8000-წლოვანი უწყვეტი ისტორიის ქართული ვაზის ჯიშების ნარგაობები თბილისიდან 20 კილომეტრში, უნიკალურ გენოფონდშია დაცული. ჯიღაურა − ეს არის ადგილი, სადაც ერთ დროს გადაშენების პირას მისულ ადგილობრივ ქართულ ჯიშებს ერთ სივრცეში თავი მოუყარეს და ქვეყანას ვაზი ეროვნული განძის სტატუსით შემოუნახეს. ჯიღაურას სამეცნიერო-საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზის შექმნის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე საუბრობს.
როდის და როგორ შეიქმნა ჯიღაურას საკოლექციო და სადედე ნარგაობების ბაზა?
ისტორია ზუსტად 12 წლის წინ დაიწყო. 2008 წელს პროექტს საფუძველი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ჩაეყარა, რომელიც როგორც ვაზის, ასევე ხეხილოვანი კულტურების უძველესი ჯიშების მოძიებას და კონსერვაციას ითვალისწინებდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობები უნიკალურია, რადგან აქ ერთ სივრცეში თავმოყრილია მოძიებული ქართული უძველესი კულტურული v.vinifera L ssp. sativa ვაზის ჯიშები და ველური v.vinifera ssp. silvestris ვაზის ფორმები, ასევე ხეხილოვანი და აგრო-სატყეო კულტურების სახეობები და ჯიშები. 2014 წელს, ა(ა)იპ აგროსა და აგრო-ქართუს დაფინანსებით საქართველოში შექმნილი უნიკალური კოლექციები, სადედე ნაკვეთები და მთლიანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს გადაეცა, რომლის ბაზაზე შეიქმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. უკვე წლებია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ- თანამშრომლები აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალპროფილურ სამეცნიერო კვლევებს ატარებენ.
რამდენად რთული იყო ვაზის სხვადასხვა ჯიშის მოძიება და ხომ არ გაგიჭირდათ მათი ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება?
წლები დაგვჭირდა და უამრავი ექსპედიციის ჩატარება იმისთვის, რომ ვაზის უძველესი ჯიშები მოგვეძიებინა და შემდეგ უკან დაგვებრუნებინა. ჯიშები მოძიებულ იქნა, როგორც საქართველოს ეთნოგრაფიულ კუთხეებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის (მოლდოვა, უკრაინა, შუა აზია, საფრანგეთი) საკოლექციო ნაკვეთებში. მნიშვნელოვანი ექსპედიციები განვახორციელეთ მე და ჩემმა კოლეგებმა ასევე ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე − ჰერეთში, ტაო-კლარჯეთში. მოძიებული და აღდგენილი ვაზის უძველესი ჯიშები, შეიძლება ითქვას, ახალი სიტყვაა ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში, რაც მათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგანძურია.
ბატონო ლევან, ამ დროისთვის რა რაოდენობის ვაზის ჯიშია ჯიღაურაში?
ჯიღაურას სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის საერთაშორისო კოლექციაში (GEO038) ამჟამად ქართული კულტურული ვაზის 450 ჯიში, ველური ვაზის 140 ფორმა და უცხოური ვაზის 350 ჯიშია დაცული. აქვე თავმოყრილია ქართველ მეცნიერთა მიერ გამოყვანილი სელექციური ჯიშები, ქართული ვაზის კულტურული წამყვანი ჯიშების სანამყენეთა და ვაზის ფილოქსერაგამძლე საძირეთა ახალსელექციური ჯიშ-კლონის სადედეები.
აღსანიშნავია, რომ ბევრი შრომისა და სირთულეების მიუხედავად, იშვიათი ქართული ვაზის გენოფონდი საქართველოშია და ჩვენი ქვეყნის ისტორიული კუთვნილებაა.
გარდა ვაზის ჯიშებისა, რა კულტურებია ამ ტერიტორიაზე გაშენებული?
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, საკოლექციო და სადედე ნარგაობაში თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი ხეხილოვანი კულტურების 300-ზე მეტი ჯიშია განთავსებული. აქვეა აგროსატყეო კულტურების საკოლექციო ნარგაობა − იშვიათი ქართული სახეობებით და ჯიშებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკოლექციო და სადედე ნარგაობებში გაშენებულ მცენარეებზე ჩვენი სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულების მათ შორის სელექციურ სამეცნიერო კვლევებს ახორციელებენ. კვლევებში აქტიურად არის ჩართული ასევე ახალგაზრდობა, მათ შორის უნივერსიტეტების დოქტორანტები და სხვ.
აღნიშნულ ბაზაზე ფერმერებისა და ყველა დაინტერესებულ პირთათვის სისტემატურად ტარდება სადემონსტრაციო და ღია კარის დღეები, იშვიათი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინის სახეობების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საცდელი ნიმუშების დეგუსტაციები, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ხასიათის აქტივობები, ფერმერებისთვის მზადდება სარეკომენდაციო სახის ბეჭდური ინფორმაცია და სხვ...
როგორც ცნობილია, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მშენებლობა მიმდინარეობს. რა ეტაპზეა ამჟამად ინფრასტრუქტურული პროექტი?
აღნიშნული პროექტი მეტად მნიშვნელოვანია. ამით საფუძველი ჩაეყარა ქართული ვაზის ჯიშების ბიბლიოთეკის მიმდებარედ მულტიდისციპლინური ვაზისა და ღვინის სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მოწყობას. სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ვაზისა და ღვინის მუზეუმს, ენოთეკას, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეებს, ქართულ მარანს, თანამედროვე ლაბორატორიებს და სხვ. ვაზისა და ღვინის კულტურულ-სამეცნიერო ცენტრის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. შედეგად, ქვეყანას ექნება ულტრათანამედროვე სამეცნიერო ბაზა, სადაც დღეს არსებული გამოწვევების შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარება იქნება შესაძლებელი. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაწყებული საქმე პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად დასრულდეს. ამჟამად ვაზის იშვიათი ჯიშებისგან ღვინის ნიმუშები მზადდება, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და დღეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად გემოვნური ბუკეტის დამსახურებით იქცა. ვფიქრობ, ქვეყანას, რომელიც ვაზისა და ღვინის სამშობლოა, აუცილებლად ესაჭიროება თანამედროვე ინსტიტუტი, ადგილი, სადაც იმ უძველესი ვაზის ჯიშების, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, იდენტიფიცირება და ენოლოგიური კვლევები შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის დაცვით განხორციელდება.
როგორია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა და სამომავლო გეგმები?
მოკლედ შევეხები იმ ძირითად საქმიანობებს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ასრულებს. ცენტრში ფუნქციონირებს 18 სამეცნიერო განყოფილება. 2019 წლიდან საქართველო, წარმოდგენილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრით, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის წევრია (ECPGR).
ყოველწლიურად ხორციელდება მოძიებული და საკოლექციო ნაკვეთებში დაცული 100-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიშის საერთაშორისო ამპელოგრაფიული დესკრიპტორებით იდენტიფიცირება. დამზადებული ღვინის ნიმუშების ფიზიკო-ქიმიური და სენსორული ანალიზის საფუძველზე კი ხდება ყოველი რეგიონისათვის პერსპექტიული ვაზის ჯიშების შერჩევა. ჩვენი მკვლევრების მიერ შესწავლილი მასალები საფუძვლად დაედო მევენახეობის ახალი სპეციფიკური მიკროზონების რეგისტრაციას.
პირველად ქართული მეღვინეობის ისტორიაში, შეიქმნა ქართული ღვინის მშრალი საფუარი GE 02, რომელსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქართული მეღვინეობის შემდგომი განვითარების საქმეში. ცენტრი აქტიურად არის ჩართული ხარისხიანი სელექციური სათესლე და სარგავი მასალის წარმოების, ადგილობრივი, ასევე ახალი, ინტროდუცირებული ჯიშების შესწავლა-გავრცელების, ეროვნული კატალოგის შექმნის საქმეში. ხელს უწყობს სარგავი მასალის სფეროში ნებაყოფლობით სერტიფიცირების სისტემის დანერგვის განხორციელებას.
შესაბამისი კვლევითი სამსახურების მიერ მუშავდება ბიოაგროწარმოების ინოვაციური მეთოდები, მავნებელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ბრძოლის ქიმიურ ღონისძიებებთან ერთად, მიმდინარეობს ბიოლოგიური პრეპარატების გამოცდა და ქვეყნის ენტომოფაუნაში არსებული ადგილობრივი ბუნებრივი მტრების, ბიოაგენტების მოძიება და გამრავლება. რეგიონული განვითარების ჭრილში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მათ შორის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სასელექციო, საკოლექციო, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები და ბაღები აქვს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში. ცენტრი წარმატებულად ახორციელებს ასევე საქართველოში გავრცელებული შინაური ცხოველების, ფრინველების, თევზების და სამეურნეო-სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების აღდგენა-გაუმჯობესებას და გენეტიკური ბანკის შექმნას, სანაშენე საქმიანობას. რისკის შეფასების სამსახური ახორციელებს სურსათში ტყვიის, ანტიბიოტიკებით სასურსათო პროდუქციის დაბინძურების, აკრილამიდის და სასმელ წყალთან დაკავშირებული პოტენციური რისკ-ფაქტორების შეფასებას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს რისკის მმართველებისთვის. 2019 წლიდან სამსახურს სურსათის უვნებლობის რისკის შეფასებასთან ერთად, დაემატა ფიტოსანიტარული და ვეტერინარული რისკების შეფასების ფუნქცია. სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აქვს უახლესი აღჭურვილობის მქონე ლაბორატორიული ქსელი. ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც ევროპის ნიადაგის ლაბორატორიათა ქსელის თავმჯდომარეა, ჩართულია ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ერთობლივ პროექტში „გრძელვადიანი მიწის დეგრადაცია კავკასიაში“ და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (აშშ) − NASA-ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ცენტრში ასევე ფუნქციონირებს ქსოვილის კულტურის in vitro, ELIZA, RT PCR, მოლეკულური გენეტიკის (დნმ) და ეკოფიზიოლოგიის ლაბორატორიები. შექმნილია თესლის ბანკი, სადაც სხვადასხვა კულტურათა გენეტიკური რესურსებია განთავსებული. ISTA-ს სტანდარტის მიხედვით მოეწყო და აღიჭურვა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტისა და სერტიფიცირების ლაბორატორია, რომელმაც მოიპოვა ISO/IEK 17025:2017/2018 სტანდარტთან შესაბამისობის აკრედიტაცია. ქვეყანაში არსებული სანერგეების საბაზისო მცენარეებით უზრუნველსაყოფად და სერტიფიცირებული ნერგის წარმოების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯიღაურაში მიმდინარე წელს იქმნება სრულყოფილი ინფრასტრუქტურა ყველა რგოლის, მათ შორის სათბურების გათვალისწინებით და სხვ. მომავალში ჩვენი უპირველესი საზრუნავი, დაწყებული სამუშაოების თანმიმდევრულად გაგრძელება და ახალგაზრდა კადრების ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებში მაქსიმალური ჩართულობაა. მათი დაინტერესება კი საკმაოდ მაღალია და არაერთმა მათმა სამეცნიერო ნაშრომმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მჭიდრო ურთიერთობა აქვს უცხოეთის კვლევით დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან: კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP); ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან (EFSA) და გერმანიის ფედერალური რისკის შეფასების ინსტიტუტთან (BfR); უახლოეს მომავალში იგეგმება სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერების საერთაშორისო ორგანიზაციაში GABI-ის გაწევრიანება.