გიორგი გომელაური მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება გადაწყვიტა. არჩევანის განმსაზღვრელი კი მეფუტკრეობა, როგორც მისი ოჯახის ორი ათეული წლის ისტორიის მქონე ტრადიცია გახდა. 100 პროცენტით ნატურალური პროდუქტის შექმნით, ახალგაზრდა მეწარმეს ქართულ ბაზარზე კეთილგანწყობის მოპოვება არ გასჭირვებია, მიზეზი კი უტყუარი ხარისხია − ის, რის გამოც „სამეფო თაფლის“ პროდუქციას მომხმარებლები ერთგულად ირჩევენ და კომპანიის მხრიდან მუდმივად ინოვაციურ სიახლეებს შეჩვეულნი, „სამეფო თაფლის“ თითოეულ წამოწყებას გულშემატკივრობენ.
რა უძღოდა საკუთარი ბიზნესის სათავეში ჩადგომის იდეას და როგორ შეჩერდა არჩევანი კონკრეტულ მიმართულებაზე?
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ფინანსურად მთლიანად მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული, ამიტომ მიზნად დავისახე მემუშავა და ეს ტვირთი მათთვის მომეხსნა. რამდენიმე კარგი ბიზნესიდეა მქონდა, საბოლოოდ კი მივიღე ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება და დავაარსე კომპანია „სამეფო თაფლი“. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ჩვენმა ოჯახურმა მეურნეობამ იქონია. დაახლოებით 20 წელია, რაც უმაღლესი ხარისხის თაფლს ვაწარმოებთ.
როგორი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს კვების მრეწველობის ბიზნესს და რა მოლოდინი გქონდათ წინასწარ? როგორ ფიქრობდით, რა სახის საშუალებებს მოგცემდათ თქვენი ბიზნესი საკუთარი თავისა და ზოგადად, პროდუქტის შესაძლებლობების რეალიზების თვალსაზრისით? პირველად როდის დადგა შედეგი, რომელმაც გიკარნახათ, რომ სწორ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგით?
როდესაც პროდუქტს ქმნი და ბაზარზე გაგაქვს გასაყიდად, წინასწარ იცი, ვინ არის შენი პოტენციური მომხმარებელი. მოლოდინი მქონდა, რომ „სამეფო თაფლი“ ლიდერი თაფლის კომპანია გახდებოდა, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა ნატურალურ, ბუნებრივად მოყვანილ პროდუქტზე. ჩვენთვის ეს კომპანია შესაძლებლობაა, წარმოვაჩინოთ საკუთარი ქართული „საგანძური“ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვრებს გარეთ. მახსენდება უამრავი შემთხვევა, როდესაც ჩვენი მომხმარებლები აღტაცებას ვერ მალავდნენ კომპანიის პროდუქციის დაგემოვნებისას. მათ მიგვაჩვიეს ბევრ საქებარ სიტყვას და დაგვარწმუნეს, რომ სასარგებლო საქმეს ვემსახურებით.
რამდენად რთული იყო მცირე ასაკში საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ვინ იყვნენ მთავარი მოტივატორები − ადამიანები, რომელთა აზრის, გამოცდილების გათვალისწინება, თქვენთვის დღესაც ძლიერი საბრძოლო იარაღია?
19 წლის ვიყავი, როდესაც ეს საქმე დავიწყე, ამ დროისათვის არანაირი ბიზნეს ან სამუშაო გამოცდილება არ მქონდა. ვიცოდი, რომ პატიოსნად, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია უნდა მეწარმოებინა და მომხმარებლამდე მიმეტანა, ვინაიდან წარმოებაში ჩავუშვით, როგორც ნატურალური თაფლი, ასევე იმ დროისათვის ინოვაციური პროდუქცია: ფიჭიანი თაფლი და ენერგეტიკული საკვები-თხილეული თაფლში. ბაზარზე შესვლა და თავის დამკვიდრება არ გაგვჭირვებია. რა თქმა უნდა, ჩემ გვერდით ოჯახის წევრები და სხვა ბევრი კარგი და გონიერი ადამიანი დგას, რომელთა აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მათ დიდი წვლილი მიუძღვით კომპანიის განვითარებაში.
ყოველი წარმატებისა თუ მცირე წარუმატებლობის წინაშე, რა გაქვთ სათქმელი საკუთარი თავისთვის?
საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ დასახული მიზნებისკენ სვლა არასდროს შეწყვიტოს. მახსენდება ერთი ძალიან გონიერი ადამიანის ნაამბობი: როდესაც ბავშვი ვიყავი და ეზოში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი, ისე გავერთე თამაშში და ისე ძალიან მინდოდა გოლის გატანა, რომ ვერ ვგრძნობდი დაღლილობას. თუ წავიქცეოდი, მაშინვე წამოვდგებოდი და თამაშს ვაგრძელებდიო. ვფიქრობ, ადამიანიც ასე უნდა იყოს „გართული“ თავისი საქმიანობით, არ უნდა დაიღალოს და რაც უნდა მტკივნეულად დაეცეს, აუცილებელია წამოდგომა და „გოლის გასატანად თამაშის გაგრძელება“.
გვიამბეთ „სამეფო თაფლის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პროდუქციის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ბაზარზე მყარად შედგომა და მალევე საკუთარი უცვლელი ნიშის დაკავება?
ჩვენი ბრენდით გამოდის სხვადასხვა სახეობის ნატურალური თაფლი, ასევე ჩვენი ინოვაციური პროდუქცია − ფიჭიანი თაფლი და ენერგეტიკული საკვები-თხილეული თაფლში. ასევე მომავალში დაგეგმილია სხვა ქართული ნატურალური პროდუქტების წარმოება.
ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიები საკუთარ მომხმარებლებთან გულახდილები არ არიან, ეუბნებიან, რომ მათი პროდუქტი ხარისხიანია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გადის დრო და ასეთი კომპანიები ბაზრიდან ქრებიან. არცერთ მომხმარებელს არ სურს იმედგაცრუებული დარჩეს. თაფლი სამკურნალოდაც გამოიყენება. ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენი თაფლი წამლის დასამზადებლად მიაქვთ. ამ და სხვა ადამიანების იმედგაცრუება ჩვენთვის წარმოუდგენელია! საკუთარი პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს და ვფიქრობთ, ადამიანიც და კომპანიაც, კეთილსინდისიერების გარეშე საკუთარი თავისა და სხვისი მტერია.
რამდენად დიდი შრომაა საჭირო პროდუქტის საბოლოო სახით მიღებამდე და როგორი გუნდი დგას ამ საქმიანობის მიღმა თქვენ გვერდით?
კარგ პროდუქტს კარგი ადამიანები ქმნიან. კომპანიაში ძალიან თბილი, დადებითი გარემოა. შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები მთელ სულს და გულს დებენ ამ საქმეში. მე თითოეულ მათგანს დიდ პატივს ვცემ და მინდა მათ საჯაროდ გადავუხადო მადლობა.
რას მიიჩნევთ უკვე მიღწეულ მთავარ წარმატებებად და რას გეგმავთ სამომავლოდ?
წარმოიდგინეთ, რამხელა შრომაა საჭირო, რომ თუნდაც ერთი ადამიანის ნდობა და კეთილგანწყობა მოიპოვო. როგორც ბრძენი ადამიანები ამბობენ, ნდობის მოპოვებას წლები სჭირდება, მის დაკარგვას კი წამი. „სამეფო თაფლს“ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს, გვენდობიან და კეთილად არიან განწყობილი ჩვენ მიმართ. ეს კი ჩვენთვის წარმატებას ნიშნავს. გულახდილად რომ ვთქვა, ასე მალე თუ ამდენ მომხმარებელს გავიჩენდით, ვერ წარმოვიდგენდი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
მომავალში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. რაც მთავარია, მათ იმედებს არ გავუცრუებთ. 2020 წლისთვის დაგეგმილია რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაში ჩაშვება, რასაც დარწმუნებული ვარ „სამეფო თაფლის” მოხმარებლები კვლავაც მეგობრულად შეხვდებიან.