„-ქრისტე აღსდგა!
-ჭეშმარიტად!“
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 8 აპრილს აღინიშნება. ყველასათვის ნაცნობია ამ დღის მთავარი ატრიბუტი: შეღებილი ქათმის კვერცხი, რომელსაც რელიგიური სარჩული აქვს. ქრისტეს აღდგომის შემდეგ, მარიამ მაგდალინელი რომის იმპერატორ ტიბერიუსს უნდა წვეოდა. რადგანაც მასთან უსაჩუქროდ მისვლა დაშვებული არ იყო, მარიამმა ძღვენის სახით ჩვეულებრივი კვერცხები წაიღო. კვერცხი უძველესი დროიდან სიცოცხლის ერთგვარ სიმბოლოს განასახიერებს. როცა მაგდალინელმა იმპერატორს ქრისტეს აღდგომის ამბავი ამცნო, ტიბერიუსს უბრალოდ გაეცინა და თქვა, რომ მკვდრეთით აღდგომა ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც მისი მორთმეული კვერცხების წითლად შეღებვა. გადმოცემის მიხედვით, ფრაზის დასრულებისთანავე, კვერცხებმა წითელი შეფერილობა მიიღო.
ერთ დროს არსებობდა ტრადიცია, რომ კვერცხი მომავალი წლის აღდგომამდე უნდა შეენახათ. ამის გამო გაჩნდა კვერცხების ფაიფურის, ხის, ვერცხლისა თუ ძვირფასი ქვებისგან გაკეთების ტრადიცია. დროსთან ერთად, კვერცხების შეღებვის ტექნიკა გამრავალფეროვნდა და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ელფერი შეიძინა.
როგორ შევღებოთ კვერცხები სწორად? ისინი მაცივრიდან შეღებვამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოიღოთ, რადგანაც ძალიან გაყინული კვერცხი ადუღებულ წყალში ჩადებისას სკდება. ასევე, აუცილებელია კარგად გაირეცხოს, სასურველია საპნის ხსნარით.
მორთვა ბისერებით, ბანტებით, ღილებითა და ლენტებით
ბისერებით მორთული კვერცხები საკმაოდ შთამბეჭდავ იერს იძენს. მყარ, მოხარშულ კვერცხს მდნარ ცვილში ათავსებენ. მის მორთვას იწყებენ მაშინ, როცა ცვილით მთლიანად დაიფარება და გაცივდება. თავდაპირველად, გარე შრეზე ნემსით სასურველი დეკორაციის მონახაზს ქმნიან, პინცეტით ბისერს იღებენ და 2 წამის განმავლობაში სანთლის ალზე ახურებენ. ამის შემდეგ მას კვერცხზე აკრავენ. შეხებისას ცვილი დნება და გახურებულ ბისერს მტკიცედ იკრავს. ამ გზით შესაძლოა ნამდვილი ხელოვნების შედევრები შექმნათ.
კვერცხები შესაძლოა მოირთოს კერვისთვის საჭირო სხვადასხვა მასალებით. მაგალითად, წითელი კვერცხის ატლასის ლენტით შეკვრა უკვე მეტ ორიგინალურობას სძენს მას.
დეკუპაჟი, ნაჭრები
სააღდგომო კვერცხებს პოპულარული დეკუპაჟის ტექნიკითაც რთავენ. ამისათვის დასურათებულ ხელსახოცებს იყენებენ. თხევადი წებოს დახმარებით სურათები მოხარშული კვერცხის ზედაპირზე გადააქვთ. წებოს ნახატის ცენტრიდან ბოლოების მიმართულებით უსმევენ. ამის შემდეგ, მორთულ კვერცხს აშრობენ.
წებოს ნაცვლად, კვერცხის გულის გამოყენებაც შეიძლება. ცილა უნდა გამოაცალოთ და მისი მეშვეობით ფუნჯითა თუ ღრუბლით ხელსახოცის დეტალი გარსზე მიაწებოთ. ის კვერცხს უნდა შემოეკრას. ბოლოს, იდეალური ელფერისთვის, აკრილის ლაქი უნდა გადაუსვათ.
ასევე, ორიგინალური ხერხია მოსართავად ნაჭრების გამოყენება. ამისათვის აბრეშუმის, ბამბისა და შიფონის ქსოვილი გამოგადგებათ. კვერცხს ქსოვილისგან ტომარას ვუკეთებთ და მასში ვსვავთ. იმისათვის, რომ ნაჭუჭზე ნაკეცები არ გაჩნდეს, ქსოვილი კვერცხს კარგად უნდა მოვუჭიროთ. შემდეგ კი ბამბის მასალაში გავახვიოთ.
მოამზადეთ ხსნარი: 2 ჭიქა წყალი და 3 სუფრის კოვზი ძმარი. გაახურეთ ის ადუღებამდე და მასში მოათავსეთ შეფუთული კვერცხი. 10 წუთის შემდეგ, ამოიღეთ, გააცივეთ და შემოხსენით ქსოვილი.
კლასიკური მეთოდი-მცენარეული ჩრდილები
ბებიების ნაცადი ხერხი დღემდე აქტუალურია. იმისათვის, რომ წითელ კვერცხზე რომელიმე მინიმალისტური გრაფიკული გამოსახულება დავიტანოთ, ნაჭუჭზე მწვანილისა თუ რაიმე მცენარის ფიქსაცია გვჭირდება. მცენარის ღეროს კაპრონის ძაფით ან ბინტით ვამაგრებთ გარსზე. დამაგრებულ კვერცხს კოლგოტში ვდებთ და ისე ვხარშავთ.
ფაბერჟე
ცნობილი ფაბერჟეს სტილი კვერცხის გარსის მოხატვას გასცდა და საიუველირეო ხელოვნებაში გადაიზარდა. ეს მდიდრული ნივთი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის დროიდან იღებს სათავეს. კარლ ფაბერჟეს შემოქმედებამ იმპერატორის ყურადღება მიიქცია. სამეფო სასახლიდან მან საიუვილერო კვერცხებზე შეკვეთების მიღება დაიწყო. ფაბერჟეს კვერცხი ხელოვნების სხვადასხვა დარგს, მათ შორის, მოდის ინდუსტრიასაც შთააგონებს.
რუსეთში მისი მუზეუმიც მდებარეობს, სადაც 4000-მდე ექსპონატი ინახება. ტრადიციულად, ფაბერჟეს კვერცხის ნიმუშებს საიდუმლო შიგთავსი ჰქონდათ: მათში პატარა მინიატურები თავსდებოდა.
კეთილდღეობა, სიმდიდრე, ფუფუნება-ამ სამი სიტყვით აღწერენ ფაბერჟეს კვერცხებს. ისინი ოქროსგან მზადდება და მარგალიტით, ალმასითა თუ სხვა ძვირფასი თვლებით ირთვება. თავად ფაბერჟე, მათ დასამზადებლად ყოველთვის საუკეთესო და მდიდრულ მასალებს იყენებდა.