ყველა რეცეპტი განძია, ამბავია, ისტორიაა. რეცეტები მატიანესავით ინახავს ამა თუ იმ ეპოქას, ამიტომ არცერთი რეცეპტი არ უნდა დაიკარგოს.
ამ მიზნით შეიქმნა „ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმისა“ და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი პროექტი – გასტრონომიული ციფრული ბიბლიოთეკა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე: „ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის ფორმატში შეიქმნება ქართული გასტრონომიული კულტურის ბიბლიოთეკა – მოვიძიებთ უძველეს თუ თანამედროვე რეცეპტებს, რიტუალებს, ჩვევებს; ოჯახ-ოჯახ ვივლით და ელექტრონული ფორმით შემოგთავაზებთ. ამ პროექტის ელექტრონული ვერსია გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე ბეჭდური ბიბლიოთეკა. ვფიქრობ, კულტურის ძირითადი ნაწილი კულინარიაა. ჩვენი არქივისთვის საინტერესოა ყველა რეცეპტი და ადამიანი, ვისაც ორიგინალური რეცეპტები აქვს“.
ესმა კუნჭულია – გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელი: „ჩვენ ვაგროვებთ ყველაფერს – ზეპირ თუ ხელნაწერ რეცეპტებს, ხელნაწერი რეცეპტების რვეულებს, ლხინისა თუ ჭირის სუფრების ტრადიციებს... ზღვა მასალაა! საქართველო უგემრიელესი ქვეყანაა, თავისი დიდი გასტრონომიული კულტურითა და სუფრის წესებით. ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში გასტრონომიული კულტურის შესახებ ციფრული ვერსიები შეინახება. ტექნიკურად ეს ასე განხორციელდება: ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას ბიბლიოთეკას საინტერესო რეცეპტების შესახებ. შემდეგ ბიბლიოთეკის ტექნიკური ჯგუფი სკანერით ეწვევა ამა თუ იმ რეგიონს და ოჯახს, სადაც რეცეპტების რვეულების დაასკანერება მოხდება. თუში, სვანი, რაჭველი და სხვა კუთხეების მკვიდრი ბებოები თვითონ ხომ ვერ ჩამოვლენ თბილისში, ბიბლიოთეკაში რეცეპტების რვეულის დასასკანერებლად? ამიტომ ბიბლიოთეკა ეწვევა მათ შინ, მათ რეცეპტების საგანძურს უმაღლესი ხარისხით დაასკანერებენ და ის აიტვირთება „ივერიელის“ ელექტრონულ გვერდზე, კულინარიული ბიბლიოთეკის განყოფილებაში“.
პროექტის ავტორები რეცეპტების წიგნის გამოცემასაც გეგმავენ.