„ბათუმის გარდა, ვერცერთ ქალაქში ვერ ვიცხოვრებდი. ეს ქალაქი იმ მონატრებას მიმსუბუქებს, რომელიც სოხუმის მიმართ მაქვს. ამ ქალაქმა ჩამიხუტა გულში და მაპოვნინა ის ადამიანები, რომლებთანაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. ბათუმი ჩემი ნავსაყუდელია“, – გვითხრა რესტორან „სისატურას“ მფლობელმა და შეფმზარეულმა, თემურ კარტოზიამ. თითოეული კერძის მომზადება უდიდესი სიამოვნებაა მისთვის, მთელ გულსა და სულს დებს იმ საქმეში, რომელიც უყვარს და მიაჩნია, რომ კულინარიის ნიჭი მასში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე თავად. აჭარაში თუ მოიკითხავთ, სად მიირთვათ ნამდვილი მეგრული კერძები, „სისატურა“ ალბათ ნომერი პირველია. რესტორანში ფეხის შედგმისთანავე ხვდები, რომ სხვა სამყაროში ხარ, სივრცეში, სადაც ოჯახური გარემოს განცდა გეუფლება, სადაც გრძნობ, რომ რაღაც ნამდვილი და თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს, რომელსაც საოცარი მიზიდულობის ძალა აქვს. უკვეთავ კერძებს და თითოეული მათგანი ისეთი სერვირებით მოდის სუფრასთან, ხვდები, რომ შეფმზარეული ყოველ კერძს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე წარმოგიდგენს, რომლის ნახვისა და დაგემოვნების შემდეგ, მხოლოდ ერთი სურვილი გიჩნდება, ახლოდან გაიცნო „ჯადოქარი“, რომელმაც შეძლო შენი სურვილების წაკითხვა და გამოგზაურა გემოების ლაბირინთებში.
ყველაზე მეტად, რა გენატრებათ სოხუმში?
ეს თემა ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის. ნუნუ და მე კლასელები ვიყავით, ერთად გამოვიარეთ ბევრი სირთულე, ბევრი გაჭირვება, მაგრამ ერთმანეთის თანადგომით შევძელით გავმკლავებოდით ყველა ბარიერს. აბა რა გითხრათ, ან როგორ? ალბათ ბოლომდე გამიჭირდება ამ თემაზე საუბარი… ყველაფერი მენატრება, რაც სოხუმსა და სოხუმელებს უკავშირდებათ. იქ ჩასვლის შესაძლებლობა რომ მქონდეს, ყველა ხეს დავკოცნიდი, ყველა ქუჩას მოვივლიდი და მივესიყვარულებოდი. 23 წელი ვიცხოვრე სოხუმში, ეს წლები ყველაზე ტკბილი, თბილი და ამავდროულად, სევდიანი მოგონებაა დღეს ჩემთვის.
ქალაქი, რომელმაც გულში ჩაგიხუტათ...
უკვე 28 წელია, რაც ბათუმში ვცხოვრობ. აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ისტორია და ვფიქრობ აქ დასრულდება კიდეც. ასე მგონია, ბათუმმა შეძლო იმ სიცარიელის ამოვსება, რომელიც სოხუმთან განშორების შემდეგ დამრჩა. მართლა ბევრი რამით ჰგავს ბათუმი სოხუმს – ზღვა, არქიტექტურა… ერთნაირი მოდიფიკაციის ქალაქია. ალბათ იმიტომაც შევძელი აქ ცხოვრება, ეს არის ჩემი ადგილი. მე ამ ქალაქმა უზარმაზარი სამეგობრო მომცა, უზარმაზარი სითბო და სიყვარული. ჩემს მეგობრებს ყველაზე მეტად უყვართ ჩემგან ბათუმზე წარმოთქმული სადღეგრძელოს მოსმენა. ნებისმიერ ბათუმელს შევეჯიბრები ბათუმის სიყვარულში. პირველი ადამიანი, რომელიც ბათუმში ჩამოსულმა გავიცანი, სწორედ ის გახდა ჩემი სამუდამო მეგობარი – მე და მალხაზ ხოფერია წლებია ერთად მოვდივართ და ასე გაგრძელდება, სანამ ვიცოცხლებთ. ბათუმმა არაჩვეულებრივი სამეგობრო მაჩუქა. მიმაჩნია, რომ ეს ქალაქი გამოჩენილი, კოლორიტი, ნიჭიერი ადამიანებისგან შემდგარი ქალაქია, რომელმაც იცის სიყვარულისა და მეგობრობის ფასი.
როგორ დაიწყო „სისატურას“ ისტორია?
11 ოქტომბერს „სისატურას“ არსებობის ხუთი, 12 ოქტომბერს კი მე 52 წელი გვისრულდება. სახელი ჩემმა შვილიშვილმა შეარქვა – „სისატურა“ მეგრული, ძალიან ტკბილი და თბილი სიმღერაა.
თავდაპირველად, რესტორანში სამი მაგიდა დავდგი, სულ მალე კი „აფეთქდა“ აქაურობა და მომიწია მაგიდების დამატება. არასდროს ველოდები ტურისტულ სეზონს, ჩემთვის ყველაზე დიდი ტურისტიც და შემფასებელიც ჩემი ბათუმელები, ჩემი ქართველები არიან, რომლებიც მოვიდნენ, დააგემოვნეს, ნახეს ნამდვილი, კლასიკური მეგრულ-აფხაზური სამზარეულო და შეიყვარეს. ძალიან მაბედნიერებს თითოეული ადამიანის სტუმრობა იმ სივრცეში, რომლის შექმნაშიც დიდი სიყვარული ჩავდე და ყოველდღიურად ვცდილობ ეს სიყვარული უფრო მყარი და საინტერესო გავხადო.
როგორ ახერხებთ ერთდროულად იყოთ რესტორნის ხელმძღვანელიც და შეფმზარეულიც?
მე ჯერ შეფმზარეული და მერე მეპატრონე ვარ. ისე მიყვარს და ისე ჩემია, არ შემიძლია სამზარეულოს გარეშე. კულინარიის ნიჭი ოჯახიდან გადმომეცა. იმაზე ადრე გაჩნდა ეს ნიჭი ჩემში, ვიდრე დავიბადებოდი. მთელ გულსა და სულს ვდებ ამ ყველაფერში. უდიდესი შრომის მიუხედავად, ერთი დღეც ვერ წამომიდგენია ამ საქმის გარეშე. სულ 87 კერძია რესტორან „სისატურაში“. ამაყად ვამბობ, რომ მათ შორის 34 საავტორო კერძია. ჯერ არ ვაპირებ კულინარიიდან წასვლას, მაგრამ ჩემი ქალიშვილი კარგად მოვამზადე იმისათვის, რომ ამ ყველაფერს უხელმძღვანელოს, ღირსეულად გააგრძელოს ჩემი ბიზნესსაქმიანობა.
რაც შეეხება სამზარეულოს, ასევე მყავს ადამიანი, ვისაც შევასწავლე ყველაფერი – ეს არის 31 წლის ქეთევან ანთიძე, ძალიან შრომისმოყვარე გოგო, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა „სისატურაში“ და გვითხრა, რომ სამუშაოს ეძებდა. ავიყვანეთ და დღეს შემიძლია რამდენიმე დღით დავტოვო სამზარეულოში და მშვიდად ვიყო.
თანადგომა...
თითოეულ ადამიანს, ვინც ფიზიკურად, მორალურად თუ ფინანსურად გვერდით დამდგომია, მადლობას ვუხდი, თუმცა აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება მალხაზ ხოფერიაზე, რომელიც „სისატურას“ გახსნის დროს გვერდით მაქსიმალურად დამიდგა და გამომანახინა თანხები საყვარელი საქმის წამოსაწყებად. სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე ბანკთან კავშირი და ყველაფერი გამოვიდა ისე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. ასევე მინდა აღვნიშნო „სისატურას“ წარმატებაში მედიცინის დოქტორ კახა შარაშიძის როლი, რომელიც რესტორნის PR-მენეჯერის პოზიციასაც იკავებს. დაბოლოს, რომ მკითხონ, ვის დაასახელებდი „სისატურას“ ერთგული მეგობრის ნომინაციაზეო, ალბათ ხუთივე წლის გამარჯვებული ჟურნალისტი და მუსიკოსი ილო შავიშვილი იქნებოდა. ისე დავმეგობრდით, რომ ის ჩემი მეოთხე შვილიშვილის ნათლია გახდება სულ მალე. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ბევრი ადამიანის თანადგომას ვგრძნობდი და ვგრძნობ დღემდე, ეს კი უდიდესი სტიმულია ჩემთვის.
სტატისტიკურად, რომელია ყველაზე მოთხოვნადი კერძი „სისატურაში“?
ყველაზე მოთხოვნადი კერძები, ალბათ ელარჯი, გებჟალია, მეგრული კუპატი, ნიგვზიანი სალათი, ხაჭაპური და ხარჩოა, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნებისმიერი ჩემ მიერ მომზადებული კერძი, რომელსაც ერთხელ გასინჯავთ „სისატურაში“, აუცილებლად მოგინდებათ კიდევ ბევრჯერ დააგემოვნოთ. ნატურალური პროდუქტებისგან სიყვარულით მომზადებულ კერძებს, სულ სხვა გემო და სურნელი აქვს.
ყველაზე დიდი ძალა...
ჩემი ოჯახია. შვილიშვილები: თეიმურაზი, ეკატერინე, ილია, ნიკოლოზი, ჩემი ვაჟი დავითი, ქალიშვილი ნანა, და რა თქმა უნდა, მეუღლე ნუნუ, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს „სისატურა“ ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ რეგიონში. აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს, თუ გიყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებ.
ინტერვიუ გამოქვეყნდა „ფინკა ბანკის“ მხარდაჭერით.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე