დღევანდელ გასტრონომიულ რეალობასთან Farm to Fork პირდაპირ კავშირშია.
ვფიქრობ, საქართველოში მცირე მწარმოებლები, მრეწველები, გლეხები და ჩვენ − შეფები უნდა გავერთიანდეთ, რათა შეიკრას შიდა ბაზარი და წარმოება. მაშინ, როდესაც გლეხები ინდივიდუალურად მოემსახურებიან ორ, სამ ან მეტ რესტორანს საქართველოში, გვექნება პროდუქტის მიწოდების სტაბილური სერვისი.
ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გასტრონომიის ასოციაციებმა დაგეგმონ შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ამ საკითხებს, რათა რეგიონულად მოხდეს აღრიცხვა იმ რესტორნებისა და გლეხებისა, რომელთაც აქვთ საშუალება, მოთხოვნიდან გამომდინარე მოიყვანონ ის პროდუქტები და ითანამშრომლონ უშუალოდ სარესტორნო და ჰოსპიტალიზის სივრცეებთან.
პანდემიიდან გამომდინარე, რესტორნების გარკვეული ნაწილი გაიფილტრა, მათ შორის ისინი, რომლებსაც ძალიან რთულად თუ უწოდებ რესტორნის სახელს. არა მარტო პანდემიის, არამედ ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათი უმეტესობა დაიკეტა, მაგრამ ძლიერი რესტორნები მყარად ვდგავართ ბაზარზე, ოპტიმისტურად ვუყურებთ ყველაფერს და ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ასე გაგრძელებას და ამ რთული პერიოდის გადატანას, რომელმაც ყველაზე მეტად გასტრონომიაზე და სარესტორნო ბაზარზე იმოქმედა.
ბაზარი ჯერ კიდევ ძალიან დიდია, მაგრამ მუდმივად პროდუქტის პრობლემა გვაქვს, ანუ პროდუქტის სტაბილურ მოწოდებასთან, ხარისხთან და ერთნაირ პროდუქტთან. წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ დავიწყებთ სეზონურ ან ნებისმიერ სხვა მენიუზე მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე მზარეული ამზადებს კერძს, სხვადასხვანაირი გამოსდის და გვიწევს ლავირება, ბრძოლა პროდუქტთან, რომ გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი.
შესაბამისად, ვუბრუნდებით ისევ და ისევ Farm to Fork-ს... ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ვუზრუნველყოთ და დავაჩქაროთ ჯანმრთელ და ეკოლოგიურად სუფთა საკვებზე გადასვლის პროცესი, რათა ხელოვნურად არ ვეცადოთ კერძის ლავირებას და გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი.