ღვინო ჩვენი ქვეყნის ტრადიციების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება და მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია. იგი აუარება განსხვავებული საღვინე ვაზის ჯიშისგან მზადდება, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეთოდებითა და ტექნოლოგიებით. იგი მუდმივ ზრდასა და განვითარებას მოითხოვს. დღესდღეობით მეღვინეობა გარკვეული პრობლემების წინაშე დგას, ისევე, როგორც სამყაროში არსებული ნებისმიერი სფერო და მიმართულება. მცირე მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ღვინო არ დარჩეს როგორც ხელოვნება და იქცეს ბიზნესად. რა გამოსავალი არსებობს და რა დროა საჭირო იმისათვის, რომ ეს სფერო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს? − ამის შესახებ მეღვინე ერეკლე ღლონტი გვიამბობს.
რა გავლენა მოახდინა პანდემიის პერიოდმა მეღვინეობაზე?
მე შემიძლია მცირე, პატარა მეღვინეობების სახელით ვილაპარაკო. რაც ჩვენს გამოცდილებაში შედის, ეს არის საავტორო ღვინის სახეობები. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტიორთა ჩამოსვლა, რომლებიც სინჯავენ ღვინოს და არჩევენ, რა სურთ. პანდემიის პირობებში ეს არ მოხერხდა და ამან დიდი გავლენა მოახდინა მეღვინეობაზე. რაც შეეხება შიდა გაყიდვებს, საავტორო ღვინის სახეობების გაყიდვა ტურიზმზე დიდი დოზით არის დამოკიდებული. შესაბამისად, პანდემიის გავლენა მცირე მეღვინეებზე საკმაოდ დიდია.
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს მეღვინეობა?
ჩვეულ რიტმს ჯერჯერობით ვერანაირად ვერ დავუბრუნდებით, სანამ ვაქცინა არ იქნება, რადგან ქვეყნებში, სადაც დროებით გაიხსნა საზღვრები, ბევრ ექსცესს ჰქონდა ადგილი, პერიოდულად კვლავ იკეტება ქვეყნები. მოკლედ რომ ვთქვათ, მსოფლიოში საკმაოდ არასტაბილური სიტუაციაა. აქედან გამომდინარე, ჩვეულ რიტმს მინიმუმ ერთი წელი მაინც ვერ დავუბრუნდებით.
საქმიანობის გასაგრძელებლად, მარკეტინგის დეპარტამენტის, კერძოდ, ირაკლი ჩოლობარგიას ხელმძღვანელობით იგზავნება ნიმუშები და გარკვეულწილად მაინც ხორციელდება ჩვენი ღვინის სახეობების გაგზავნა გარკვეული კონტრაქტორებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ყველაფერი ერთბაშად დაიხურა. სინამდვილეში, ჩვეულებრივი რიტმი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მოიცავდა ბევრ რამეს, რისი შეწყვეტაც მოხდა და რამაც ეს ყველაფერი განაპირობა.
როგორ გესახებათ ქართული ღვინის პერსპექტივა?
წარმოება უნდა გაიყოს ორ ნაწილად: ინდუსტრიული წარმოება, მცირე მეღვინეობები და დიდი და მცირე საწარმოები. მცირე საწარმოები თავიანთ მეთოდიკაში თუ ზუსტად იმავეს გაიმეორებს, რასაც აკეთებს ინდუსტრია და ისეთივე ღვინოს გამოუშვებს, მაშინ არანაირი განსხვავება აღარ იქნება ჩვენ შორის. მცირე მეღვინეობის ხიბლი ის არის, რომ მევენახე იცნობს ნიადაგს, სათითაო ძირს და თავიდან ბოლომდე ამ პროცესის ნაწილი ხდება. მე მცირე საწარმოების განვითარების პერსპექტივას ოპტიმისტურად ვუყურებ იმ მხრივ, რომ ნელ-ნელა იზრდება ცნობადობა და მოთხოვნა, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია უშუალოდ მევენახეებზე, რამდენად სწორ და ხარისხიან პროდუქციას შექმნიან. პროდუქცია იწყება ნიადაგიდან და არა ყურძნიდან, ეს პროცესი მთელი ფილოსოფიაა.
როგორია მეღვინეობის განვითარების გზები?
მცირე მეღვინეობის პრობლემები იწყება ვენახის განვითარებიდან და ეს საკმაოდ გრძელი ინვესტიციაა. მათ არ აქვთ სახსრები, შემოიფარგლებიან ერთი-ორი ჰექტრით და ვერანაირად ვერ გადიან ბიზნესის საწყისზე. ვერ ავითარებენ ბიზნესის მიდგომებს ხელმომჭირნეობის გამო. პარალელურად, მიწები ძვირდება და ეტაპობრივად სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს. როდესაც მცირე მეღვინე ამ პრობლემების წინაშე დგება, ვეღარც მუშახელს ქირაობს. შესაბამისად, ვერ ხდება გადაბარება და წყდება პროცესი.
მე ზუსტად იმავე პრობლემების წინაშე ვდგავარ. უპირველესად, საჭიროა მიწის შეძენა ისეთ ადგილას, სადაც კარგი ხარისხის ვენახს გააშენებ და საბოლოოდ მოგცემს შესაბამისი ხარისხის ღვინოს. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, გაშენების პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ამას, რადგან მიღებული პროდუქცია არის მაღალი ხარისხის და ყოველთვის მოწონებას იმსახურებს.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ბრენდირება?
ღვინო არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის შექმნილი პროდუქტი, ეს არის კოლექტიური შრომის შედეგი. შესაბამისად, თუ გინდა, ღვინო იყოს საავტორო, შენთან ერთად უნდა მუშაობდეს ის ხალხი, რომელიც შენსავე ფილოსოფიას იზიარებს.
ჩემთვის არ არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ბრენდირება, რადგან მიმაჩნია, რომ ღვინომ უნდა თქვას თავისი სათქმელი. ან მოეწონებათ შენი პროდუქტი, ან არ მოეწონებათ. ის, რომ ქიმიურად თავისუფალი ხარ, არ ნიშნავს, რომ ღვინო აუცილებლად მოწონებას დაიმსახურებს.
გვესაუბრეთ სამზარეულოსა და ღვინის ურთიერთკავშირზე.
სამზარეულო და ღვინო სინამდვილეში ერთად ვითარდება. სანამ ბოლომდე არ გავითავისებთ, რომ ეს ორი განუყოფელი ნაწილია, მანამდე მუდამ იქნება იაფი ღვინის მოთხოვნა. სინამდვილეში, კარგი ღვინო ყოველთვის ძვირი პროდუქტი იყო. ღვინო ინდუსტრიამ გააიაფა, თუმცა კარგი ღვინო მუდამ ძვირად ფასობდა, ეს არ იყო სათრობი პროდუქტი, ყოველთვის კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნეოდა. სამზარეულო და ღვინო ოდითგანვე დაკავშირებული იყო ერთმანეთთან და გვინდა თუ არ გვინდა, მუდამ ერთად ივლიან და ერთმანეთს აიყვანენ სიმაღლეზე.