Gochit’s ბურგერი რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა თბილისში და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. როგორც OK! Magazine Georgia-თან საუბრისას Gochit’s–ის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გელა გოჩიტაშვილმა აღნიშნა სექტემრის ბოლომდე კიდევ 3 ფილიალი გაიხსნება თბილისში განახლებული კონცეფციითა და უამრავი საინტერესო იდეით.
გვესაუბრეთ Gochit’s ბურგერის შესახებ, საიდან გაჩნდა იდეა და რა გზა გაიარეთ მის განხორციელებამდე?
იდეა საკმაოდ დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა მე და ჩემს ძმას, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ მეგობრებისთვის და სხვადასხვა პიკნიკებისთვის ვამზადებდით ბურგერებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავწყვიტეთ მოგვეძებნა ადგილი, სადაც ჩვენი დიდი ხნის სურვილსა და იდეას ხორცს შევასხამდით და უგემრიელეს ბურგერებს შევთავაზებდით საზოგადოებას.
მალევე ვიპოვეთ ადგილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ გვქონდა გამწოვის პრობლემა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჯერჯერობით სხვა რამ გაგვეკეთებინა და გავხსენით ალკოჰოლის, მაღაზია რომელმაც არ გაამართლა. გარკვეული დროის შემდეგ კვლავ მივუბრუნდით ჩვენს თავდაპირველ იდეას, თუმცა გამწოვის პრობლემიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ სამზარეულოები სხვა შენობებში გაგვეკეთებინა და შეფუთული ბურგერები გადმოგვეტანა კონკრეტულ ობიექტზე.
ჩვენმა ბურგერებმა ძალიან მალე მოიპოვეს პოპულარობა, რადგან ასეთი სტილით საქართველოში არავინ არ ამზადებს. ეს არის არაკლასიკური, ამერიკული სტილის ბურგერები, რომელიც ძალიან ტენდენციურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ დაგემოვნება.
ამ ეტაპზე ჩვენს ფილიალებში მიმდინარეობს რემოტი. მოვიპოვეთ ნებართვა, რომ დაგვეყენებინა გამწოვი, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სულ სხვანაირად გავაგრძელოთ მუშაობა.
რომელ პროდუქტებს იყენებთ ბურგერის დასამზადებლად?
ჩვენ ამ კონკრეტული ბურგერების დამზადებით ძალიან დიდ რისკზე წავედით, რადგან პროდუქტის თვითღირებულება ძალიან მაღალია აქედან გამომდინარე ბურგერის ფასებიც შესაბამისია.
ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქართული საქონლის ხორცს, რომლის ფასიც ერთ კილოგრამზე 20 ლარი გამოდის. პურსაც ჩვენ ვაცხოთ, აქამდე სხვადასხვა საცხობებთან ვთანამშრომლობდით, მაგრამ შესაბამისი შედეგი რომ ვერ მივიღეთ გადავწყვიტეთ თავად დაგვეწყო გამოცხობა. ეს არის კარტოფილის პიურეზე და რძეზე დამზადებული პური, რომელიც ისევ და ისევ ჩვენ გვაქვს ექსკლუზიურად.
გარდა ბურგერებისა კიდევ რისი დაგემოვნებაა შესაძლებელი Gochit’s-ის ფილიალებში?
ახლა ვაფართოვებთ მენიუს და ექსკლუზიურად შემოგვქვს ტკბილი კარტოფილი, რომელიც მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე გვაქვს ფრი, ყველის ბურთულები, ყველის ჩხირები, მოცარელას ცხარე ბურთულები, ქათმის ფრთები და ეს ყველაფერი ბელგიიდან ჩამოგვაქვს. გვინდა ყველაფერი ექსკლუზიური და განსხვავებული იყოს ჩვენთან.
Gochit’s-ის ფილიალებში ბურგერების 12–13 სახეობაა წარმოდგენილი და ნელ-ნელა კიდევ გავაფართოვებთ და გავამრავალფეროვნებთ ჩვენს სამზარეულოს. ასევე გვაქვს მინიატურული ბურგერები, რომელიც შედარებით ნაკლები ფასი ღირს და არის დიდი ბურგერების ანალოგი.
რეცეპტებზე ვინ იმუშავა?
რეცეპტებზე პირადად მე ვმუშაობდი დაახლოვებით ორი თვის განმავლობაში, ჩემი წლების გამოცდილება და ცოდნა ერთად შევკრიბე და შევქმენი კონცეპტი, რომელიც გამოვიყენე ბიზნესში და საკმაოდ წარმატებულადაც წარიმართა.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ამ ეტაპზე გვაქვს 4 ფილიალი: ვაჟა ფშაველაზე, დიღომში, გრიშაშვილის ქუჩაზე და ძალიან მალე გავხსნით მეოთხე ფილიალს ისთ ფოინთში. ამ რიცხვს მომავალი წლის ბოლომდე გავაორმაგებთ და ეტაპობრივად თბილისის ყველა უბანს მოვიცვამთ.
საბურთალოს ფილიალში გახსნის შემდეგ დარბაზში წარმოდგენილი იქნება „ფლეისთეიშენი“, რათა მოლოდინის პროცესი მოსაბეზრებელი არ იყოს მომხმარებლებისთვის.
გვქონდა გარკვეული მინუსები რის გამოც კლიენტები უკმაყოფილოები იყვნენ, ჩვენ ეს ყველაფერი დავხვეწეთ და სრულიად ახალი და განსხვავებული სტრატეგიით ვუბრუნდებით მომხმარებლებს.
ვაჟა ფშაველას ფილიალში იგეგმეგბა, რომ ბურგერების დამზადება ხალხის თვალწინ მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები დაინახავენ როგორ მზადდება ბურგერები, გვექნება ყველაფერი გამჭირვალე და ღია.
თითოეულ ობიექტზე გვექნება ოფიციალური გახსნები და მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს შევთავაზებთ.