატებს ძალიანი დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაშიც და კაფეს კონცეფციაშიც. აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი დიზაინითაა.
კაფეს ზოგადი კონცეფცია რა არის?
არ მინდოდა ყოფილიყო უბრალოდ კაფე. რაღაც სხვა დატვირთვა მივეცი ამ ყველაფერს. ხალხი ჩვენთან თავს ისე გრძნობს, როგორც შინ. ინტერიერი 1960-იანი წლების აურას ქმნის. მუსიკას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მენიუც ასეთი გვაქვს – სტუმარს ყველანაირ საჭმელს ვთავაზობთ და ყველაფერი ჩვენს სტილშია მომზადებული. ამ ყველაფერს დამატებული დევიდ ლინჩის დეტალები, და გამოვიდა „ბლუ ველვეტი“.