მიაჩნია, რომ კულინარია საოცრად ფერად ემოციებს აღძრავს მასში, აძლევს ინსპირაციას, უფრო საინტერესო კუთხით შეხედოს ყოველდღიურობას და დატკბეს იმ მრავალფეროვნებით, რომელსაც სამყარო გვთავაზობს ადამიანებს. ფიქრობს, რომ პანდემიამ მისცა შესაძლებლობა უფრო მეტი დრო დაეთმო იმ სფეროსთვის, რომლის სიყვარულიც ბავშვობიდანვე მოსდევს და დროის არქონის გამო, ვერ ახერხებდა სხვადასხვა კერძისა და დესერტის მომზადებით მიღებული სიამოვნებით ტკბობას. OK! ბათუმის ფურცლებიდან გაეცანით კულინარს, ჟურნალისტსა და ბლოგერს, ანა კვირიკაშვილს.
რას ნიშნავს თქვენთვის კულინარია? როდის დაიწყო თქვენი მჭიდრო კავშირი ამ სფეროსთან და რამ განაპირობა ეს?
პროფესიით ტელერადიო ჟურნალისტს, PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც მუდმივად ჩართულია აქტიური ცხოვრების ფერხულში, დრო თითქმის არასდროს მრჩებოდა, დამატებით მეკეთებინა ის, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, როგორც ყველა ადამიანს, მეც შემიცვალა ცხოვრების რიტმი, რამაც განაპირობა ის, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 4 თვე ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და საკუთარი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადე.
ადამიანი, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გიბიძგათ კულინარიისკენ...
კულინარიისკენ ჩემი სწრაფვა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო. ერთი ბედნიერება იყო ბებიისთვის სამზარეულოში თვალის დევნება. ვუყურებდი და ვცდილობდი დამემახსოვრებინა ყველა დეტალი, რათა შემდეგში, კერძის მომზადებისას გამეთვალისწინებინა. შეიძლება ითქვას, რომ გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტი დედას დამსახურებაა. მინდა აღვნიშნო, რომ ტკბილეულს მისნაირად თითქმის ვერავინ ამზადებს.
თვისებები, რომელიც კულინარიამ თქვენში აღმოგაჩენინათ...
კულინარიამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ყოველდღიურობაში. თუნდაც ის, რომ სამსახურიდან ხშირად მომეჩქარება შინ, რათა რაიმე საინტერესო, ახალი და გემრიელი კერძი მოვუმზადო მეუღლეს. მიმაჩნია, რომ კულინარია უამრავ დადებით ემოციას ბადებს ადამიანში. როცა შენ მიერ მომზადებული კერძები საყვარელი ადამიანებისგან ქათინაურს იმსახურებს, შენც ორმაგად ბედნიერი და მოტივირებული ხარ. კულინარიამ მასწავლა, რომ არასოდეს არ უნდა შემეშინდეს ექსპერიმენტების, თუ მინდა სასურველ შედეგს მივაღწიო და აპლოდისმენტები დავიმსახურო.
რომელია თქვენი საფირმო კერძი, რომელსაც გამარჯვებად მიიჩნევთ კულინარიაში?
ეს არის ქათამი პროვანსულად, კაკლით. ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთი უნიკალური კერძია, რომელსაც ჩემეული ინტერპრეტაციით ვამზადებ და მიმაჩნია, რომ ვინც ერთხელ გასინჯავს ამ კერძს, ვერასდროს დაივიწყებს.
„ფერადი ბლოგერის“ მიზანი...
ჩემი ბლოგი მართლაც გამორჩეულად ფერადია. ვცდილობ ფერთა ნაზავით შევქმნა ჰარმონია, რომლის ხილვაც ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს ადამიანებს. საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი თუ დესერტი, ჩემი მეუღლის ობიექტივში ისეთივე საინტერესო, ლამაზი და მადისაღმძვრელი ჩანს, როგორიც არის სინამდვილეში. გავიხსენებ ჩემ მიერ ბლოგზე ატვირთულ ტარტს, რომელმაც ყველაზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, ბლოგის მიმდევრების უმრავლესობამ ჩემ მიერ შეთავაზებული რეცეპტით მოამზადა ტარტი და ისიამოვნა.
რას ურჩევდით დამწყებ კულინარებს?
ვურჩევ, არასდროს შეწყვიტონ სიახლეების ძიება, საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნან რაც შეიძლება მეტი ახალი და საინტერესო კერძი. არ შეეშინდეთ ექსპერიმენტების, რადგან ვფიქრობ, კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე