მიკი მაზალ შიმონოვი – შეფი, გიდი ისრაელიდან, ყოველთვე სტუმრობს საქართველოს გასტრონომიულ ტურისტებთან ერთად და აქ შესწავლილ რეცეპტებს ისრაელში იყენებს. მიკი ამბობს, რომ რაც დრო გადის, მით მეტი ტურისტი ინტერესდება ქართული გემოებით. OK! Gastro Book გთავაზობთ ინტერვიუს მიკი მაზალ შიმონოვთან.
და მაინც, რატომ არის უცხოელებისთვის საქართველო საინტერესო?
თქვენი სამშობლო ულამაზესია – ბუნებით, ხედებით, ზღაპრული სოფლებით, დიდებული ღვინით, მდიდარი და უგემრიელესი სამზარეულოთი, მეგობრული და სტუმართმოყვარე მასპინძლებით...
რა გიზიდავთ ქართულ კერძებში?
ჩემი და ჩემი სტუმრების აზრით, საქართველოში უგემრიელესი ხილი და ბოსტნეული გაქვთ, რაც კი გაგვისინჯავს. ყოველი რეგიონი თავისი განუმეორებელი სამზარეულოთი გამოირჩევა და ამითაა საქართველო უნიკალური ქვეყანა. ხინკალი – პირს და გულს თანაბრად იპყრობს. ძალიან მოგვწონს თქვენი ფხალეული – მდიდარი სუნელებითა და ნიგვზით.
და მაინც, როგორ შეაფასებდით, როგორ ხედავთ ქართული გასტრონომიული კულტურის მომავალს?
ფაქტი სახეზეა, რომ ქართული კულტურის დიდი ნაწილი გასტრონომიულ კულტურას უჭირავს. ქართული გასტრონომიული კულტურის უნიკალურობა მისი სეზონურობა და რეგიონულობაა. სუფრის გაშლის წესები, სიუხვე, სიჭრელე უცხოელებისთვის ნამდვილი გემოვნების ზეიმია. უგემრიელესი კერძების თანმხლები – ქართული ღვინო და ჭაჭა, ეს არის სუფრის გვირგვინი. ქართული სუფრა ადამიანების დამეგობრების ეპიცენტრია. გაშლილი სუფრის სიუხვეს ახლავს ქართველი მასპინძლის სტუმართმოყვარეობა. ეს ცალკე კულტურაა. სტუმარ-მასპინძლობა ღიმილით, გაშლილი გულით, გაშლილი ხელით – ეს თქვენი უნიკალური თვისებაა. ჩემთვის ქართული სუფრა განსაკუთრებული თავგადასავალია, რომელიც მუდამ მიზიდავს და მთხოვს, დავბრუნდე.