„ალალი“ − ეს არის ქართული, ნატურალური წვენების ბრენდი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში, აჩინებულის ტერიტორიაზე მდებარეობს. ცოცხალი ხილის გემოსა და თვისებების შესანარჩუნებლად, კომპანია ინოვაციურ, წვენის ცივად დაწურვის ტექნოლოგიას იყენებს და სწორედ ამიტომ აქვს თქვენს ჭიქაში ჩამოსხმულ „ალალის“ წვენს მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილის სასარგებლო თვისებები. ჯანსაღი და გემრიელი წვენის დამზადებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ქართული მიწა, ჯანმრთელი კლიმატი, გამოცდილი ფერმერი და საუკეთესო საწარმოო პირობები. ფერმერებმა ყველაზე კარგად იციან, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართული ხილის გემო. საწარმოში კი ზუსტად იციან, როგორ შეინარჩუნონ ეს გემო „ალალის“ წვენში. საწარმოს უპირატესობებისა და პრიორიტეტების შესახებ OK! „ალალის“ დამფუძნებელს, გოჩა ღვინეფაძეს ესაუბრა.
პირველად როდის გამოჩნდა „ალალი“ ქართულ ბაზარზე და როგორ გაჩნდა იდეა?
საქართველოში ყოველთვის იყო მოსავლის დაბინავების პრობლემა, ფერმერს მოჰყავდა მოსავალი და შემდეგ მისი დაბინავება უჭირდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხილის გადამუშავებისა და შემნახველი საწარმოების კომპონენტში შექმნა სპეციალური პროგრამა, რის შემდეგაც, 2017 წელს დაიბადა ქარხნის აშენების იდეა. 2018 წელს დავასრულეთ მშენებლობა, მივიღეთ პროდუქცია და დავიწყეთ ბაზრის ათვისება.
სად შეგვიძლია „ალალის“ წვენების შეძენა?
საქართველოს მასშტაბით, წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის: „ნიკორას“ L და XL კატეგორიებში, „კარფურის“ ჰიპერმარკეტებში, „უნივერსამში“, „ზღაპარში“, „ფრესკოში“, „აგროჰაბში“, „გუდვილში“, „ლიდერფუდში“. მოკლედ რომ ვთქვათ, ქსელური ბაზრის 80% ათვისებული გვაქვს.
რისი არომატის წვენების დაგემოვნება შეუძლიათ მომხმარებლებს?
ამჟამად ვაწარმოებთ ხუთი სახეობის წვენს და ვიწყებთ მეექვსეს წარმოებას. გვაქვს ვაშლის, ატმის, ყურძნის, მაყვლის და ციტრუსის წვენები, ხოლო რაც შეეხება მეექვსე პროდუტს, ახლა დავიწყეთ პომიდვრის მიღება, გადამუშავება და ახლო მომავალში ჩვენი მომხმარებელი მიიღებს კიდევ ერთ უგემრიელეს და ჯანსაღ პროდუქტს.
გვესაუბრეთ კომპანიის უპირატესობებზე. რა გამოარჩევს მას ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი საწარმოებისგან?
„ალალი“ სხვა არსებული საწარმოებისგან გამოირჩევა იმით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ნედლეულზე ვმუშაობთ. ჩვენი წვენის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ცივად არის გამოწურული, ყველანაირი დანამატების, კონსერვანტების, შაქრისა და წყლის გარეშე.
ეს არის პირდაპირ ცივად გამოწურული წვენი, ზოგიერთ შემთხვევაში − გახეხილი, ზოგ შემთხვევაში კი გაწურული. პროდუქტი მიიღება პასტერიზაციით, ვაცლით ჟანგბადს, რათა შევინარჩუნოთ წვენის მდგრადობა, რა თქმა უნდა დაწესებული ვადების ფარგლებში. როგორც უკვე აღვნიშნე, არც კონსერვანტებს და არც რაიმე სახის სხვა დანამატს ჩვენი პროდუქცია არ შეიცავს. შიგთავსი არის მხოლოდ და მხოლოდ ხილი და მისი წვენი. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები და წარმოების ტექნოლოგიები აქცევს ჩვენს წვენს უნიკალურად და გამოარჩევს სხვებისგან.
რაც შეეხება ფასებს, არის საკმაოდ მისაღები და ხელმისაწვდომი, რათა ყველა მომხმარებელმა შეძლოს მისი დაგემოვნება.
რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა თქვენს საწარმოზე?
პანდემიამ რა თქმა უნდა გარკვეული გავლენები ჩვენს წარმოებაზეც იქონია, ისევე, როგორც დანარჩენ ბიზნესებზე. შემცირდა მომხმარებლის რაოდენობა, ასევე ნაწილობრივი გავლენა მოახდინა ექსპორტზე, თუმცა მაინც მოვახერხეთ და დღეს ჩვენი საწარმო ფეხზე დგას. რაც შეეხება შიდა ბაზარს, გარკვეული პრობლემები აქაც შეიქმნა, რადგან ხალხს შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება და მომხმარებელმაც იკლო, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ვაგრძელებთ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპორტთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანასთან.
გვესაუბრეთ „ალალის“ პრიორიტეტების შესახებ.
ბაზარზე სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი კომპანიაა, რომელიც ნატურალურ წვენებს აწარმოებს. ძირითადად გვხვდება კონსერვანტებით დამზადებული, კონცენტრირებული და აღდგენილი წვენები. მართალია ნატურალური წვენები მცირე რაოდენობით არის ბაზარზე, მაგრამ ის გვაიმედებს, რომ ყოველწლიურად ვითარდება და იზრდება ეს მიმართულება. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის სტიმულისა და მოტივაციის მომცემია. მომხმარებელი ნელ-ნელა ერკვევა, ამ საკითხებში იწყებს გარკვევას, რომელია ნატურალური წვენი, რომელია კონსერვანტებით დამზადებული და რომელი აღდგენილი. შესაბამისად, ესეც ხელს უწყობს ჩვენი ბიზნესის წარმატებას, წინსვლას და განვითარებას, რადგან მთავარი მომხმარებელია.
ჩვენ ვაპირებთ შემნახველი საწყობების აშენებას, რათა გავზარდოთ ექსპორტი და განვვითარდეთ ამ მიმართულებით. გვსურს, შევქმნათ მდგრადი რეზერვები და ჩვენი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. ყველა ბაზარს სჭირდება სტაბილური მიმწოდებელი და სწორედ ამას ვცდილობთ, რომ ვიყოთ სტაბილური და სანდო მიმწოდებელი ბაზრისთვის, რისთვისაც საჭიროა დამატებითი სასაწყობე მეურნეობის შექმნა, სადაც შევინახავთ ხილს და შემდეგ უკვე ჩამოსხმულ წვენს, რათა წლის ნებისმიერ დროს მომხმარებელს სტაბილურად მივაწოდოთ პროდუქცია.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კანადასთან ექსპორტზე ვმუშაობთ, უკვე დაწყებულია გადაზიდვები. სამომავლოდ მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რუსეთთან და ჩინეთის ბაზართან. ეს სამომავლო გეგმებია და იმედს ვიტოვებთ, რომ კორონავირუსის პანდემია ხელს არ შეგვიშლის ამ მიზნების განხორციელებაში და მალე შევძლებთ აღვადგინოთ კომუნიკაცია.
სამომავლოდ, ასევე გვაქვს პროექტი, რომლითაც ჩვენს ბიომიმართულებას განვავითარებთ. ვაპირებთ ჩვენი, საკუთარი ნაკვეთების გაშენებას, სადაც მოვიყვანთ ხილს და ვაწარმოებთ წვენებს ბიომიმართულებით.