სტატიის წაკითხვამდე უცნაური შეკითხვა უნდა დაგისვათ: რა კავშირშია ყველი და საათები? ან უფრო კონკრეტულად – შვეიცარიული ყველი და შვეიცარიული საათები? დღევანდელი ნომრის სტუმარი ჟან კლოდ ბივეა – ლუქსემბურგელი ბიზნესმენი, რომელმაც ამ შეკითხვაზე პასუხი ყველაზე კარგად იცის.
ჟან კლოდ ბივე (Jean-Claude Biver) 1949 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ საათებისა და ბიზნესის სამყაროში ბივეს „საათების მეფეს“ და „საათების გადამრჩენელს“ უწოდებენ.
ჟან კლოდი 2014 წლიდან საათების ცნობილი კომპანიის TAG Heuer-ის აღმასრულებელი დირექტორია (CEO), ასევე 2014 წლის იანვრიდან Louis Vuitton-ის საათების სამმართველოების პრეზიდენტად აირჩიეს.
ჟან-კლოდ ბივე წარმატების მაგალითია: 1980-იან წლებში, როცა მექანიკური საათების წარმოება კვარცის საათების მასიურმა ინდუსტრიამ ჩაძირა, ბივემ იყიდა საათების ცნობილი მარკა Blancpain სულ რაღაც 22000 შვეიცარიულ ფრანკად და ისე ააღორძინა, რომ რამდენიმე წელიწადში მარკა Blancpain Swatch Group-ს 60 მილიონ შვეიცარიულ მარკად მიჰყიდა.
ამის შემდეგ საათების მარკა Hublot ოთხ წელიწადში ისე „დაქოქა“, რომ წლიური ბრუნვა 11,3 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაზარდა და LVMH-მა Hublot-ს 250 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. ბივე დედამიწას გასცდა – ასპონსორებდა მარსზე მისიას საათების მარკა TAG Heuer-თან ერთად.
მოკლედ, ჟან-კლოდ ბივეს ჯადოსნური ხელი შეეხო შვეიცარიული საათების ყველა ცნობილ მარკას და მათი სიცოცხლე მეორედ განაახლა. მას იცნობს და მის საათებს ატარებს ყველა ცნობილი ადამიანი მსოფლიოში, მისი მარკა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თაიმკიპერია და ა.შ.
საათების პარალელურად, ჟან-კლოდ ბივეს შვეიცარიის მთებში ყველის ფერმა აქვს. ერთი შეხედვით ჰობი გეგონებათ, მაგრამ არა! – აქ ინახება საათებისა და ყველის საიდუმლო.
ჟან კლოდ ბივე ინტერვიუში მიყვება: ჩემი ყველისადმი სიყვარული საათების სიყვარულისგან მოდის და იცით, რატომ? შვეიცარიული ყველი და შვეიცარიული საათები ერთად გაიზარდნენ... XVII საუკუნის დასაწყისში საათის მექანიზმებს დასამუშავებლად სწორედ ფერმერებს უკვეთავდნენ. მათ Paysan-Horloger-ს, ანუ „ფერმერ-მესაათეებს“ უწოდებდნენ.
სისტემა ასე მუშაობდა: აქაური, შვეიცარიელი მეყველეები ზაფხულობით ძროხებს უვლიდნენ, ხოლო ზამთრობით, როცა ყველაფერს თოვლი ფარავდა, საათის მექანიზმებს ამუშავებდნენ. თანდათან ზოგი მეყველე ბოლომდე მესაათედ იქცა. როგორც ბივე ამბობს, ყველი არასოდეს უყვარდა, ადრე ცოტას მიირთმევდა და არც მისი დამზადება იცოდა, მაგრამ როცა ეს უძველესი სოფლები მოინახულა, სადაც ფერმერი-მესაათები ცხოვრობდნენ, თავის ცოლს უთხრა, მე ვიყიდი ფერმას და გავივლი ამ გზას – ყველიდან საათამდეო.
„ახლა კი სხვა საიდუმლოსაც ჩავხვდი“, – მიყვება ჟან-კლოდ ბივე, – „ყველის ფერმა მე უკეთეს ადამიანად, კარგ მამად და კარგ ქმრად მაქცევს. გენერალურ დირექტორებს, კაბინეტებში ავიწყდებათ ხოლმე, საიდან მოდიან... ყველის წარმოება მიწაზე მაბრუნებს, ენერგიით მავსებს, მოთმინებას და შეგუებას მასწავლის“.
ჟან კლოდ ბივე ყოველწლიურად 5 ტონა ყველს აწარმოებს, მაგრამ არ ყიდის – მხოლოდ მეგობრებს და საყვარელ რესტორნებს ამარაგებს. ხოლო მას შემდეგ, რაც ჟან კლოდ ბივე „ქართული გასტრონომიული მუზეუმის“ მრჩეველი გახდა, მისმა ყველმა შვეიცარიიდან წოდორეთშიც ჩამოაღწია და დრო და სივრცე გააქრო.
რა არის თქვენთვის გურმანობა? გასტრონომია?
გასტრონომია კონკრეტული რეგიონის კულტურის აღმოჩენაა. მოგზაურობის დროს სწორედ ესაა უმთავრესი – გაიცნო სტუმარი ქვეყნის გემოები და გემოებით გაიცნო ქვეყანა. ქვეყნის სამზარეულო ბევრს გიყვება თავის ადამიანებზე, ხასიათზე.
რა საერთო აქვთ მესაათეობას და სამზარეულოს?
კარგი შეკითხვაა, საერთო ბევრი აქვთ: დროის შეგრძნება, სიზუსტე, ნედლეულის ხარისხი, საქმის ბოლომდე მიყვანა, მორთვა და პრეზენტაცია.
მოგვეცით რჩევა, როგორ უნდა გავხადოთ ქართული გემრიელი სამზარეულო მსოფლოში კიდევ უფრო პოპულარული?
საკუთარი ქვეყნის სახელით მონაწილეობა უნდა მიიღოთ ცნობილ კულინარიულ ღონისძიებებში, ხელი უნდა შეუწყოთ ქართველ შეფებს, საზღვრებს გარეთ მოაწყონ „ქართული გასტრონომიის დღეები“. თქვენზე ბევრი უნდა გაიგონ მეგაპოლისებში – ლონდონში, ტოკიოში, ნიუ იორკში... ასევე პოპულარული უნდა გახადოთ ქართული ენდემური პროდუქტები ან კერძები საზღვრებს გარეთ. მაგალითად, გასტრონომიულ ფესტივალებზე, ბაზრობებზე და სხვა ღონისძიებებზე. ამაში თქვენი ქვეყნის მთავრობა უნდა დაგეხმაროთ – ეკონომიკისა თუ ტურიზმის სამინისტროები, ფინანსური მხარდაჭერით.
ჟან კლოდ, ჩემი ოცნებაა ერთად მოვაწყოთ ქართული ვახშამი, სადაც თქვენს ცნობილ სტუმრებს დაპატიჟებთ და გავაცნობთ ქართულ გემოებსა და ღვინოს...
ძალიან საინტერესო იდეაა. ვეცდები 2020 ან 2021 წელს გესტუმროთ და უკეთ გავიცნო ქართული გემოები. ძალიან მომეწონა ეს იდეა...