„ამო“ − ეს არის ახალი ქართული რესტორანი ქალაქ სიღნაღში, რომელმაც სტუმრების გულის მოგება უნიკალური ხედების, დახვეწილი ინტერიერისა და უგემრიელესი სამზარეულოს წყალობით უკვე მოახერხა. „ამოს“ კონცეფციაზე და სამომავლო გეგმებზე გიორგი შაქარაშვილს გავესაუბრეთ, რომელიც ქალაქ ბერლინში ერთ-ერთი უმსხვილესი ბერლინური ფინტექკომპანია RATEPAY-ის მარკეტინგის მენეჯერია და პარალელურად „ამოს“ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელობასაც ითავსებს.
რამდენი ხანია, რაც „ამო“ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა?
რესტორანი „ამო“ ა.წ. აგვისტოში გავხსენით. რთულმა და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდმა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა, რესტორნის გახსნა რამდენჯერმე გადაგვადებინა. ჩვენთვის, ჩვენი სტუმრების კმაყოფილება, რაც მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას გულისხმობს, უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, გვინდოდა მაქსიმალურად მომზადებული შევხვედროდით სტუმრებს. „ამო“ ეპიდემიოლოგიური და სანიტარული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მუშაობს და სტუმრებს უკვე საქართველოს ყველა წერტილიდან მასპინძლობს.
რა ელოდებათ სტუმრებს „ამოში“?
„ამოში“ ვეცადეთ ერთმანეთთან შეგვერწყა ქართული ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობა, კახური სუფრა, დახვეწილი ინტერიერი და ულამაზესი ხედი ქალაქ სიღნაღზე, ალაზნის ველსა და კავკასიონზე.
„ამოს“ ინტერიერის თითოეული დეტალი სათუთადაა შერჩეული იმისათვის, რომ სტუმარმა თავი ყოველდღიური სტრესისგან ძალიან შორს, თუნდაც მე-19 საუკუნის უბატონო ქიზიყში იგრძნოს.
ბევრმა არ იცის, რომ სიღნაღი მეფისეულ მამულად მიიჩნეოდა და შესაბამისად, ბატონი არ ჰყოლია. ეს თავისუფლების სიყვარული, ზოგისთვის თუნდაც სიჯიუტე, თითოეულ სიღნაღელს დღემდე გამოჰყვა, რაც სიღნაღში სტუმრობას თავის განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
ჩვენი ინტერიერის მოწყობისას სწორედ ამ თავისუფლების შეგრძნებაზე გავამახვილეთ აქცენტი, რადგან გვინდოდა თითოეულ სტუმარს თანაბრად შეძლებოდა რესტორნიდან სიღნაღზე გადაშლილი ულამაზესი ხედებით დატკბობა და ქალაქის გულისცემის შეგრძნება, რაც ჩვენს უგემრიელეს სამზარეულოსთან სინთეზში წარუშლელ გასტრონომიულ შთაბეჭდილებას ქმნის.
რატომ სიღნაღი და რატომ „ამო“?
სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ცენტრია, რომლის მომხიბვლელობასაც როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ასევე ისტორული მნიშვნელობა და გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს.
სიღნაღის უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ალბათ მისი ციხე-გალავანია, რომელიც სიგრძით ოთხი კილომეტრია. სიღნაღის გალავანი ერეკლე მეორის ბრძანებით აიგო და ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში.
სიღნაღიდან ორი კილომეტრის სავალზე მდებარეობს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, სადაც აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო.
სიღნაღს კულტურულადაც უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ქიზიყიდან არის ნიკო ფიროსმანი, რომელსაც არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. „ამოს“ სტუმრებს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულებაც შეუძლიათ, სადაც მთავარ ღირსშესანიშნაობას სწორედ ნიკო ფიროსმანის ფერწერული კოლექცია წარმოადგენს.
„ამოს“ გახსნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაფართოების ხელშეწყობა და ე.წ. კულტურული დეცენტრალიზაციაა.
გვინდა, „ამო“ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლების ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილად ვაქციოთ. რესტორნის სახელწოდება არა მხოლოდ მიმართულებას აჩვენებს, არამედ ტკბილს, სასიამოვნოს ნიშნავს. ჩვენთვის ეს სახელი საკუთარი რესტორნის იდენტობას გამოხატავს.
სწორედ აღნიშნულის ხაზგასმა ვცადეთ ჩვენი სლოგანითაც: „მალე ამო“, რადგან აქ ამოსულ დამსვენებელს გვსურს ჩვენებური თვალით დავანახოთ ის, რითაც ყველა ასე ვამაყობთ − თავისუფლება, ქართული სტუმარ-მასპინძლობა, კულტურა და სამზარეულო.
ვინ არიან „ამოს“ სტუმრები?
სიღნაღი სიყვარულის ქალაქია და ვფიქრობთ, ჩვენთან სტუმრობა ყველაზე მეტად სწორედ წყვილებს სიამოვნებთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიღნაღის ქორწინების სახლი ერთადერთია საქართველოში, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. თუმცა, რასაკვირველია, „ამოში“ ყველა სტუმარს თანაბარი სიხარულით ვიღებთ.
„ამო“ იდეალური ადგილია კორპორაციული თუ სხვა სახის ოჯახური წვეულებებისა და სამეგობრო შეკრებების ჩასატარებლად. რესტორანი 90 პერსონაზეა გათვლილი და რასაკვირველია მოქმედებს მაგიდის წინასწარი დაჯავშნის სერვისიც, რაც შაბათ-კვირას ჩვენთან ამოსულ სტუმრებს დროსა და ენერგიას უზოგავს.
„ამო“ ამ ეტაპზე კორონავირუსით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვების გამო, სამწუხაროდ მხოლოდ ქართველ სტუმრებს მასპინძლობს, თუმცა იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში უცხოელ სტუმრებსაც მივიღებთ.
რას დავაგემოვნებთ „ამოში“?
„ამოს“ მენიუ შეფმზარეულ ავთანდილ გონიაშვილს ეკუთვნის და აერთიანებს როგორც კახურ ტრადიციულ, ისე საქართველოს რეგიონების რჩეულ კერძებს. ჩვენს სტუმრებს ქართული მარნების მიერ შეთავაზებული ღვინის საუკეთესო ნიმუშების დაგემოვნებაც შეუძლიათ.
„ამოს“ მენიუ მრავალფეროვანია და შესაბამისი სეზონის მიხედვით ახლდება. თითოეული კერძის დასამზადებლად მხოლოდ ადგილობრივ პროდუქტებს ვიყენებთ, რადგან გვსურს ყველა კერძს ჩვენებური ელფერი ჰქონდეს. შესაბამისად, აქ ამოსული სტუმარი ჩვენი კერძების გემოებს, ისევ მხოლოდ „ამოში“ თუ იპოვის.
ჩვენს სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძების გარდა, უგემრიელესი ლიმონათის თუ სხვადასხვა დესერტის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
როგორია „ამოს“ რუტინა, ატმოსფერო, რომელიც რესტორანში შემოსულ სტუმრებს ხვდებათ?
„ამოს“ ატმოსფერო როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით საუცხოოა. „ამო“, ქალაქის ცენტრიდან, ფეხით 20 წუთის სავალზე, ცივი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს, სადაც მუდმივად უბერავს სასიამოვნო ნიავი და შემოსულ სტუმარს პირველსავე წუთიდან ახალი სიცოცხლითა და ემოციებით ავსებს.
„ამო“ შესანიშნავი ადგილია სტრესული კვირის შემდეგ შაბათ-კვირის გასატარებლად და ახალი ძალების მოსაკრებად.
ჩვენს ბარში ყოველთვის სასიამოვნო მუსიკა ჟღერს და უგემრიელესი სამზარეულოს გარდა, ალკოჰოლური და სხვა სასმელების ფართო არჩევანსაც იხილავთ.
„ამოს“ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
ჩვენი მიზანია, „ამო“ ქართველი და უცხოელი დამსვენებლების უსაყვარლესი გასტრონომიული მიმართულება გახდეს. ამისათვის თავდაუზოგავად შრომობს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. გვინდა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ის ხარისხი, რომელიც „ამოს“ გახსნის დღიდან დავამკვიდრეთ ჩვენს სტანდარტად, არამედ დღითი დღე გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ თითოეული დეტალი, რისთვისაც ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი სტუმრების აზრსა და რჩევებს.