ჰესიოდე, ევრიპიდე, აპოლონიოს როდოსელი, სოფოკლე, ოვიდიუსი, სენეკა, ჩოსერი, კორნელი, ჟან ანუი, ვერონეზე, დელაკრუა... და კიდევ უამრავი ადამიანი წერდა, ხატავდა და ძერწავდა – მედეას!
ვინ იყო მედეა? მითოლოგიური ქალღმერთი თუ მიწიერი ქალი? ჯადოქარი თუ ბრინჯაოს ხანის ექიმი?
მითი მედეას და არგონავტების შესახებ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნის შუა წლების ამბავს გვიამბობს. უძლიერეს სახელმწიფოში, რომელსაც კოლხეთი ჰქვია და მზის – ჰელიოსის ვაჟი, აიეტი განაგებს, ცხოვრობს მედეა – აიეტისა და ოკეანიდა იდიას ქალიშვილი. მედეას ყველა ძველი ავტორი ლამაზ ქალად აღწერს, რომელსაც ჰერას ფავორიტი იაზონი აფროდიტეს დახმარებით სიგიჟემდე შეუყვარდება.
თუ დღეს ტროას ომის ნამდვილობა დადასტურებულია (ის ძველი წელთაღრიცხვით 1184 წელს მოხდა) და ოდისევსის სასახლე ნაპოვნია, ესე იგი 3 400 წლის წინათ კოლხეთში ნამდვილად ცხოვრობდა მედეა და მის უნიკალურ ბაღში 58 უნიკალური მცენარე ხარობდა.
მედეას ბაღი ძალიან მნიშვნელოვანი საკვლევი თემაა. მედეა მცენარეებით სასწაულებს ახერხებს – მოხუცს აახალგაზრდავებს, ჭრილობებს ახორცებს, უშვილობას კურნავს, თმას ღებავს, ცრემლებისგან დამწვარ ლოყებს უცებ აშუშებს, მტრებს აძინებს, წამლავს და აცოცხლებს. ანუ მედეა ფლობს წამლებისა და შხამების ხელოვნებას.
და მაინც, რა ჯადოსნური მცენარეები ხარობდა მედეას ბაღში? არსებობს თუ არა ეს მცენარეები დღემდე და გამოიყენება თუ არა დღეს ქართულ კულინარიულ კულტურაში?
ცნობები მედეას ბაღის შესახებ, სხვადასხვა ავტორთან დაწვრილებითაა აღწერილი. „ორფიკულ არგონავტიკაში“ ჩამოთვლილია ბევრი მცენარე, რომელიც კოლხეთის მეფის ასულის ბაღში ხარობდა.
XX საუკუნის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ იმ პერიოდის კოლხეთი უძლიერესი სახელმწიფოა, სადაც მიწათმოქმედება და მესაქონლეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. არქეოლოგიური არტეფაქტები მეტყველებს, რომ იმ დროის კოლხეთში მაღალ დონეზეა მედიცინაც – არსებობს სამედიცინო თუ ჰიგიენისათვის განკუთვნილი ნივთები გველის გამოსახულებით.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რამაზ შენგელიას საინტერესო კვლევა აქვს გამოქვეყნებული ამ თემაზე.
თუმცა გერმანელი ბოტანიკოსი, მწერალი და ექიმი კურტ შპრენგელი (Kurt Joachim Sprengel 1766-1833) პირველი იყო, რომელმაც მსოფლიო მედიცინის ისტორიის ხუთტომეულში სიტყვა „მედიცინა“ მედეას დაუკავშირა და მედეას ბაღის 36 მცენარის ლათინური სახელი გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი, საქართველოში ჩამოსულმა ლატვიელმა მკვლევარმა, რობერტ კუპცისმა მედეას ბაღის მცენარეებს სხვა მცენარეეები დაუმატა.
თუ სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილ 58 მცენარის სახელს ერთ ფურცელზე ჩამოვწერთ და მის ლათინურ შესატყვისს ქართულ სახელებს მივუსადაგებთ, მივხვდებით, რომ ყოველ მათგანს რამდენიმე ქართული სახელი აქვს, ანუ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ეს მცენარეები ყველა რეგიონში იზრდებოდა და საკუთარი კუთხური სახელებიც აქვს.
მაგალითად, „სიტყვის კონაში“ მანდრაგორა ბალახია, რომელიც ვაშლივით მოიბამს ნაყოფს, ხოლო ვინც ნაყოფს ჭამს, აძინებს. მაგალითად, ბელადონა, იგივე შმაგა. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე არსებობს 3 სახის ბელადონა, მათგან ერთი წმინდა კავკასიურია – Atropa caucasica. შმაგას ქართლში ჰქვია დევსურა, დევსურავანდა, დევცეცხლა. ფშავში უწოდებენ გიჟანას, კახეთში – ცოფის ბალახს.
აპოლონიოს როდოსელი წერს, რომ მედეამ ყუთიდან ამოიღო პრომეთეს ბალახი, რომელიც მაშინ გაჩნდა, როცა პრომეთეს არწივი ძიძგნიდა. „პრომეთეს ბალახი“ უკვდავების წამალია. ხარობდა თუ არა ის საქართველოში? 1966 წელს ვირსალაძის სახელობის სამედიცინო ექსპედიციამ სვანეთში ჩაიწერა მთხრობელი, რომელიც ასახელებს უნიკალურ ბალახს, სახელად „ამირანული ბალახი“.
მედეას ბაღში იზრდებოდა CORALLINA – იორდასალამის ჯგუფის ყვავილი. როგორც ბოტანიკიდანაა ცნობილი, კავკასიაში იზრდება 12 სახის იორდასალამი და აქედან 7 სახეობა არის წმინდა ქართული. ქართლში, ქიზიყში, რაჭაში, მას უწოდებენ ტყის ყაყაჩოს, კახეთში – გუგულის კაბას. საოცარი წამალია – ანტისპაზმურია, აძლიერებს პერესტალტიკას, იყენებენ ასთმისა და ყივანახველას დროს.
COLCHICUM – ბოტანიკურად მისი სახელია უცუნა, ლეჩხუმში თავნიორას, გურიასა და აჭარაში სათოვლიას უწოდებენ, იმერეთში – მარტოყვავილს, რაჭაში – თოვლის მახარობელას, თოვლის დედას. მეგრულად უცუნა „მათირია კვარაკუნჩხაა“. კოლხიკუმი შეიცავს კოლხიცინს – უძლიერეს შხამს, და მას ძველი დროიდან იყენებდნენ ნევრალგიის, პოდაგრას, რევმატიზმის სამკურნალოდ.
მედეას ბაღში ხარობდა 3 სახის გვირილა, რომელიც ძალიან პოპულარულია კოლხურ მედიცინაში. აქაც უხვად გვხვდება რეგიონული სახელები: ირაგა, ყანის ირაგა, იმერულად ანაგრულა, კამა-კამა. გურიაში ძაღლქინძა, ქამენია, სამეგრელოში ქამანია, რაჭაში კაკია, ლეჩხუმში – მინასტარე და სხვა.
გასტრონომიული კულტურის კვლევისას, საინტერესოა ის მცენარეები, რომლებიც დღემდე გამოიყენება კულინარიაში და არა მხოლოდ მედიცინაში.
მაგალითად, დაფნა. დიახ, მედეას ბაღში იყო დაფნა, და მეტიც – 3400 წლის შემდეგაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სწორედ ძველი კოლხეთის ტერიტორია სახელდება დაფნის სამშობლოდ.
შინდი – შინდის სამშობლოც სამხრეთ კავკასიაა და მისი ხის ქერქი, ძირები და ნაყოფი უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.
მედეა, როგორც წამალს (და სავარაუდოდ იმ დროის კერძებშიც), იყენებდა პიტნას და ომბალოს. ველურ პიტნას სამეგრელოსა და გურიაში უწოდებენ ომბალოს. ბაღის პიტნას – პიტინე. სვანურად პიტნა – მინთეა, ლათინურად – მენთა. მეგრულში პიტნის ზოგადი სახელია ყვალმინთა, ანუ ყველის პიტნა, რაც წამსვე გებჟალიას გვახსენებს.
მედეა იცნობდა და იყენებდა ორეგანოს, რომელსაც ასევე უამრავი ქართული სახელი აქვს: ქართლში ის შავბალახაა, ხევში ოსური ჩაი, ლეჩხუმში თავყვავილა, მესხეთში ლეილაღა, მარმიჭი, ზემო რაჭაში ჩაის პიტნა, აჭარაში – ისხანი, ჩაიოთი. მედეა ორეგანოს გველის შხამის წინააღმდეგ იყენებდა და შხამიან ცხოველებს აძინებდა.
კოლხი ასულის ბაღში ხარობდა წიწმატი, ზაფრანა, ლავანდი, ყოჩივარდა, ეკალა, არჯაკელი/ცულისპირა, ნიახური, ჟუნჟრუკი, სალბი, მოლოქა ფხალი და სხვა.
და ერთი ძალიან საინტერესო დეტალი: მედეას ბაღში ჩამოთვლილია 2 მცენარე: 1) Phaseolus Vulgaris და 2) SOLANUM INSENUM SOLANUM;
Phaseolus Vulgaris – ლობიო? დიახ, ლათინურად ეს ლობიოა და საიდან ლობიო მედეას ბაღში? ანუ, თუ ლობიო არსებობდა მედეას ბაღში, კოლხეთში, ეს ნიშნავს, რომ ის ევროპული მცენარეცაა და არ არის მხოლოდ კოლუმბის მონაპოვარი სამხრეთ ამერიკის ბაღჩებიდან.
SOLANUM INSENUM SOLANUM-ის ჯგუფში შედის პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი. ესეც უცნაური ფაქტია, ანუ მედეას ბაღში ის მცენარეებიც იყო, რომლებიც ბევრი საუკუნის შემდეგ ჩამოიტანა ევროპაში კოლუმბმა?
სწორედ ამ და მრავალი სხვა საინტერესო დეტალისა და ისტორიული ფაქტის კვლევა მიმდინარეობს „გასტრონომიული მუზეუმის“ კვლევით ცენტრში, რომელიც ქართული გასტრონომიული კულტურის წარსულს და მომავალს ემსახურება.