სექტემბრის ნომერს ტრადიციულად GASTRO BOOK ემატება, რომელზეც OK!-ის გუნდთან ერთად შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა იმუშავა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტებისგან ხელოვნების ნამდვილ შედევრებს ქმნის და როგორც თავად ამბობს, სამზარეულო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. GASTRO BOOK-ის ნომერში კი მკითხველი გურამის შერჩეულ არაერთ საინტერესო და აქტუალურ საკითხს გაეცნობა და ამ სფეროს კიდევ უფრო სხვა თვალით დაანახვებს. მანამდე კი წაიკითხეთ ინტერვიუ ცნობილ შეფმზარეულთან, რომელმაც თავისი გამოცდილებისა და ცხოვრების შესახებ გვიამბო.
გურამ, თქვენ ხართ სექტემბრის თვის OK! Gastro book-ის მოწვეული რედაქტორი. გვესაუბრეთ ამ გამოცდილებისა და გამოწვევის შესახებ.
დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში დავბრუნდი, სულ რაღაც ოთხი წელია და ამ დროის განმავლობაში ასეთი შემთხვევა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო ეთერში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სამზარეულოში. კამერა და სამზარეულოს ღუმელი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ერთმანეთთან ასოცირდება.
რედაქტორის როლში არასდროს ვყოფილვარ და ჩემთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეს გამოწვევა. ვფიქრობ, ძალზე აქტუალური იქნება ჩვენ მიერ შერჩეული თემები მკითხველისთვის.
უფრო კონკრეტულად გვიამბეთ, რას წაიკითხავს მკითხველი OK! Gastro book-ის სექტემბრის ნომერში?
მკითხველი უფრო ჩაუღრმავდება შიდა სამზარეულოს. გაიგებს, რატომ არის კერძი ერთ დღეს ძალიან კარგი, მეორე დღეს არცთუ კარგი, მესამე დღეს უკეთესი, ხოლო მომდევნო დღეს ძალიან ცუდი. ეს პრობლემა მჭიდრო კავშირშია Farm to fork-თან.
მკითხველი იხილავს მანანიკო უგულავას საგანმანათლებლო ხედვას, თუ რა პრობლემების წინაშე დგას „ედუქეიშენი“ საქართველოში. ასევე ეკო ღლონტი ისაუბრებს ინოლოგიასა და ტექნოლოგიაზე, მკითხველი გაეცნობა მის ხედვას და დამოკიდებულებას შეფმზარეულებთან დაკავშირებით. ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი − ეკა ჭვრიტიძე კი სიძლიერის, სიმარტივის განსახიერებაა და გაგვიზიარებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ქალი წარმატებული ბიზნესში. მერიკო გუბელაძე გვიამბობს ჩვენი ქვეყნის ძირითად პრობლემებზე, მიღწევებზე, საერთაშორისო ბაზარზე და ტენდენციებზე. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, მკითხველს ძალიან საინტერესო ნომერი ელოდება OK! Gastro Book-ის სახით.
რა პრობლემების წინაშე დგას დღეს გასტრონომია საქართველოში?
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან რთულად ერგებიან ტრადიციული ქვეყნები თანამედროვე ტენდენციებს. ძალიან ცოტა ბრენდი არსებობს, რომელმაც საქართველოში ფეხი მოიკიდა. პრაქტიკულად, უცხოური ბრენდები საქართველოში მხოლოდ სწრაფი კვების რესტორნები არიან, რომლებმაც მეტ-ნაკლებად დაიმკვიდრეს თავი, თუმცა იგივე რესტორნები სხვა ქვეყნებში უფრო მყარად დგანან ფეხზე, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში.
რატომ და როდის აირჩიეთ ეს პროფესია?
მთელი ჩემი ცხოვრება ვამბობ, რომ პროფესიამ ამირჩია მე და არა პირიქით. 1990-იან წლებში უკვე გამართულად ვიდექი სამზარეულოში. საბჭოთა კავშირის პერიოდში სასტუმრო აჭარაში, რომელიც ეკუთვნოდა ინტურისტებს, დაიწყო ჩემი გასტრო „ედუქეიშენი“. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს დავეხმარე იმაში, რომ გამეუმჯობესებინა საკუთარი განათლება, მიმეცა ჩემი ჰორიზონტებისთვის უფრო ფართო არეალი. მე ეს შევძელი დიდი შრომის შედეგად და დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გავატარე საზღვარგარეთ. თინეიჯერული ასაკის შემდეგ, ოცი წელი დავყავი სხვა ქვეყნებში და დავაგროვე დიდი გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში არა მარტო გასტროკულტურა მივიღე, არამედ განვავითარე ჩემი შინაგანი კულტურა, ვისწავლე დისციპლინა, „ედუქეიშენი“. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩამოვყალიბდი და დავიხვეწე.
გვესაუბრეთ რესტორან „ჩვენის“ გახსნის იდეასა და კონცეფციაზე.
„ჩვენი“ − ეს არის კონცეპტი, რომლის ჯერ სახელის იდეა დაიბადა სამეგობროში. ერთად ვისხედით და დაგვებადა იდეა, შეგვექმნა სივრცე, რომელსაც ეს სახელწოდება ექნებოდა. მაშინ ბევრისთვის ეს მხოლოდ ოცნება იყო, მაგრამ მე და ჩემმა პარტნიორმა, ირინა ხომასურიძემ ეს ოცნება რეალობად ვაქციეთ. მან ზუსტად იცოდა, რომ ჩემთან ერთად, ერთ ჯგუფში შეეძლო გაერისკა, რადგან დარწმუნებული იყო შედეგში. მივაგენი ქართულ, თბილისურ ძველ სახლს თავისი ძველი ეზოთი, რომელიც იყო სრულიად ამორტიზებული და დეგრადირებული. მე, პედრო კარვალიომ და ირინა ხომასურიძემ შევძელით გუნდურად შეგვექმნა ქართული ურბან არტდეკორის სტილის რესტორანი, თავისი ექსპონატებით. არ დაგიმალავთ და ჩვენთან წარმოდგენილია ნივთები ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, რომელიც ეკუთვნის ურბანს, ადამიანს და გასტრონომიას.
ჩვენ განვსხვავდებით ტრენდულობით და მუსიკით, თუმცა ამაზე ლაპარაკი რთულია. როდესაც ადამიანი შემოდის, თავად გრძნობს როგორ ერწყმის ერთმანეთს კარგი კერძები და მუსიკა. ჩვენ შევძელით შეგვექმნა ისეთი რესტორანი, რომელშიც შეგიძლია იკვებო გემრიელად და თან გაერთო. ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო ბაკურიანშიც, გუდაურშიც და ახლა უკვე ლისის ტბის ტერიტორიაზე.
რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?
გამოვარჩევდი სამი ქვეყნის სამზარეულოს. უპირველესად, ქართულს, რომელიც ჩემს გენეტიკაში დევს და სამწუხაროდ, ეს ბევრს არ აინტერესებს, სხვების სამზარეულოს აფეტიშებენ, იმის მაგივრად, რომ საკუთარი ქვეყნის შეისწავლონ ძირფესვიანად. გამორიცხულია, რომ სხვა ქვეყნის სამზარეულოში იყო კარგი, სანამ შენსას არ შეისწავლი და არ იქნები კარგი. როდესაც საკუთარ სამზარეულოში იქნები საუკეთესო, შემდეგ უკვე გაქვს უფლება სხვის სამზარეულოშიც შეიხედო და შესწავლა დაიწყო. ჩემთვის მეორე გამორჩეული სამზარეულოა ფრანგული და რა თქმა უნდა, პორტუგალიური, რადგან ეს ქვეყანა ჩემთვის მეორე სამშობლოა და ძალიან რთულად გამოვყოფ ქართული სამზარეულოსგან. პორტუგალიური სამზარეული ჩემი გულის, სულის, გრძნობის სამზარეულოა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, აქვს უდიდესი კულტურა და ისტორია თავისი დაპყრობებით, კოლონიზაციით, პორტვაინით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი და ბერძნულ-რომაული მითოლოგიით, რისი გავლენაც დღემდე აისახება ამ ქვეყანაზე.
ყველაზე მეტად ვისთვის გიყვართ კერძების მომზადება?
ახალგაზრდა რომ ვიყავი, ძალიან მაინტერესებდა ბომონდი, მაგალითად, რომელიღაც პრეზიდენტს, ჰოლივუდის ვარსკვლავს ან წამყვან ფეხბურთელს თუ მოვუმზადებდი კერძს, ჩემთვის ძალიან საამაყო იყო, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ნებისმიერი რანგის სტუმარი, რომელიც ჩემთან მოდის, აუცილებლად უნდა წავიდეს კმაყოფილი და მე მის თვალებში ბედნიერება უნდა დავინახო.
რომელი კერძი გიყვართ ყველაზე მეტად?
ჩჩჩ... ანუ ჩიხირთმა, ჩაქაფული და ჩანახი. ქართულ სამზარეულოში ბევრი კერძია, რომელიც „ჩ“ ასოდან იწყება და თითქმის ყველა მათგანი ძალიან მიყვარს.
რომელია თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო ქათინაური?
მზარეულისთვის ყველაზე დიდი ქათინაურია, როდესაც სტუმარი კერძის დაგემოვნებისას თავს უფლებას მისცემს და გაახსენდება ბებია, მამიდა ან სოფლის რომელიღაც მეზობელი, ანუ მისი გრძნობები გადავა ტკბილ მოგონებებში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შეგწევს უნარი ადამიანს გაახსენო ის, რაც არ შეუძლია გაახსენოს სუპერმარკეტს ან „ფასთ ფუდს“. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ქათინაური, როდესაც შენ ამას შეძლებ.
პრინციპები, რომელსაც არასოდეს ღალატობთ.
პრინციპი, რომელსაც არასოდეს ვღალატობ, პროდუქტის ხარისხია. კერძში არასოდეს ვიყენებ უხარისხო პროდუქციას, რადგან ეს ჩემს პრინციპებს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება. სწორედ ეს არის კმაყოფილი სტუმრის წინაპირობა. ყოველთვის მინდა, ბედნიერება დავინახო ჩვენი მომხმარებლების სახეზე და ეს ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია. არ აქვს მნიშვნელობა რასას, კატეგორიას, კლასს. ჩემი მტერიც რომ იყოს, ეს ჩემი მთავარი პრინციპია.