თუ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში ყოფნასთან ერთად გემრიელი კერძების დაგემოვნება გვსურს, „ლევილის“ მფლობელი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ჯაბა ჯაყელი გვირჩევს სწორედ მის რესტორანზე შევაჩეროთ არჩევანი, რადგან მიაჩნია, რომ „ლევილი არის ურთიერთობა“. კონკრეტულად, რომელ საფირმო კერძზე აქვთ დიდი მოთხოვნა და რატომ უნდა ავირჩიოთ „ლევილი“ − ჟურნალ OK! ბათუმის კითხვებს ჯაბა ჯაყელმა უპასუხა, რომელიც თავისი პროფესიიდან გამომდინარე ასზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და ხუთასზე მეტი რესტორანი აქვს ფოტოებით აღწერილი.
ბატონო ჯაბა, ბათუმში, სარესტორნო ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. როგორ მოახერხეთ თავის დამკვიდრება და ის, რომ „ლევილი“ გახსნის დღიდან დღემდე არაერთი ადამიანისთვის საინტერესო, მყუდრო და სასიამოვნო სივრცედ მიიჩნევა?
„ლევილი“ უკვე მესამე წელია, რაც ახარებს ჩვენს სტუმრებს. თავიდან გვინდოდა ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური, უსაფუარო, ჯანსაღი პურის სახეობები, ფრანგული დესერტები და უცხო გარემო შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის. სწორედ ქართულისა და ფრანგულის შერწყმისას, „ლევილი“ ამოტივტივდა და სახელიც აქედან წამოვიდა, შემდეგ კი „ლევილის“ კომპეტენცია გასცდა საცხობს და ახლა არც ისე დიდი, მაგრამ უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული სამზარეულო გვაქვს. არაფერი ხდება ადვილად და უცებ. უბრალოდ, როცა ზუსტად წარმოგიდგენია რა გინდა, მიზანს ისახავ და მიდიხარ მისკენ. მაგალითად, ინტერიერის წვრილმანი დეტალიდან დაწყებული, კრუასანის მოხვევის წესით დამთავრებული, აუცილებლად ყველაფერი სრულდება ისე, როგორც ჩაიფიქრებ. და ზოგადად, როცა მასპინძელი ხარ, უნდა ეცადო სტუმარს ასიამოვნო. ეს არის ამოსავალი და ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი, თუ გინდა ბიზნესში წარმატებული იყო. ყოველი კერძის, დესერტის მომზადებაში ვიყავით ჩართული, ამ საქმის საუკეთესო მცოდნეები გვყავდა მოწვეული, რომლებიც ჩვენს მზარეულებს (და ჩვენც, მათ შორის) დელიკატურ ნიუანსებს გვასწავლიდნენ. ყოველი კერძი უამრავჯერ მზადდებოდა, იხვეწებოდა, ყოველი ტესტ-პანელისას მიდიოდა კამათი, სჯა... უზარმაზარი შრომაა გაღებული, რათა პირველი პერფორმანსი შთამბეჭდავი ყოფილიყო, და ამ ყველაფერმა გაამართლა.
რა განსხვავებულ სერვისს სთავაზობს „ლევილი“ მომხმარებელს?
„ლევილი“ თვითონ არის განსხვავებული, ამას მაშინვე გრძნობ, როცა მის ზღურბლს გადმოაბიჯებ. უგემრიელეს კერძებთან ერთად, მაქსიმალური სიმყუდროვე, ორი სახის ელექტრონული მენიუ და ბეჯითი ბავშვები დაგხვდებათ, რომლებიც მიუხედავად დატვირთული სამუშაო დღისა, მაინც ცდილობენ გაგიღიმონ.
მოგვიყევით თქვენს საფირმო კერძზე, რომელსაც ყველაზე ხშირად უკვეთავენ.
ზოგადად, მენიუ ლაკონური და განსხვავებული გვაქვს. გვინდოდა არასტანდარტული, უცხო აქცენტები გაგვემახვილებინა, რომ სტუმრებს კარგად დამახსოვრებოდათ, სად მიირთვეს ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური, ყველაზე ფრანგული კრუასანი, ყველაზე იტალიური კარბონარა, შვეიცარიული ქორდონ ბლუ; სად იყიდეს ყველაზე სასარგებლო პური, და ასეცაა. თუმცა, საფირმო, 4 ყველის აჭარულზე ისეთი მოთხოვნაა, დღის განმავლობაში ცოცხალი რიგია ხოლმე და ჯავშნებს ვეღარ ვიღებთ − უბრალოდ, მორალურად არ იქნება სწორი იმ სტუმრებთან, რომლებიც რამდენიმე საათი ფეხზე მდგარი ელიან თავიანთ წილ ბედნიერებას. 4 ყველის აჭარულის იდეა ფონდიუს უკავშირდება. ფონდიუც და 4 ყველის პიცაც ისე გვიყვარს, გვინდოდა „გადმოგვექართულებინა“. აქედან გაჩნდა აჭარულის ვარიაცების თემაც. ზოგადად, ფონდიუს მომზადებას თავისი წესი აქვს, მუდამ ცეცხლზე დგას, რომ ყველი არ გამაგრდეს, რადგან ევროპული ყველი შეგრილებისას მალე მაგრდება. საჭირო იყო ტექნიკა, რაც საშუალებას მოგვცემდა აჭარულში ყველის კონსისტენცია მისი მირთმევის დროს არ გამაგრებულიყო და ჩვენ ეს შევძელით. ჰოდა, მშვენიერი ტანდემია აჭარული ნავი, მასში დაჭერილი მზე და ევროპული 4 ყველის პიკანტური გემო. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ.
როგორც ყველა სფეროს მსოფლიოში, სარესტორნო ბიზნესსაც შეეხო პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები. როგორ მოახერხეთ ძალების მოკრება, რამდენად დაცულია უსაფრთხოების ის ნორმები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეიმუშავა კონკრეტულად კვების ობიექტებისთვის?
პანდემია... ისეთი დრო იყო... პრიორიტეტების გადაფასების, სტერეოტიპების ნგრევის, ადამიანურობის შენარჩუნების, საკუთარ და ერთმანეთის ოჯახებზე ფიქრის... რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა, როგორც ყველას, მაგრამ ახლა ისევ ერთად ვართ და ყველა რეკომენდაციისა და რეგულაციის დაცვით ვცდილობთ ამ მოცემულობის მიხედვით, შეძლებისდაგვარად მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ სტუმრებს. აი, ჩვენც ძალიან, გულის წასვლამდე გვიჭირს პირბადეებით მოძრაობა, მაგრამ მაინც ვიღიმით, გვერწმუნეთ. უბრალოდ, ეს ალბათ არ ჩანს ნიღბისა და დაღლილი თვალების მიღმა.
სამომავლო გეგმები...
გეგმები და მომავალი აუცილებლად მზიანი უნდა იყოს. „ლევილი“ ისევ უნდა იყოს ჩვენი სტუმრებისა და უკვე მეგობრების შეკრების საყვარელი ადგილი, ბათუმი კი ტურისტებისთვის ყოველთვის საინტერესო ქალაქი.
ვინც „ლევილს“ ირჩევს...
არის ადგილები, სადაც კარგი ყავის, ან კერძის დასაგემოვნებლად დადიან. არის ადგილები, სადაც უბრალოდ მეგობრები იკრიბებიან ჭიქა კოქტეილზე. „ლევილი“ ის ადგილია, სადაც გემრიელი კერძებისთვისაც მოდიან და გემრიელად სასაუბროდაც. „ლევილი“ არის ურთიერთობა.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე