„ასტრალი“ − ეს არის ღვინის ბარი თბილისში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა და უკვე მიიპყრო საზოგადოების ინტერესი და ყურადღება. აქ მოსულ სტუმრებს დახვდებათ ღვინის საინტერესო სახეობები, ხარისხიანი სნექები, მშვიდი გარემო და მომნუსხველი აურა... ეს ყველაფერი კი სასურველ Vinyl-ებთან ერთად, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის „ასტრალში“ გატარებულ თითოეულ წუთს. OK! ბარის დამფუძნებელს, ბექა ჩიკვილაძეს და სომელიეს, თენგო დავითულიანს ესაუბრა, რომლებიც უფრო დეტალურად გვიამბობენ „ასტრალის“ გახსნის იდეასა და წარმოდგენილი ღვინის სახეობების შესახებ.
როდის გადაწყვიტეთ საქართველოში ღვინის ბარის გახსნა?
(ბექა): წლების განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი და ყოველთვის მინდოდა მქონოდა საკუთარი სივრცე, უბრალოდ, არ ვიცოდი სად − საქართველოში თუ ევროპაში, თუმცა მიზანი იყო კომფორტული გარემო, სადაც თავს მშვიდად ვიგრძნობდი.
პანდემიის გამო საქართველოში დავბრუნდი და გადავწყვიტე საკუთარ სახლთან ახლოს გამეხსნა სივრცე, რომელიც ჩემი პირველი პროფესიის − კალათბურთის შემდეგ თავს ისევე კომფორტულად მაგრძნობინებდა, როგორც სათამაშო მოედანზე.
რატომ მაინცდამაინც ღვინის ბარი?
(ბექა): ევროპის ქვეყნებში ბევრი კარგი ღვინო დავაგემოვნე და ძალიან დამაინტერესა ამ სფერომ. გადავწყვიტე მეტ-ნაკლებად შემესწავლა, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას უმდიდრესი კულტურა აქვს ამ მიმართულებით. სწორედ აქედან გამომდინარე დამებადა იდეა, გამეხსნა ღვინის ბარი.
როგორია ღვინის შერჩევის პროცესი?
(ბექა): ღვინის შერჩევაში ჩვენი სომელიე, თენგო დავითულიანი გვეხმარება, რომელიც თავისი საქმის ნადვილი პროფესიონალია. სწორედ მისი რჩევით შემოგვაქვს ბარში ქართული ტოპ-ღვინის სახეობები. ჩვენი მიზანია „ასტრალში“ წარმოდგენილი იყოს ისეთი ღვინის სახეობები, რომლებიც ყველგან არ არის ხელმისაწვდომი.
გათვლილია ყველა სეგმენტზე, შესაძლებელია აქ დალიოთ როგორც 20-ლარიანი ღვინო, ასევე 180-ლარიანი, თუმცა იდეა ისაა, რომ ფასის მიუხედავად, ყველა სტუმარმა შეძლოს ხარისხიანი ღვინის დაგემოვნება. ასევე გვაქვს დეგუსტაციები − მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს და გასინჯოს უგემრიელესი ღვინის სახეობები.
ბარში წარმოდგენილია არაერთი სახეობის ღვინო. რის მიხედვით არჩევთ მათ?
(თენგო): მისი უდიდებულესობა ხარისხი, ღვინის კლასი. ხარისხის და ფასის შესაბამისობა − აი, რა არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ის სახეობები, რომელსაც მე ვარჩევ ბარისთვის უპირველესად.
ჯერ ჩემთვის უნდა აღმოჩნდეს საინტერესო და რა თქმა უნდა, შემდეგ სტუმრისთვის. თითოეული ღვინო წინასწარ გადის დეგუსტაციას და ამის შემდეგ ვიღებ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას ღვინის ბარათში შეტანის შესახებ. რაც შეეხება ღვინის ბარათს, მინდოდა მასში ყოფილიყო როგორც ქართული ღვინის სახეობები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო ღვინის სახეობები (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, არგენტინა, ჩილე, აშშ და ა.შ.), კარგად მოგეხსენებათ, რომ ღვინო არ არსებობს გასტრონომიის გარეშე და პირიქით. შესაბამისად, შევქმენით ისეთი ბარათი, სადაც ეს ყველაფერი ერთად მოიყრის თავს და იდეალური თანხვედრა იქნება ღვინისა და გასტრონომიის (უმეტესად აპეტაიზერები).
რა უნარებს უნდა ფლობდეს სომელიე და რა სახის კონსულტაციები შეგვიძლია მივიღოთ მისგან?
(თენგო): სომელიე არ არის ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ღვინის შერჩევაში ეხმარება სტუმარს. სომელიე არის ადამიანი, რომელიც გამოგზაურებთ ღვინის სამყაროში. მან უნდა იცოდეს ყველაფერი ღვინის შესახებ, ის გახლავთ ღვინის ელჩი და მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად დაგანახებთ იმ კონკრეტულ ღვინოს, რომელსაც თქვენ ასე დიდ პატივს სცემთ.
სომელიემ კარგად უნდა იცოდეს ღვინისა და გასტრონომიის ერთმანეთთან შეხამება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გემოების სწორად ერთმანეთთან თანხვედრა განაპირობებს, რომ თქვენ სწორ ადგილას და სწორ ადამიანთან მოხვდით. სომელიე უნდა იყოს არომატებისა და გემოების ნიუანსების კარგი გამრჩევი, მრავალმხრივად განათლებული, კომუნიკაბელური. ღვინის, ზოგადად, სასმელებისა და გასტრონომიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონებისა და მწარმოებლების, ასევე პროფესიული ტექნიკის კარგი მცოდნე.
ყველა რესტორანში უნდა იყოს სომელიე?
მოგეხსენებათ, რესტორნები იყოფა სამ კატეგორიად: A, B და C კლასის.
A კლასის რესტორნებში, ჩემი აზრით, უბრალოდ სავალდებულოც კი არის, იყოს სომელიე.
B კლასის რესტორნის შემთხვევაში, უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გასტრონომიული კონცეფცია აქვს.
C კლასში იშვიათად არის ამის საჭიროება, თუმცა ევროპაში ვიცი ადგილები, სადაც იმდენად საინტერესო ღვინის ბარათები და ძალიან პროფესიონალი სომელიეებია, რომ რესტორნის კლასს მნიშვნელობა ნაკლებად ენიჭება.
კიდევ რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
(ბექა): ჩვენთან მოსულ სტუმრებს ასევე ვთავაზობთ ბელგიურ ლუდს, Delirium-ს, რომელიც ძირითადად ღვინის ბარებში არის ხოლმე წარმოდგენილი და საკმაოდ ძვირადღირებული სასმელია, მაგრამ ისმევა არომატის გამო და არა დასათრობად. გარდა ამისა, გვაქვს როგორც ქართული, ასევე ინტერნაციონალური სნექები, მათ შორის: იხვისა და ბატის ფუაგრა, სასუსნავი ტრუფელით, ჩერის ჩირი, შავი ტრუფელი და გუდა, ესპანური ხამონი და ჩორიზო, გამომშრალი ძეხვი როკფორით და ყველის მრავალფეროვანი არჩევანი. ანუ ადამიანს, რომელიც შემოვა ჩვენთან, ღვინოსთან ერთად შეუძლია დააგემოვნოს გემრიელი სნექები.
ასევე გვაქვს MLIMA-ს ყავა, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: როდესაც ბერლინში ვცხოვრობდი, სახლთან ახლოს გვქონდა ღვინის ბარი, სადაც სწორედ ამ ყავას ამზადებდნენ. როდესაც დავბრუნდი საქართველოში, არც ვიცოდი, რომ აქაც იყიდებოდა და ჩემს მეგობრას, რომელიც დისტრიბუტორია, ვთხოვე ყავის რამდენიმე სახეობა მოეტანა, რათა შემერჩია ჩემი ბარისთვის და ერთ-ერთი იყო MLIMA.
ასევე გვექნება Vinyl shop, თუმცა ძირითადად ბლუზი, ჯაზი, მაილს დევისი, ტინა ტერნერი, ბარი ვაითი, ასევე იქნება ელექტრონული მუსიკაც.
გამართლდა თქვენი მოლოდინი ღვინის ბართან დაკავშირებით?
(ბექა): სივრცე დიდი ხანია მომწონდა, უბრალოდ იყო უძველესი მარკეტი და ნანგრევები. ლოკაცია მომწონდა, რადგან აქ გავიზარდე, ძალიან მშვიდი ქუჩაა. 1-2 თვის წინ შემოვედი ზუსტად და ნანგრევები დამხვდა. პანდემიის შემდეგი პერიოდი იყო. მოგეხსენებათ, ყველამ კარგად დავისვენეთ ამ პერიოდში და ერთი თვის განმავლობაში თითქმის არც მძინებია, რათა ძალიან მოკლე დროში მიმეღო ის შედეგი, რომელსაც ხედავთ.
რატომ „ასტრალი“?
(ბექა): ძალიან ხშირად ვიყენებდი ამ სიტყვას და გადავწყვიტე, სწორედ ეს სახელწოდება შემერჩია ღვინის ბარისთვისაც.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მიიპყრობს საზოგადოების ყურადღებას ბარი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
(ბექა): ჯერ რამდენიმე კვირაა გავიხსენით და საკმაოდ დიდი ინტერესია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ველოდებით ინტერნაციონალურ ღვინოს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ჩილედან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან... და ასევე სუპერსაინტერეო ვინილებს.
(თენგო): „ასტრალის“ კონცეფცია არის, ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეფარდების ქართული და უცხოური ღვინის სახეობების ნარჩევი კოლექცია. ამასთანავე, პრაქტიკულად ყველა ღვინისთვის შერჩეული გვაქვს გასტრონომიული წყვილი, უმეტესად − აპეტაიზერები, წასახემსებლები. მე და ბექას ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. იგეგმება ბევრი თემატური ღონისძიება, ზოგი − არასტანდარტული. მოდი, მათ სიურპრიზად დავტოვებთ, მაგრამ გპირდებით, რომ ეს სიურპრიზები ძალიან საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი, სასიამოვნო და რაც მთავარია, „გემრიელი“ იქნება.