ძალიან მალე ყველასთვის საყვარელი დღესასწაული – ახალი წელი შემოაბიჯებს. ყველანი წინასაახალწლო ფუსფუსში ვართ და განსაკუთრებით ვემზადებით ახალი წლის მთავარი და განსაკუთრებული ატრიბუტისთვის – საახალწლო სუფრისთვის. ქართულმა OK!-იმ სიამოვნებით იზრუნა თავისი ძვირფასი მკითხველებისთვის საუკეთესო წინასაახალწლო განწყობის შექმნაზე. ჩვენ საქართველოს ორ გამორჩეულ და ნიჭიერ შეფმზარეულს ვთხოვეთ გაეზიარებინათ ერთი საახალწლო რეცეპტი, რომელიც საშობაო და საახალწლო დღეებს კიდევ უფრო გემრიელს და დასამახსოვრებელს გახდის თქვენთვის.
შეფმა მერიკო გუბელაძემ სიამოვნებით გაგვიმხილა საახალწლო სუფრის ნამდვილი გვირგვინის – საცივის რეცეპტი, რომელიც ალბათ ყველასათვის საინტერესო იქნება, ხოლო შეფ გურამ ბაღდოშვილის სურნელოვანი და შინ საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი პურის ოქროს ნაჭრები ნამდვილად გამორჩეულს, სურნელოვანს და ორმაგად მყუდროს გახდის თქვენს საახალწლო სუფრას.
საახალწლო საცივი მერიკო გუბელაძისგან.
ინგრედიენტები:
• 1 ცალი ინდაური
• 600 გრ გატარებული ნიგოზი
• 3-4 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
• 3-4 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
• 5 ცალი კვერცხის გული
• 1 ს/კ ხმელი ქინძი
• 1 ს/კ უცხო სუნელი
• 1 ს/კ ყვითელი ყვავილი
• 0.5 ჩ/კ დარიჩინი
• მწიკვი მიხაკი
• 3 ს/კ ღვინის ძმარი
• 5-6 ღერი ახალი ქინძი
• 1 ცალი პრასი
• მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი:
მოვხარშოთ ინდაური. ნახარში გავაცივოთ, მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ ხახვი.
ცალკე ერთად ავურიოთ ნიგოზი და სუნელები, დავამატოთ ნიორი და ნელ-ნელა ვამატოთ კვერცხის გულები, თან კარგად მოვზილოთ მასა ხელით 10-15 წუთის განმავლობაში. მიღებულ ნიგვზის მასას დავუმატოთ მოთუშული ხახვი, ძმარი, კარგად შევურიოთ და ნელ-ნელა ვამატოთ ინდაურის ბულიონი სასურველი სისქის მიღებამდე. მიღებული მასა კარგად დავაბლენდეროთ და შემდეგ გავატაროთ საცერში. მიღებული მასა შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, შევახარშოთ პრასი და ქინძის კონა (რომელსაც მოგვიანებით ამოვიღებთ ქვაბიდან), შევაზავოთ მარილით, პილპილით და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ. ინდაური დავჭრათ სასურველ ფორმებად, მოვბრაწოთ ღუმელში და ჩავაწყოთ საცივში. მოვასხათ ნიგვზის ზეთი.
პურის ოქროს ნაჭრები
ინგრედიენტები:
• 1 ცალი ფორმის პური, დაჭრილი ნაჭრებად,
• 5 კვერცხის გული,
• 300 გრ რძე,
• 200 გრ შაქარი,
• 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფქვილი,
• 0/5 შეკვრა ვანილის არომატი,
• 100 გრ ზეთი ან კარაქი,
• 2 ცალი დარიჩინის ჩხირი,
• 100 გრ ტკბილი ღვინო,
• 1 ცალი ლიმონის ქერქი.
(400 გრ კენკრა ან ბანანი შეგიძლიათ მოსართავად)
მომზადების წესი:
ავთქვიფოთ 5კვერცხი, ვანილი და 100 გრ შაქარი, დავამატოთ 300 გრ რძე და პური 2 წუთით ჩავალბოთ ამ მასაში.
შევწვათ ტაფაში დაბალ ცეცხლზე, რომ არ დავწვათ.
ცალკე ჯამში მოვათავსოთ მორჩენილი შაქარი, დარიჩინის ფქვილი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ცხელი, შემწვარი პურის ნაჭრები ამოვავლოთ დარიჩინიან შაქარში და მოვათავსოთ გობში.
ვადუღოთ ტკბილი ღვინო დარიჩინის ჩხირებთან და ლიმონის ქერქთან 10 წუთის განმავლობაში და მოვასხათ ზემოდან გობში მოთავსებულ შემწვარ პურის ნაჭრებს.
შეგვიძლია მოვაყაროთ კენკრა ან შემწვარი ბანანი.