ხაჭაპური, ზახერი და ალერგია... განა რა საერთო აქვთ მათ? სპეციალურად OK! გასტრო ბუქისთვის გვესაუბრება ექიმი, გასტრონომიული ასოციაციის დამფუძნებელი, ნანა დოლიძე.
უკვე 7 წელზე მეტია, რაც როგორც ალერგოლოგი, ყოველ წელს მივემგზავრები ვენაში მოლეკულური ალერგოლოგიის მექაში, უახლესი ტენდენციების გასაცნობად და ყოველ ვიზიტზე აუცილებლად ვსტუმრობ „ზახერის“ კაფეს „ზახერის“ ტორტის დასაგემოვნებლად.
ყოველთვის მაოცებდა გარემოება, თუ როგორ ახორციელებს ქვეყანა კერძო, „ზახერის“ ბრენდის პოპულარიზაციას. დამოუკიდებლად ამ ბრენდის მარკეტინგული აქტივობისა, მთელი ქვეყანა გიღაღადებს მის ისტორიაზე, ლეგენდაზე, კულტურულ მახასიათებლებზე...
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ტორტის მოყვარული არ ვარ და შესაბამისად, არც ზახერია გამონაკლისი.
დაახლოებით 4 წლის წინ, ვენაში ჩემი მორიგი ვიზიტის დროს, რა თქმა უნდა არ დავარღვიე ჩვეული ტრადიცია და მე და დედა ზახერისკენ გავეშურეთ. შევუკვეთეთ, მოგვიტანეს და რატომღაც დავიწყე ფიქრი, თუ რა მიბიძგებდა, ყოველთვის, ვენაში ყოფნის დროს დიდი პატივისცემით მიმერთმია ტორტი, რომელიც საერთოდ არ მიყვარს. მოვძებნე პასუხი: მივირთმევ რა მას, ვეცნობი ქვეყანას, მის კულტურასა და გემოს.
და მაშინ რა არის ჩვენი – ქართველების მთავარი გემო? − ვეკითხები ჩემს თავს.
პასუხმა არ დააყოვნა − გემო... მთავარი გემო, ბავშვობის გემო. გემო, რომელსაც პირველი ვთავაზობთ სტუმარს − რა თქმა უნდა, ხაჭაპური!
„დავგუგლე“ „ხაჭაპური“ − მხოლოდ ბანალური ფოტოები, რესტორნები ხაჭაპურის შეთავაზებით, Georgian PIZZA...
და გული დამწყდა, თან ძალიან – არსად იყო ლეგენდა, ისტორია, ის, რაც აჩვენებდა, რომ ხაჭაპური არა მარტო ქართული ყოველდღიურობის შემადგენელია, არამედ ჩვენი კულტურისა და ტრადიციის განუყოფელი ნაწილიც გახლავთ.
დავბრუნდი საქართველოში იდეით, რომ ხაჭაპური უნდა გახდეს მსოფლიო ბრენდი, მსოფლიოს წარვუდგინოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეგების!
დავიწყე მოკავშირეების ძებნა და ჩემმა მეგობარმა გამაცნო გასტრონომიულ სფეროში გამობრძმედილი რესტორატორი, პატრიოტი ადამიანი – ლევან ქოქიაშვილი. ჩვენი შეხვედრის დროს მან აღნიშნა, რომ თავადაც ფიქრობდა ამ საკითხზე და ზრუნავდა კიდეც. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ძალები და ერთად შევჭიდებოდეთ ამ თემას. გადაწყდა, ჩატარებულიყო კვლევა. ფინანსურ მხარდაჭერას მე ვახორციელებდი.
თავდაპირველად კვლევა დავიწყეთ გასტრონომიული მკვლევარ, ქალბატონ დალი ცატავასთან ერთად. კვლევას დროთა განმავლობაში შემოუერთდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, გარდავიქმენით მულტიდისციპლინურ გუნდად, რომელიც დააგვირგვინა ღვაწლმოსილმა ეთნოლოგმა, თამილა ცაგარეიშვილმა.
კვლევის მიზანი იყო მაქსიმალურად მოგვეძიებინა ინფორმაცია ხაჭაპურის შესახებ, ჩავსულიყავით მის ისტორიულ ფესვებამდე, გაგვეცოცხლებინა უძველესი ლეგენდები თუ რეცეპტები, თავი მოგვეყარა რიტუალებისთვის. კვლევის პროცესი იმდენად ემოციური იყო, რომ მუდმივად მქონდა განცდა, თითქოს განძს ვეძებდით. რაღა დაგიმალოთ, და ეს მართლა ასეა – ჩვენ ხომ თითოეული ქართველი ადამიანის გემოს ვეხებოდით, ხშირ შემთხვევაში – მათი ბავშვობის გემოს, ბებიის გემოს. ბებიაც ხომ ქართველისთვის საერთოდ განსხვავებული ფენომენია.
2 წელია რაც ვიკვლევთ, პირველადი შედეგებიც გვაქვს: 30-ზე მეტი სახეობის ხაჭაპური აღვრიცხეთ, კოლხური ფესვები, რიტუალები... ამ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით საზოგადოებას განხილვისთვის. დაიწყება განხილვა... იგეგმება წიგნის გამოცემა.
შარშან, 22 იანვარს ჩვენი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, ხაჭაპური გახდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სახელწოდებით „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“.
დიახ, ტრადიცია და არავითარ შემთხვევაში − ცხობა!
ცხობა ხომ მხოლოდ ტექნიკური პროცესია, ყოველგვარი მნიშვნელოვანი შინაარსის გარეშე. ხაჭაპური კი ჩვენი იდენტობაა, ყოფისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია.
ახლა უკვე ხაჭაპური ემზადება საერთაშორისო აღიარებისთვის, იუნესკოსთვის. ბუნებრივია, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ვემზადებით, და რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ხაჭაპური უახლოეს პერიოდში მსოფლიო მწვერვალებს დაიპყრობს!