OK! GASTRO BOOK-ის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო რესპონდენტი პორტუგალიელი რესტორატორი პედრო კარვალიოა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ არაერთი პროექტითა თუ წამოწყებით ცდილობს ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებასა და საზოგადოების პროფესიულ დონეზე დაინტერესებას. რა მოსწონს საქართველოში, როგორია მისი ცხოვრების წესი და რა სამომავლო გეგმები აქვს − ყოველივე ამის შესახებ თავად გვიამბობს.
რამდენი ხანია, რაც საქართველოში ბრძანდებით და რატომ გადაწყვიტეთ აქ ჩამოსვლა?
2016 წელს მომიწვიეს ბათუმში, რათა კომპანია „ასკანელის“ ახალ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში გამიჩნდა იდეა, მეპოვა გზები საქართველოში დასარჩენად, რაც ნამდვილად შევძელი და ჩემი იდეა განვახორციელე.
რა მოგწონთ საქართველოში და როგორია თქვენი ცხოვრების წესი?
თითქმის ყველაფერი მიყვარს საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით კი ტრადიციების კუთხით. ახალგაზრდა და ძველი თაობა, ერთნაირად სცემენ პატივს ქართული სუფრის ტრადიციას. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო უნიკალური ადგილია თავისი სილამაზითა და ბუნებით − აქ არის ადგილები, რომლებსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. განსაკუთრებით საინტერესო კი მოგზაურობაა ჩემთვის − იქნება ეს მთაში, ზღვაზე, თუ ქალაქის მახლობლად დაბანაკება. აქ ყველგან შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ასევე ქართველი ხალხი, რომელიც უცხო სტუმარსაც კი საკუთარი სახლის კარს უხსნის და დიდი სიყვარულითა და პატივისცემით უმასპინძლდება.
რაც შეეხება საქართველოში ჩემი ცხოვრების წესს, ვფიქრობ, ცოტა რთულია იგივე სტანდარტის დაცვა, რაც ევროპაში მქონდა. უფრო მეტად ვარ დაკავშირებული საკვებთან. მომწონს ფერმერებთან ურთიერთობა, რეგულარულად ვამოწმებ, რა ხდება ბაზარზე და ვპოულობ ახალ პროდუქტებს ჩემი სამზარეულოსთვის და მენიუსთვის.
როგორია „ჩვენის“ კონცეფცია?
რესტორანი „ჩვენი“ შეიქმნა ჩემი და ჩემი პარტნიორების − გურამ ბაღდოშვილისა და ირინა ხომასურიძის ძალისხმევით. მეგობრები ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს შეშფოთებას თბილისში იმ ადგილების ნაკლებობასთან დაკავშირებით, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ მეგობრებს, მიირთვათ უგემრიელესი კერძები, ისიამოვნოთ მუსიკით და დატკბეთ მყუდრო ატმოსფეროთი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სრულიად ახალი, განსხვავებული კონცეფციის სივრცე − „ჩვენი“.
ზედმიწევნით მივყევით იდეების განხორციელებას და გავაკეთეთ ყველაფერი − დაწყებული კედლების შეღებვიდან, მაგიდების დიზაინით დასრულებული. თითოეულ ჩვენგანს სჯეროდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებია და დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებიც რესტორანს სტუმრობენ, ყოველთვის გრძნობენ ოჯახურ ატმოსფეროს, რომელიც აერთიანებს როგორც ქართულ, ისე ევროპულ მახასიათებლებს. საკვებიც კი ორივეს ნაზავია − ვცდილობთ ტრადიციული ქართული კერძები ახალი კუთხით წარმოვადგინოთ.