ტატო ლილუაშვილი – DMO Imereti-ს აღმასრულებელი დირექტორი
ტურიზმი იმერეთში გუშინ და დღეს.
რეგიონში ტურისტული თვალსაზრისით მდგომარეობის შესაფასებლად ყველაზე თვალსაჩინო და ზუსტი ინდიკატორია სტატისტიკური მონაცემები. გარდამტეხი ამ თვალსაზრისით აღმოჩნდა 2018 წელი, როცა ტურისტების რაოდენობის 85%-იანი ზრდა დაფიქსირდა. დღეს უკვე ქუთაისიდან ხორციელდება 42 პირდაპირი ფრენა ევროპის მიმართულებით. ეს არის ახალი რეალობა და მოცემულობა, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები.
რა არის ტურისტისთვის მაგნიტი იმერეთში? დაასახელეთ ათი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახონ ქართველებმა და უცხოელებმა?
ძალიან რთულია დაასახელო კონკრეტული ადგილი ან ატრაქცია, რომელიც იმერეთის მიზიდულობის მთავარ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ. მრავალფეროვანი რესურსი და პოტენციალი, რომელსაც იმერეთი ფლობს, არ შეიძლება შემოიფარგლოს ერთი კონკრეტული ძეგლით ან ტურისტული ღირსშესანიშნაობით. იმერეთი – ეს არის ისტორია და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ბუნება და თავგადასავალი, გასტრონომია და ღვინო, სპა და ბალნეოლოგიური კურორტები; იმერეთი – ეს არის ქუთაისი თავისი ისტორიით, ხასიათით, განწყობით. ეს არის პრეისტორიული ხანა სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებში, ანტიკური საქართველო ვანში, შუასაუკუნეები გელათში, იმერეთში, ზემო იმერეთის ხუროთმოძღვრებაში, მე-19 საუკუნის არქიტექტურა ქუთაისში; სულ მალე – განახლებული წყალტუბო და ქუთაისი ახალი შესაძლებლობებით და ფუნქციით. ამიტომ, არა რომელიღაც კონკრეტული ლოკაცია, არამედ მთელი იმერეთია დასათვალიერებელი და დასაგემოვნებელი.
მარი დევიძე – DMO Imereti-ს ელექტრონული მარკეტინგის, PR-ისა და მედიის მენეჯერი.
რას ეძებენ გასტრონომიული ტურისტები იმერეთში?
ქუთაისში სხვადასხვა ტიპის ტურისტები ჩამოდიან. ზოგი მათგანი პირველადაა, ზოგმა წინასწარ იცის ქართული გასტრონომიის შესახებ და იმერული გემოების აღმოსაჩენად ჩამოდის. ბევრი ადამიანისთვის საქართველო იმერეთის რეგიონით იწყება, როცა ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდება... თუმცა, საიდანაც უნდა დაიწყოს მოგზაურობა, ნებისმიერი ადამიანისთვის იმერული გასტრონომიის გაცნობა, იმერულ სტუმართმოყვარეობასთან შეხება, უსათუოდ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი თავგადასავალია. იმერული სამზარეულო არ არის მხოლოდ საკვები და გემოები – ეს არის ტრადიციების, სპეციფიკური კომუნიკაციის, გარკვეული რიტუალების კომპლექსი. იმერეთის, ქუთაისის მდიდარი სამზარეულო კულტურა გვაძლევს საშუალებას ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში დიდი და საპატიო ადგილი დავუთმოთ გასტრონომიულ კომპონენტს და დარწმუნებული ვარ, ეს სწორი და მომგებიანი გათვლაა.
დაასახელეთ კერძები, რომლებიც ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ.
როგორც ტურიზმის სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც არაერთხელ გამიწევია მასპინძლობა სხვადასხვა ტიპის ინფოტურისტისთვის, საშუალება მქონდა დავკვირვებოდი, თუ რა ტიპის რეაქციები აქვთ უცხოელ სტუმრებს ამა თუ იმ იმერულ კერძზე. უსათუო ლიდერი ამ შემთხვევაში არის იმერული ფხალეულობა – ავთენტური და წმინდა იმერული გასტრონომიული პროდუქტი, რომლის ანალოგის მოძებნა გაგვიჭირდება მსოფლიო სამზარეულოებში. ფხალის დაგემოვნებას ახლავს დამზადების მასტერკლასი, რაც ტურისტებისთვის ერთგვარი ეგზოტიკური შოუა. ძალიან კარგი ტენდენციია ამ მხრივ ისიც, რომ გასტროტურიზმზე ორიენტირებული კვების ობიექტები აცოცხლებენ ძველ რეცეპტებს და მათ მენიუში ვხვდებით ისეთ კერძებს, როგორიცაა მაგალითისთვის მინდვრის ფხალი, უნიკალური და განსხვავებული იმერული „სალათი“...
უცხოელებისთვის საინტერესოა იმერული მჭადი... მისი დამზადების ტრადიციული მეთოდი გავარვარებულ კეცებზე, ნეშოს ფოთლებით, ასევე ეგზოტიკური გასტროშოუს აუცილებელი კომპონენტია.
იმერული ხაჭაპური – ხაჭაპურის ნაირსახეობათა შორის კლასიკური ვარიანტი, უმთავრესი ინგრედიენტით, იმერული ყველით, მას უნიკალურობას სძენს.
უცხოელების დიდი მოწონებით სარგებლობს იმერული სოუსები – ბაჟე, ტყემალი, რომლებსაც იმერეთში ხორცთან ტანდემში იყენებენ, ისრიმ-მაყვალი ასევე გამორჩეული და გემოვნური თვისებებით განსხვავებული პროდუქტია.
როგორ შეაფასებდით ერთი წლის წინანდელ იმერეთის გასტრონომიულ ტურიზმს?
საკმაოდ დიდი ძვრებია – იზრდება კაფეების, რესტორნების რაოდენობა. ქუთაისის კაფეები საერთაშორისო კულინარიულ გზამკვლევებში დაფიქსირდა, რაც მოტივაციისა და ჯანსაღი კონკურენციის საწინდარია. ჩვენი მხრივ, ვგულისხმობ სამსახურს, ვცდილობთ საკუთარი წვლილი შევიტანოთ იმერული სამზარეულოს პოპულარიზაციაში.
ვაწყობთ ინფოტურებს, უკვე მეორე წელიწადია ვატარებთ ყველის ფესტივალს, ხელს ვუწყობთ იმერული ღვინის პოპულარიზაციასაც და იმერელი მეღვინეების საერთაშორისო გამოფენებზე გაყვანას.