სამი ათეული წლის წინ, როცა დედაქალაქის რეალობაში ბრენდირებული საკონდიტრო მაღაზია არ არსებობდა და გემრიელ ტკბილეულს ძირითადად დახელოვნებული დიასახლისები შინ აცხობდნენ, მშობლიური გემოს კომერციულ ნიმუშებად გარდაქმნა „ითიმ“ მიზნად დაისახა. სწორედ ამ მუხტით შეიქმნა საკონდიტრო, რომელიც 2020-ის მიწურულს 27 წლის იუბილეს აღნიშნავს და სიამაყით გაუსვამს ხაზს, რომ სტაჟიან გუნდს თბილი კერა არ მიუტოვებია, ამიტომაც არჩევანი არც ერთგულ მომხმარებელს შეუცვლია. რაშია „ითის“ გემოს საიდუმლო? − ამას მისი მფლობელი, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის საქმიანობაში გამოცდილი კადრი, ბერლინში შეფმზარეულის პოზიციაზე მომუშავე წარმატებული მზარეული, ლევან ჯავახიშვილი OK!-ის მოუყვება.
რომელი მთავარი ღირებულებები დგას მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბრენდის მიღმა?
„ითი“ 27 წლის წინ ქალბატონმა ნანა შენგელიამ დააფუძნა და გარშემო საოცარი მცხობელები შემოიკრიბა. ბრენდის სახელი მომხმარებლის გონებაში სტაბილურად წარმატებულ ხაზთან ასოცირდებოდა.
ჩემი და ჩემი მეგობრის, პარტნიორის − ლაშა ჯამბაზიშვილის „ითის“ ხელმძღვანელობაში მოსვლა ახალი, გარდამტეხი ისტორიის დაწერის მიზანს ემყარება. წლებს გარდაუვალი ცვლილებების, განახლების წყურვილი მოაქვს და ჩვენი ენთუზიაზმიც გვინდა, სწორედ ამას მოვახმაროთ. ამ იდეით საკონდიტროს მართვას შევუდექით და ქალბატონ ნანას მიერ ჩაყრილ მყარ საძირკველზე ჩვენი მოდერნისტული მიმდინარეობის „არქიტექტურას“ ვაშენებთ.
„ითის“ მთავარ ღირებულებებს ერთხმად ვიზიარებთ და ეს ბრენდის პრიორიტეტებია: ნამდვილი გემო, ხარისხი და სერვისი.
რა ქმნის გემოთა ასორტიმენტს?
„ითი“ ძველი რეცეპტით მომზადებული ერთ-ერთი ნამცხვრის − „იდეალისა“ და ქალბატონი ნანას ქალიშვილის − თამოს სახელის ინიციალების ერთობლიობაა, რომელმაც წლების წინ საკონდიტროს დღემდე უცვლელი სახელწოდება შექმნა. ჩვენი სახელი პრინციპში ჩვენს პოლიტიკასაც მეტწილად აღწერს. „ითი“ უძველეს რეცეპტებს აცოცხლებს და მომხმარებელს უცვლელ გემოს სთავაზობს. ყველაზე სასიამოვნოა, როცა სტუმრები აღნიშნავენ, რომ „ითის“ ტკბილეულზე გაიზარდნენ და ეს ის გემოა, რომელიც თაობებს ახსოვს.
ამჟამად 60-მდე დასახელების ნამცხვარსა და 40-მდე ტორტს ვაწარმოებთ. აღსანიშნავია, რომ 3 თვეში ერთხელ „ითის“ მენიუს 50%-ის განახლება ხორციელდება. წლობით გამოცდილ რეცეპტებს ვიძიებთ და ახალ გემოებსაც ვქმნით.
ფაქტობრივად, „ითის“ ასორტიმენტის ნახევარი საფირმო ტკბილეულია. მათ მომხმარებლები კარგად იცნობენ და ხარისხის, გემოს განსხვავებაც შეუძლიათ. ეს მათი უცვლელი არჩევანის მიზეზია.
როგორია თქვენი და ლაშას თანამშრომლობა? როგორ გადანაწილდა როლები საქმიანობაში?
ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ჩემი და ლაშას მესამე პროექტია. ჩვენს ანგარიშზე „ითისთან“ ერთად ასევე პატარა რესტორანი და ქეითერინგის კომპანიაცაა. სწორედ ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობის ფარგლებში, „ითისთან“ თანამშრომლობით ახლოს გავეცანით მის სპეციფიკას და პერსპექტივები ჩვენი საქმიანობის მასთან გადაკვეთაში დავინახეთ.
მე ძირითადად დიზაინერულ მხარეს უზრუნველვყოფ, ლაშა უმეტესად ტექნიკური საკითხების მოგვარებითაა დაკავებული. ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ვართ „ითის“ წარმოებაში და იმ მთავარ ფასეულობაშიც თავადაც ვიღებთ მონაწილეობას, რომელსაც მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობა ჰქვია.
რამდენად აზარტულია საქმიანობა?
ყველა იმ ღირებულების კვალდაკვალ, რომელიც „ითის“ გამოარჩევს, ჩვენთვის მთავარი სწორი მენეჯმენტის გატარებაა. ეს ყოველდღიური გამოწვევაა და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.
როგორია გუნდი, რომელიც ისტორიის მიღმა დგას?
ჩვენ კონდიტერები არ გვყავს, ჩვენთან ნამდვილი ქართული ოჯახის დიასახლისები ოქროს ხელებით ამზადებენ საკონდიტრო ნაწარმს. ეს გემოზე აისახება, რადგან ისინი სიყვარულით ამზადებენ, როგორც დედა − შვილისთვის. ყველაზე მცირე სტაჟი „ითის“ გუნდში 10 წელია. ჩვენთან ერთადაა ის ადამიანიც, რომელიც „ითისთან“ ერთად 24 წელია თანამშრომლობს. მათი ჩვენს გუნდში ყოფნა გვეამაყება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი ბოლომდე ჩვენ გვერდით იყონ.
რა შედის „ითის“ სამომავლო გეგმებში?
ფილიალების გახსნა წლის ბოლომდე იგეგმება. მანამდე, მომხმარებლებს უცვლელ მისამართებზე შეუძლიათ გვესტუმრონ. მოქმედებს ჩვენი კურიერული მომსახურებაც და ძალაშია „გლოვოსა“ და „ვოლტთან“ თანამშრომლობაც.
მის: საბურთალო; ვაჟა-ფშაველას გამზ; 39/39ა
თავისუფლების მოედანი
ლეონიძის ქუჩა 10
ტელ: 2 240 300
info@iti.ge