გია პირადაშვილი ის ბიზნესმენია, რომლის პროფესიული კარიერა საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, სასტარტო ეტაპზე საქმიან ცხოვრებას უამრავი სირთულე მოყვა და ახლა სურს, რომ საკუთარი გამოცდილება ახალ თაობებს გაუზიაროს, რადგან ეს შესაძლოა ბევრი წინაღობის თავიდან აცილების საშუალება გახდეს. დღესდღეობით მას წარმატებული ბიზნესმენის სახელით ვიცნობთ, რაშიც მისმა სტუმარ-მასპინძლობის მიმართ დამოკიდებულებამ, ცხოვრებისეულმა შემართებამ და პიროვნულმა თვისებებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი.
რა გავლენა მოახდინა პანდემიამ მეღვინეობაზე?
პანდემია რა თქმა უნდა ყველა სფეროს მეტნაკლებად შეეხო და ბევრი რამ შეცვალა, თუნდაც მიდგომების მხრივ. შეიცვალა ფასები, დაიკეტა საზღვრები და ვეღარ ჩამოდიან ქვეყანაში ტურისტები. ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს და რაიმე გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან სხვა შემთხვევაში ბიზნესი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში 25%-ზე მეტი უჭირავს, ნულს გაუტოლდება და ეს ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება როგორც ბიზნესისათვის, ასევე სახელმწიფოსთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის. მიუხედავად ამისა და იმ დაბრკოლებებისა, რაც პანდემიის პერიოდმა გამოიწვია სტუმარ-მასპინძლობის ნაწილში, კერძოდ ქართული ღვინის მიმართულებით, დიდი გავლენა არ მოუხდენია. მართალია გაყიდვების რაოდენობამ იკლო, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ეს საგანგაშოდ მივიჩნიოთ, თუ არ ჩავთვლით ადგილობრივი გაყიდვების საგრძნობ შემცირებას.
პანდემიის პერიოდში ადამიანებს მიეცათ მეტი დაფიქრებისა და სიახლის ძიების დრო და შესაბამისად, საკუთარი ფანტაზიების ხორცშესხმის საშუალება. მოთხოვნა გაჩნდა არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ღვინოზე, რაც ადრე მათთვის არ იყო საინტერესო.
მთავარი უნარჩვევები, რომლებიც კარგ მეღვინეს უნდა ჰქონდეს...
იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო ნებისმიერ სფეროში, მათ შორის მეღვინეობაში, უპირველესად კარგი განათლებაა საჭირო. ანუ კარგად უნდა გათვითცნობიერდეთ ამ დარგში და შემდეგ გაიაროთ ის რთული გზა, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავკარგეთ ამისთვის, ბევრი შეცდომაც დავუშვით და სწორედ ჩვენს შეცდომებზე უნდა ისწავლონ მომავალმა თაობებმა.
ჩვენ დავიწყეთ ნულიდან. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ იყო ხელმისაწვდომი ბევრი ინფორმაცია, არსებობდა ღვინის მხოლოდ რამდენიმე გამოფენა. საჭირო იყო გემოგზაურა და ეს ყველაფერი შენი თვალით გენახა, რისი საშუალებაც ბევრს არ ჰქონდა. დღეს ეს ყველაფერი შეგიძლია ერთი ეკრანიდან იხილო. ჩვენ შემთხვევაში ბევრი წარუმატებლობის, მარცხის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ გვყოლოდა მაგალითი, როგორიც ახლა ჩვენ შეიძლება ვიყოთ სხვებისთვის. ამიტომ, დამწყებებისთვის ვისურვებდი, ისწავლონ სხვების გამოცდილებიდან, არ განვლონ ეს გრძელი გზა და უფრო სწრაფად, ეფექტურად მიაღწიონ წარმატებას, რომელსაც პირობითად დღეს ჩვენ მივაღწიეთ.
გვესაუბრეთ გასტრონომიულ ტენდენციებზე.
აქაც ალბათ იმ ტენდენციებს უნდა მივყვეთ, რომელიც მსოფლიოში ვითარდება. ბევრისთვის ტრადიცია, რომ თევზს მხოლოდ თეთრი ღვინო უხდება, აღარ გამოდგება წესად. თუმცა არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ მიდგომას იზიარებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ გემოვნებაზე, რაც მას მოსწონს, რაც მას ესიამოვნება ის უნდა შეუხამოს მის კერძს მოცემულ მომენტში. ეს დამოკიდებულია გარემოზე, წელიწადის დროზე, განწყობა-ხასიათზე. ზოგადად, გასტრონომიაც და სასმელიც ჩვენი ცხოვრების ძალიან სუბიექტური ნაწილია და ბევრ გარემო-პირობაზეა დამოკიდებული. მოკლედ რომ ვთქვათ, დოგმები აღარ არსებობს. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში და ახლა უკვე სხვა ფაქტორებია წინა პლანზე წამოწეული, თუმცა გასტრონომია და სასმელი რომ ერთ მთლიანობაში აღიქმება, ეს ცხადია.