ყოველი ჩვენგანი უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვაკეთოთ საკუთარი ქვეყნისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც მას აქვს საოცრად დიდი პოტენციალი, იყოს ბევრად კარგი, ვიდრე დღეს არის. ჩვენი რესპონდენტი მანანა უგულავა უკვე არაერთხელ მოხვდა OK! ის ობიექტივში, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია დავუკავშიროთ მას იმ ადამიანის სახელი, რომელმაც ქვეყნის განვითარებისთვის უკვე არაერთი სერიოზული ნაბიჯი გადადგა და ახალგაზრდებს უამრავ სიახლეს სთავაზობს ცოდნის მიღებისა და სასურველი პროფესიის შესაძენად.
მანანა, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა ტურიზმისა და მასპინძლობის შესახებ.
უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იმით, რომ ტურიზმისა და მასპინძლობის სფერო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. ვხედავდით პანდემიამდე როგორ სწრაფად ვითარდებოდა ეს სფერო, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით შეიზღუდა ტურიზმის განვითარება. ეს, რა თქმა უნდა დროებითი პაუზა იქნება, მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და იგივე ტემპით დაიწყებს წინსვლას. ასეთ განვითარებას რასაკვირველია სჭირდება შესაბამისი მომსახურების დონე ინდუსტრიაში, რადგან თუ ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ მივიღოთ ტურისტი, შესაბამისადაც უნდა შეგვეძლოს მისი დახვედრა.
წლების განმავლობაში განვითარების ტემპის ზრდასთან ერთად, კვალიფიციურ კადრებზე გაიზარდა მოთხოვნა და სწორედ აქ გაჩნდა საჭიროება, რომლის გათვალისწინებითაც ორი წლის წინ ჩვენ შევქმენით შვეიცარიული პროგრამა Les Roches. ამის შემდეგ გავიაზრეთ, რომ ეს პროგრამა მეტად იყო მიმართული მაღალკვალიფიციური მენეჯერებისთვის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეწყო ახალი პროექტი, სადაც ბევრად უფრო დავეხმარებოდით ზოგადად ინდუსტრიას და ფართოდ გავშლიდით სხვადასხვა მიმართულებას. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია, რომელიც გურამ ბაღდოშვილთან ერთად წარიმართება. პროგრამას „სუ-შეფი“ ჰქვია და ეს იქნება კულინარიული სკოლა, რომელიც ძალიან დაეხმარება ქვეყანას და გაზრდის ქვეყნის პოტენციალს, რათა შესაბამისად მივიღოთ და დავხვდეთ იმ ხარისხის ტურისტს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გვყავდეს.
დღეს რა ეტაპზეა პროექტი?
ამ შემთხვევაში, პანდემიის გავლენა მკაფიოდ იგრძნობა, რადგან პროგრამა ვერ განხორციელდება დისტანციურად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომიდან ჩვენი გეგმების რეალიზებას შევძლებთ. პროგრამის მომზადებაში ჩართულია ერთ-ერთი საუკეთესო შვეიცარიული სკოლა SHL. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში სულ ორი სკოლაა, რომლებიც ფლობენ შვეიცარიულ აკრედიტაციას და ერთ-ერთია ლუცერნის სკოლა, რომლის ექსპერტებიც ჩართულნი იყვნენ პროგრამის მომზადებაში. შესაბამისად, ჩაერთვებიან სწავლების პროცესშიც. ეს პროგრამა ქვეყნისთვის და ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი შანსი და პრეცედენტია იმისა, რომ მომავალში გაჩნდეს ბევრი ახალი პროგრამა და გაიხსნას მეტი სკოლა, სადაც ადამიანები ამ პროფესიის სრულფასოვნად შესწავლას შეძლებენ.
დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად რთული იყო სკოლების ქართულ ბაზარზე შემოყვანა?
ასეთი კლასის, რანგისა და რეპუტაციის სკოლების დათანხმება იმაზე, რომ საქართველოში დაიწყონ საქმიანობა, არ არის ადვილი, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენი პარტნიორები ხედავენ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გვაქვს იმისათვის, რომ ამ ინდუსტრიაში ვიყოთ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. შესაბამისად, ისინი ძალიან დიდი მოტივაციით და ენთუზიაზმით არიან განმსჭვალული. გვაქვს განვითარების გეგმა და ჩვენი მიზანია, ეს ქვეყანა განათლების მიმართულებით გახდეს ჰაბი და ცენტრი ჩვენს რეგიონში, რაც აუცილებლად გამოგვივა, თუ ამას მოვინდომებთ. ნებისმიერი ჩვენი უცხოელი პარტნიორი, რომელიც ჩვენთან ჩამოდის, ვერ მალავს აღფრთოვანებას, რადგან ამ ქვეყანას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ განვითარდეს და ძალიან წინ წავიდეს.
როგორ გესახებათ ამ სფეროს განვითარება?
ამ პროექტებმა ჩვენ დაგვანახა ახალგაზრდების მოტივაცია, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან მოდიან და ცდილობენ მიიღონ ცოდნა, გამოცდილება, შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ რეგიონებში და იქ განავითარონ ეს სფერო. დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია მდგრადი ტურიზმის განვითარება და ჩვენს ქვეყანასაც სწორედ ეს წასწევს წინ და გადაარჩენს.
ასევე უნდა დავამატო კერძო სექტორთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა. ნებისმიერ დარგში თუ არ დავინახეთ ერთობა და ეკოსისტემის მნიშვნელობა, არსი, რთულია განვითარებაზე ლაპარაკი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო და კერძო სექტორი, საერთაშორისო დონორები და პარტნიორები ძალიან აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს პროექტს.